ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ დეპუტატმა დოდო ხაჩიძემ დატოვა.

„იმის გამო, რომ ფრაქციაში სამ წევრზე ნაკლები დარჩა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ეს ფრაქცია გაუქმებულად ცნო“, – განმარტავს ამ კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში.

რატომ დატოვა დეპუტატმა დოდო ხაჩიძემ ფრაქცია, ამის გასარკვევად თავად მას დავუკავშირდით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებიდან“ კენჭს ვიყრი ნადაბურისა და ხევის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – შეუსაბამობა იყო, კონსერვატორები აღარ არიან „ქართულ ოცნებაში“ და ამიტომ დავტოვე ის ფრაქცია“.

გაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარე გივი თავზარაშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

ხარაგაულის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ 2017 წლის დეკემბერში შეიქმნა. დოდო ხაჩიძე, რომელიც ამ დრომდე ნადაბურის თემის მაჟორიტარია, ამ ფრაქციაში 2018 წლიდან მარტიდან გაწევრიანდა.

პარტია „კონსერვატორები“ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოეყო.

გაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარე გივი თავზარაშვილი 31 ივლისს გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ხარაგაულის ოფისის გახსნაზე იმყოფებოდა.

„გივი თავზარაშვილი ჩემი ბიძაშვილია, – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი, – ის ამ პარტიის არც მხარდამჭერია და არც წევრი. პარტიის ოფისის გახსნაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ გიორგი გახარიას პირადად იცნობს და მისი ნახვა სურდა“.

ამ დრომდე ხარაგაულის საკრებულოში ექვსი ფრაქცია მოქმედებდა – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, „ქართული ოცნება – მრეწველები“, „მოძრაობა ხარაგაულისთვის“, „თვითმმართველობა ხალხისთვის“, „ძალა ერთობაშია“.

ნინო კაპანაძე