სოციალური პრობლემები, ოპერაციებისა და მედიკამენტების შესაძენად ფინანსების არქონა, უწყლობა, მოუწესრიგებელი საუბნო გზები – ხარაგაულელები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალური სოციალური პროგრამები გრძელვადიან ეკონომიკურ აქტივობებს არ გულისხმობს და კონკრეტულ სიტუაციაში მოქალაქეებს პრობლემებს ერთჯერადად უგვარებს.

მისივე თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ხარაგაულის ეკონომიკური განვითარების გეგმიდან, რომელიც 2019 წელს ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავდა, ჯერჯერობით, მოსახლეობას ვერავითარი სარგებელი ვერ მოუტანა.

კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მერის 2020 წლის რიგგარეშე არჩევნებამდე, განაცხადა, რომ ქროლში მინის ქარხნის მშენებლობა იგეგმებოდა, რაც სამუშაო ადგილებს შექმნიდა. ქარხანა ამ დრომდე არ ჩანს.

ქროლში ქარხნის ამოქმედების შეფერხების თაობაზე კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „სხვადასხვა უწყებების, სამინისტროებისა თუ სააგენტოების მხრიდან შეცდომებია დაშვებული. სატყეო სააგენტომ წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე წაბლის ხის გამო ლიცენზიის გაცემისგან თავი არ უნდა შეიკავოს იმ დროს, როცა მუნიციპალიტეტში სოლიდური ინვესტიცია შემოდის. შეიძლება ამ დროს ინვესტორს წაბლის ხეების სხვაგან გაშენება დაავალო.

სატყეო სააგენტოს მივმართე და მიპასუხეს, რომ ბიზნესჯგუფმა ქროლში ქარხნის აშენებისთვის ლიცენზიის მოტხოვნით ისევ უნდა მიმართოს და საკითხს დამატებით განიხილავენ. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, ამ კომპანიამ ინტერესი ისევ გამოხატოს“.

კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, განახლებული რეგიონების პროგრამით დაბა ხარაგაულში კინოთეატრის ტერიტორიიდან რკინიგზის სადგურის ხიდამდე ყველა შენობის იერ-სახე განახლდება, გარდა სავაჭრო ცენტრისა და ყოფილი სახელგამის შენობისა.

„სავაჭრო ცენტრის ვიზუალური დათვალიერებისას სპეციალისტებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურჩიეს, რომ შენობა ავარიულია და ამ შენობის რეაბილიტაციაზე თანხა არ დახარჯონ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – თუ შენობის დემონტაჟი მოხდება, სამინისტრო გვპირდება, რომ ამ ადგილზე ახალ რეკრეაციულ ზონას მოაწყობს. შემოგვთავაზეს ასევე, რომ შენობის მესამე სართული მოიხსნას.

ჩვენი ინტერესია შენობის მთლიანად შენარჩუნება.

ამიტომ მოვიწვევთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტებს ამ შენობის მდგომარეობის შესასწავლად. თუ შენობა ისეთი ავარიულია, რომ იქ მყოფი მოვაჭრეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაშინ სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს თანხა უნდა გადაუხადოს და იქ ახალი შენობა აიგოს. თუ ექსპერტები დაადასტურებენ, რომ სავაჭრო ცენტრის რეაბილიტაცია იმაზე ძვირი არ დაჯდება, ვიდრე ახლის აგება, მაშინ შევეცდებით, რომ ეს შენობა შევინარჩუნოთ“.

ხარაგაულში ერთ წელზე მეტია ვეღარ ფუნქციონირებს ხარაგაულისა და კიცხის აგრარული ბაზრები. სოფლის მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაცია ქუჩაში უწევს. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაში მოვაჭრეებს „სამართლებრივი ფორმის გამონახვას დაჰპირდა“.

„ხარაგაულში აგრარული ბაზრის ფუნქციონირების საკითხს დავუბრუნდებით მაშინ, როგორც კი ბაზრის მიმდებარედ გზა მოეწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დამთარდება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – იმ ტერიტორიის დაყოფაზე ვფიქრობთ, რომ კომპაქტური, პატარა ბაზარი მოეწყოს.

რაც შეეხება კიცხს, ეკონომიკის სამინისტროს მისი პრივატიზაციის მიზნით მიმართეს. ქონების მართვის სააგენტო ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკითხება. ამ საკითხზე მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელებთ და თანხმობას ბაზრის ტერიტორიის გაყიდვაზე მხოლოდ მოსახლეობის სურვილის მიხედვით გავცემთ“.

წელს ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემების მოსაწესრიგებლად 300 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ თანხით წყლის მილებსა და ავზებს შეიძენენ, ასევე გეგმავენ ჭაბურღილების მოწყობას.

მერი აპირებს, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობისთვის უწყვეტი ხარისხიანი წყალმომარაგება მუნიციპალურ ააიპს – „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას“ დაავალოს.

„ცვლილებები შეგვაქვს ამ ორგანიზაციის დებულებაში, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მომავალში „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება“ იქნება პასუხისმგებელი მოუაროს სოფლებში არსებულ წყლის სისტემებს.

ხარაგაულის მერიაში, მოსახლეობა, ძირითადად სოციალური პრობლემებისა და სოფლის საჭიროებების მოსაგვარებლად გვაკითხავს. ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ მათთან, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ თუ რამე ვერ კეთდება, მერთან მოსვლით გადაწყდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტს ვცდილობთ, როცა მოქალაქეები ან მოქალაქეთა ჯგუფი გვესაუბრება. გაცილებით მეტად ვინდომებ, როცა პრობლემებზე უშუალოდ მოქალაქეები მესაუბრებიან“.

ნინო კაპანაძე