5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ დღეს სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს. პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის სახლს წითელი საღებავი შეასხა.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს გამოეხმაურა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.

„ეს უზნეო დედაკაცი, ვითომ ტიპობს და თავისი ოპერატორი მარკის ასაწევად იღებს. დალენჩებულო ქმარო, მიხედე ატეხილს“, – წერს მანანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

ამ ფაქტს ხარაგაულის საკრებულოს წევრი, ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ინგა მაღრაძე საკრებულოს ბიუროს 19 ივლისის სხდომაზე გამოეხმაურა.

„მე, როგორც საკრებულოს წევრი და როგორც ქალი, წუხილს გამოვთქვამ ამ საჯარო, დისკრიმინაციული კომენტარის გამო, – ამბობს ინგა მაღრაძე, – მით უფრო, რომ ეს კომენტარი ეკუთვნის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ასევე არის ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.

მეტი დაფიქრება გვმართებს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ქალთა პოლიტიკური აქტივობა. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით – პოლიტიკურად აქტიურმა ქალებმა, ჩვენი მოქმედებით ძალადობა და დისკრიმინაცია არ უნდა წავახალისოთ.

მეც არაერთხელ ვყოფილვარ ხარაგაულის საკრებულოში დისკრიმინაციის მსხვერპლი, როცა მიმითითებდნენ, რომ „პატარა ბავშვი მყავდა“ და მის „მოსავლელად მაგზავნიდნენ“. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია და ჩვენი საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვას ხელს უშლის.

როგორი იქნება ხარაგაულის მომავალი საკრებულო, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, მაგრამ ახლა ამ მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ და ჩემი პოზიცია რომ არ გამომეხატა, საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნებოდი“, – ამბობს ინგა მაღრაძე.