საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, პროპორციულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ყოველი მეორეს ნაცვლად, ყოველი მესამე იქნება.

ეს ცვლილება ქვეყნისთვის უკანგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია ყოფილ პარლამენტარს, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გუგული მაღრაძეს.

„გენდერული კვოტირების შესახებ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ადგილობრივ არჩევნებში, პროპორციულ სიებში, ყოველი მეორე სხვა სქესის შეყვანა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო“, – წერს გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში, – გაუგებარია, რატომ აპირებენ ამ ნორმის გაუარესებას?!

რით ხსნის გუგული მაღრაძე ქვოტირების სისტემის ცვლილებას, რატომ არის ქალის პოლიტიკაში და განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობაში საქმიანობა მნიშვნელოვანი, – ამ საკითხებზე სასაუბროდ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია გუგული მაღრაძეს დაუკავშირდა.

„ჩემი აზრით, ძალიან მარტივია – მამაკაცებს არ უნდათ ძალაუფლების დათმობა, სხვა ახსნა ამას არ აქვს, – ამბობს გუგული მაღრაძე, – ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერი მამაკაცები, რომელთა საარჩევნო სიებში შეყვანა სურთ.

თქმა იმისა, რომ ადრე პროპორციული სიით 21-22% პროცენტი ქალი ხვდებოდა საკანონმდებლო ორგანოში და ახლაც, რადგან პროპორციული სია გაიზარდა, ქალების რიცხვიც გაიზრდება, არ არის სწორი. ბალანსი არის 50/50-ზე. რაც უფრო მივუახლოვდებით ამ ბალანსს, უფრო კარგია ქვეყნისთვის.

მე თუ მკითხავთ, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაცილებით მეტი ქალი უნდა იყოს, ვიდრე სხვა არჩევით ორგანოში. ქალები უფრო აქტიურები არიან, ადგილობრივ პრობლემებს ძალიან კარგად ხედავენ, მეტი საკითხის მოგვარება შეუძლიათ და მეტი წვლილის შეტანა სოფლის, მუნიციპალიტეტის კეთილდღეობაში, ვიდრე მამაკაცებს.

უკანდახევაა ის ცვლილება, რასაც ახლა პარლამენტი გეგმავს, რადგან არსებული წესი მოწონებულია, ხალხი ამ თვალსაზრისით მომზადებულია. ამ დროს ქალს, თვითმმართველობაში მოსახვედრად, გზას უკეტავ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან მასკულინური კულტურაა და კაცებს ურჩევნიათ, გვერდით მეტი კაცი ჰყავდეთ.

პოლიტიკა ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს უნდა ასახავდეს. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტი ქალები არიან. ამიტომ, როდესაც ქალები არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში თუ სხვა არჩევით ორგანოში, გადაწყვეტილებებში მოსახლეობის ინტერესები უფრო მეტად აისახება.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც ქალი ეკონომიკაშია ჩართული, ქვეყანა მეტად გამართულია და მეტი დოვლათი გროვდება.

დემოკრატია თანასწორობას ნიშნავს. როცა ქალი საკანონმდებლო ორგანოში მცირედ არის წარმოჩენილი, ეს არ არის დემოკრატია.

2012 წელს სოფლებში დავდიოდით და მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ სოფლისთვის 10 ათასი ლარი გამოიყოფოდა და მოსახლეობა მას თავისი სურვილისამებრ განკარგავდა. მახსოვს, მამაკაცებს იმ თანხით სარიტუალო ცენტრის მოწყობა უნდოდათ, სადაც ქორწილებსა და ქელეხებს გადაიხდიდნენ. ქალები კი საბავშვო ბაღების გახსნას მოითხოვდნენ, რადგან ბავშვების დამტოვებელი ეყოლებოდათ, იმუშავებდნენ და მატერიალურ დოვლათს შექმნიდნენ.

განსხვავებული დამოკიდებულებები თუ არ მოხვდა გადაწყვეტილებაში, ისე ქვეყანაში წინსვლა არ იქნება. ის ქვეყნები, სადაც ხელისუფლებაში გენდერული ბალანსი დაცულია, უფრო განვითარებულები არიან“.

ნინო კაპანაძე