მიუსაფარი ძაღლები ხარაგაულის ქუჩებში ყოველთვის იყვნენ, თუმცა მათი რიცხვი პანდემიის პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. ფინანსური კრიზისის ფონზე ადგილობრივების გარკვეულმა ნაწილმა თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ქუჩისთვის გაიმეტა.
დაკეტილი რესტორნების, კაფე-ბარებისა და სარიტუალო დარბაზების გამო მიუსაფარ ძაღლებს გამოკვების პრობლემა შეექმნა. ისინი მხოლოდ ერთეული კეთილი ადამიანების იმედად აღმოჩნდნენ.
ხარაგაულელები ამბობენ, რომ ამ კუთხით ადგილობრივი ხელისუფლებისგან გადადგმული ნაბიჯი არასაკმარისია და პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. ხარაგაულის ქუჩებში მშიერი ძაღლები ბრბოდ გადაადგილდებიან. ზოგიერთი მათგანი აგრესიითაც გამოირჩევა. ეს ადგილობრივებს აშინებს და აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა საქართველოს ბევრ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტშია. გასულ კვირაში ჭიათურის კოლორიტულ ადგილას, – გედების ტბაზე ექვსი გედი დაგლეჯილი იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ეს მიუსაფარი ძაღლებისგანაა. ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ჭიათურაშიც მწვავედ დგას. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ საკითხის მოსაგვარებლად 29 736 ლარია გამოყოფილი. ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლაშა ტაბატაძე ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ჭიათურიდან ოზურგეთში, ორი კვირის ინტერვალით, 20-20 ძაღლი მიჰყავს. მათ სხვადასხვა ტიპის აცრა და სტერილიზაცია-კასტრაცია უტარდება.
ასეთ ძაღლებს ყურზე სპეციალური ნიშანი უმაგრდება, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს კარგი ნაბიჯია, მაგრამ ამის შემდგომ ეს ძაღლები უყურადღებოდ რჩებიან.
ხარაგაულში მიუსაფარი ძაღლებისთვის გამოყოფილი თანხა, ჭიათურასთან შედარებით, მცირეა და 10 400 ლარს შეადგენს. ერთი ძაღლის მომსახურებისთვის 120 ლარი იხარჯება. ერთი თვის წინ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა. სამსახურის უფროსი ბესიკ კვირიკაშვილი ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩოხატაურშია რეგისტრირებული და მიუსაფარი ძაღლებიც იქ გადაჰყავს. ძაღლებს აქაც იმ პროცედურებს უტარებენ, რასაც ჭიათურის შემთხვევაში.
„ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორ ეტაპად 40 ძაღლი უკვე წაიყვანა, – ამბობს ბესიკ კვირიკაშვილი, – იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძაღლი აგრესიით გამოირჩევა, მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს. აღნიშნული კომპანია ასეთ ძაღლს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანს.
იქ მას სხვადასხვა ტიპის აცრა გაუკეთდება იმისათვის, რომ ის მოსახლეობისთვის უსაფრთხო იყოს. მიუსაფარი ძაღლების გამოკვება ჩვენ არ გვევალება“.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე სოციალურ ქსელში ხარაგაულელები აქტიურად მსჯელობენ. ამ დისკუსიაში საკრებულოს წევრებიც ჩაერთვნენ. ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს მიაჩნია, რომ ამ პრობლემას მუნიციპალური თავშესაფრები მოაგვარებს.
„მიუსაფარი ძაღლების სხვა მუნიციპალიტეტში წაყვანა და უკან დაბრუნება პრობლემას ვერ წყვეტს. არა მგონია, მათთვის მუნიციპალური თავშესაფრის მოწყობა კოლოსალურ თანხებთან იყოს დაკავშირებული, ჩვენი ხარჯიანობის ფონზე“, – ამბობს ინგა მაღრაძე.
მიუსაფარი ძაღლები რომ მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა, ამას ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ადასტურებს და ამბობს, რომ ამ თემაზე ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს.
„პროექტიც არსებობს, მაგრამ სანამ დეტალები არ დაზუსტდება, ამაზე წინასწარ საუბარი არ მსურს, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – მიუსაფარი ძაღლების პრობლემა არა მხოლოდ დაბაში, არამედ სოფლებშიც მწვავედ დგას. მათი რიცხვი დღითიდღე იმატებს.
არდადეგები დაიწყო. ბავშვები, ძირითადად, გარეთ არიან. მეშინია, რომელიმე მათგანი მიუსაფარმა ძაღლებმა არ დაკბინოს. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. მე, ჩემის მხრივ, ამ ძაღლებისთვის საკვებს ვყიდულობ ხოლმე. მეცოდებიან.
ძაღლების სხვა მუნიციპალიტეტში გადაყვანა და შემდეგ ისევ ხარაგაულის ქუჩაში გაშვება ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ხარაგაულში ავთო ვეფხვაძემ მითხრა, რომ ცოფზე აცრის იმ ძაღლებს, რომლებიც აგრესიულები არ იქნებიან.
ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება დადებული 10 400 ლარზე. ბიუჯეტიდან გამოყოფილი ეს თანხა თავშესაფრის აშენებისთვის საკმარისი არ არის. გვინდა მოვიძიოთ სპონსორები. ეს საკითხი წინა კვირაში გავიარეთ.
მაქვს ის ინფორმაციაც, რომ იმერეთის რეგიონში უნდა აშენდეს ერთი დიდი თავშესაფარი, სადაც 12 მუნიციპალიტეტიდან გადაიყვანენ ძაღლებს. თუმცა, არ ვიცი რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია“.
ჭიათურისა და ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსებიც გამოსავალს თავშესაფრების მოწყობაში ხედავენ.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი