პანდემიამ ადამიანთა ყოველდღიურობა შეცვალა, რამაც თავის მხრივ ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც მოახდინა გავლენა.

ადამიანების ნაწილი მომატებულ შფოთვიანობას განიცდიან; ამბობენ, რომ დეპრესიულები გახდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულებები გაუჩნდათ.

როგორ დავძლიოთ ასეთი მდგომარეობა – ამ საკითხზე ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე გვესაუბრება:

„შფოთვის დონის მომატება პანდემიამ გამოიწვია, – ამბობს ნოდარ სარჯველაძე, – პანდემია საყოველთაო პრობლემაა, რომელიც ყველას შეეხო – ნებისმიერი პროფესიის, ასაკისa თუ წარმომავლობის ადამიანს და მათი ცხოვრება რამდენადმე შეცვალა. სწორედ ამის გამო მოიმატა შფოთვამ.

რჩევა მარტივია – უნდა გავიდეთ გარეთ, ბუნებაში, ვისეირნოთ, ვიმოძრაოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივად. ყოველთვის, ნებისმიერი პრობლემის მოგვარების თავი და თავი მოძრაობაა. მნიშვნელოვანია, არ გაჩერდე. ეს ეხება ყველას – ახალგაზრდასაც და ასაკოვანსაც და არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანს.

ინდიფერენტული განწყობა უფრო მეტად დეპრესიის შემდეგ ძლიერდება. დეპრესიის ბევრი სახეობა არსებობს. დეპრესია, შესაძლოა, იყოს ძლიერი და სუსტი. მას ბევრნაირი გამოხატულება აქვს – მოტივაციის დაკარგვა, გულაცრუება, გულგრილობა, იმედების მსხვრევა. სტატისტიკის მიხედვით, ათი ადამიანიდან სამი დეპრესიით იტანჯება.

ინდიფერენტულობა ხშირ შემთხვევაში მოტივაციისა და ენერგიის დაკარგვასთანაა დაკავშირებული. დილით, საწოლიდან ამდგარი ადამიანი თავს დაღლილად გრძნობს. აუცილებელია, რომ ამ მდგომარეობას როგორც გამოწვევას, ისე შეხედო და გამოწვევასთან გამკლავება ისწავლო.

გამოწვევის გამკლავების ბევრნაირი საშუალება არსებობს, – როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი. უნდა გაძლიერდე და ამით გაუმკვლავდე, შენს საქმეს „მიაწვე“; ინდეფერენტულობა დაძლიო და გაიჩინო რაღაც ახალი საქმე, თუნდაც პატარა, უმნიშვნელო, მაგრამ ახალი.

უნდა წაიკითხო წიგნები, რომლისთვისაც აქამდე ვერ იცლიდი; ან დაიწყო უცხო ენის შესწავლა. ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, უცხო ენა ყველა ჩვენგანს გვჭირდება. პირველ დღეს სწავლას 5 წუთი უნდა დაუთმო, მეორე დღეს – 6, მესამეს – 7, ოღონდ აუცილებელია დღე არ ჩააგდო. პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდი საქმეების კეთებაა შესაძლებელი.

სტრესის დასაძლევად ყოველდღიურად პატარა ნაბიჯები უნდა გადადგა, მაგრამ უწყვეტად, არ უნდა შეჩერდე, არც ერთი დღე არ უნდა ჩააგდო. სულ ცხოვრების ნაკადში უნდა იყო და მაშინ იოლია ინდეფერენტული და სტრესული სიტუაციების დაძლევა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთმხარდაჭერას. სამწუხაროდ, ახლა ყველა ერთმანეთს ემტერება, პოლიტიკა არის ასეთი, სიძულვილით არიან სავსე ადამიანები და სამწუხაროდ, ეს მათვე უბრუნდებათ, ბუმერანგივით.

ქუჩაში ადამიანი მიდის, – ხედავ რომ არ არის კარგად.  ჯიბეში ხელი ჩაიყო და დაინახე, წამალი ამოიღო. შენ უნდა მიხვიდე, წყალი უნდა მიუტანო. ყველა ადამიანი საჭიროებს დახმარებას სხვადასხვა სიტუაციაში.

ბოლო დროს უიმედობის გრძნობაც მოერიათ ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, სხვებისთვის იმედიანი დამოკიდებულებების გაზიარება. შენი იმედიანობა სხვას უნდა გადასდო, განავრცო. უნდა შეძლო და პატარა რამით გახარება ისწავლო – თუნდაც იმით, რომ გუშინ წვიმა იყო და დღეს გამოიდარა. თითქოს ხომ დიდი არაფერია, მაგრამ შენი დადებითი განწყობა უნდა გამოხატო, – ნახე, შეხედე, როგორ ამოვიდა მზე და დათბა. ათასი მიზეზი შეიძლება მოიფიქრო.

ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: უინსტონ ჩერჩილმა, როცა მან კარიერა დაასრულა და 90 წლის ასაკში პენსიაში გავიდა, ლექციის წასაკითხად მიიწვიეს. მივიდა, ავიდა ტრიბუნაზე, დადგა, გაიმართა წელში და თქვა: „არასდროს, არასდროს, არასდროს არ დანებდე“ და ლექციაც დასრულდა.

თამთა გოგოლაძე