მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოდან მოქმედებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ რეფორმის ფარგლებში მიწა 952 032 მოქალაქემ დაირეგისტრირა. მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 18 219 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებს საკუთრების დასარეგისტრირებლად მიწის აზომვითი ნახაზი მიაქვთ საჯარო რეესტრში, სადაც ყველა მომსახურება უფასოა.
2022 წლის პირველ იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე, სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასოა.
იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს, მაგრამ მისი ფლობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გაგაჩნიათ და ასეთი დოკუმენტი ვერც არქივსა და სხვა უწყებებში მოიძებნა, მაშინ მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა მიმართოთ.
ხარაგაულში ამ კომისიის თავმჯდომარე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილია.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, კომისიაში მოსახლეობისგან მომართვიანობამ იკლო. განცხადებების სიმცირე კორონავირუსის პანდემიამაც განაპირობა.
-გასულ წლებში, ძირითადად, ახალი რკინიგზის, ძირულა-ხარაგაული-ფონის საავტომობილო გზისა და რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მოსახლეობა მოგვმართავდა, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – იმერეთის მასშტაბით მიწის აღიარების კომისიაზე მომართვიანობით ხარაგაული მეორე ადგილზე იყო.
წელს კომისია სამჯერ შეიკრიბა. განვიხილეთ გასულ წელს შემოსული განცხადებებიც. ადგილზე მივდივართ და ვამოწმებთ ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის მდგომარეობას.
კომისიამ, მიწის ნაკვეთი რომ დაარეგისტრიროს, მასზე აუცილებლად უნდა იდგეს საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა, ან მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მოსაზღვრედ. ამ დრომდე მოქალაქეს ვერ ვურეგისტრირებდით მიწის იმ ნაკვეთს, სადაც ხის ოდა სახლი იდგა.
კანონში შესული ცვლილების თანახმად, ეს მიწის რეგისტრაციისას შემაფერხებელი გარემოება აღარ არის. მხოლოდ შენობა მიწაზე მყარად უნდა იყოს დამაგრებული და დროებითი სარგებლობის ფართს არ უნდა წარმოადგენდეს.
დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მოქალაქეს 2007 წლამდე უნდა ჰქონდეს დაკავებული. მიწის მფლობელმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ორი მოწმის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა მფლობელობის შესახებ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა.
მოქალაქეს ერთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას 10 ლარის გადახდა ნოტარიუსთან მოუწევს, ორი მეზობლის თანხმობის დასამოწმებლად.
კომისია გადაწყვეტილებას განცხადების შემოსვლიდან სამიდან ექვს თვემდე ვადაში იღებს.
2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 22 განაცხადი შემოვიდა. მათგან 5 დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა 6 მოქალაქეს, 11 განცხადება განხილვის პროცესშია.
მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აუცილებლად დაირეგისტრირონ. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს მიწის რომელი ნაკვეთი ეკუთვნის კონკრეტულ მოქალაქეს და რომელი – სახელმწიფოს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი