ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მხოლოდ რამდენიმე კურსი გაიხსნა, – ჭრა-კერვის, თექის, მეფუტკრეობისა და მანქანის მართვის თეორიის შემსწავლელი კურსები.

სკოლის მოსწავლეებისთვის განახლდა ფანდურის სწავლება. შარშან ამ ცენტრში ფეხსაცმლის დიზაინის შემსწავლელი კურსი გაიხსნა, თუმცა, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მეცადინეობების ჩატარებას ხელი შეუშალა.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისმენეჯერი მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ ფეხსაცმლის დიზაინის შემსწავლელი კურსის მეცადინეობები ახლახან განახლდა.

„თუ ეპიდსიტუაცია არ გართულდა, მაისში ქართული კულინარიის კურსს გავხსნით. უახლოეს დღეებში კომპიუტერის შემსწავლელი კურსიც გაიხსნება. დიდი ინტერესია მეფუტკრეობის შესწავლის მიმართ. ჩვენთან სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან მეფუტკრეობის შესწავლით დაინტერესებული ადამიანები. რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვიცავთ“, – ამბობს მანანა ტაბაშიძე.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში 2019 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის – DVV INTERNATIONAL- ის მხარდაჭერით დაფუძნდა.

საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრები 2006 წლიდან ფუნქციონირებს.