ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი აქტიურად მუშაობს ახალ სპექტაკლზე „იმერული რექვიემი“.

ამ სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.

უშუალოდ სცენაზე მუშაობას აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. სპექტაკლის სრულყოფილად მოსამზადებლად მცირე დრო აქვთ, თუმცა, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაყურებელს იმედები გაუმართლონ.

„იმერული რექვიემით წარდგება ხარაგაულის სახალხო თეატრი ყოველწლიურ ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი“.

რეჟისორი, ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ სპექტაკლის იდეა მაშინვე გაუჩნდა, როდესაც რეზო კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესა წაიკითხა.

„მივხვდი, რომ ეს სცენარი ჩვენს დასს მოერგებოდა, რადგან იმერულ ხასიათებში კარგად ჩაჯდებოდა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – დიდი ხანია ამ სპექტაკლზე ვმუშაობთ, მაგრამ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეგვიშალა. იმედია, ახლა მაინც მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. აპრილის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ ზრუნვას კოსტიუმებზე, გრიმზე, მუსიკასა და დეკორაციებზე. ამჟამად ტექსტზე ვმუშაობთ“.

პიესაში მოქმედება თერჯოლაში არსებული ფსიქიატრიული დაწესებულების – ე. წ. „წინწკილას“ გაუქმების გარშემო ტრიალებს. „წინწკილას“ ბინადრები, სულიერად დაავადებული პირები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. ისინი შურა ექთანთან ერთად ცდილობენ თავშესაფრის დაბრუნებას. ამ პიესაში თამაშდება ადამიანური ტრაგედიები.

ხარაგაულის თეატრის დასი და მათი რეჟისორი იმ ფაქტსაც ითვალისწინებენ, რომ, შესაძლოა, სპექტაკლის  პრემიერის გამართვა გარე სივრცეში მოუწიოთ. მათ ამის გამოცდილება აქვთ – ღია სივრცეში სპექტაკლები საქართველოშიც ჩაუტარებიათ და უცხოეთშიც. ირინე ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ სპექტაკლს გარე სივრცე არ მოუხდება.

„საჭიროა სპეციალური განათება და გახმოვანების სისტემა. აპარატურა უნდა გიწყობდეს ხელს, თორემ ისე ძნელია მაყურებელს ხმა მიაწვდინო, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლის გარე სივრცეში დადგმა გამიჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. იმედია, პრემიერა დარბაზში შედგება. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან მაყურებლის წინაშე გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა“.

ახალგზარდა მსახიობების ნაკლებობა და თანამედროვე ტექნიკის არარსებობა –  ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს რეგიონის თეატრებს აწუხებთ. ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ თანამედროვე ტექნიკის ფუფუნება არ აქვთ, თუმცა, მაქსიმალურად ცდილობენ ინოვაციების შემოტანას – სპექტაკლებს, უმეტესად, ანუშკა ჩხეიძის მიერ შექმნილი ელექტრონული მუსიკით აფორმებენ.

ლიკა ხიჯაკაძე