საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანების აცრით, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. აპრილის მეორე ნახევარში კი 80 ათასი დოზის შემოტანა იგეგმება.
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ით ვაქცინაცია შეაჩერა. ამ ფაქტმა ანტივაქსერული კამპანია კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. მოგვიანებით ისიც გახდა ცნობილი, რომ ავსტრიამ, ბელგიამ და ტაილანდმა ამ ვაქცინით აცრა აღადგინეს, რადგან AstraZeneca-ს უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში დარწმუნდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოგვიწოდებს: „ავიცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“. ის ამბობს, რომ კოვიდინფექციის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის და სწორედ ამიტომ წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა იგეგმება. მანამდე კი კვლავ აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდ შეკრებებზე უარის თქმა.
„ჩვენ რომ საზოგადოებაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – საქართველოში დაახლოებით 3,8 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ზრდასრული მოსახლეობის 60% – 1,7 მლნ ადამიანი წელს თუ აიცრა, პანდემიას დავამარცხებთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
ყველა უნდა ვეცადოთ, რომ სოლიდარულები და აქტიურები ვიყოთ. ვაქცინაციის სიკეთეში ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ვაქცინაციაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია.
სწორედ ვაქცინაციამ იხსნა და კიდევ იხსნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. მან დაამარცხა ყველაზე ვერაგი დაავადებები: ყვავილი, პოლიომიელიტი, ცოფი, ასევე სიმსივნის რამდენიმე სახეობა. ვაქცინაციაზე უკეთესი პრევენციული საშუალება ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ არ არსებობს“.
დღეს მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 6 ვაქცინა გამოიყენება: ასტრაზენეკა, ფაიზერი, მოდერნა, რუსული სპუტნიკი, ჩინური სინოფარმი, ჩინური სინოვაკი და ინდური პოლაქსინი.
ამ ვაქცინებით მსოფლიოში დაახლოებით 381 მლნ ადამიანი უკვე აიცრა. აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვაქცინების უმრავლესობა ორჯერად აცრას საჭიროებს. ისინი 3, 6, ან 12 კვირიანი შუალედებით უნდა გაკეთდეს.
ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ვაქცინა 120 დღის შემდეგ უკეთდებათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 18 წელს ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან.
„კორონავირუსმა მსოფლიოში 2,6 მილიონი, მათ შორის საქართველოში 3600 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ. მოსახლეობა დამყოლი უნდა იყოს და ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს. AstraZeneca არის შვედურ-ბრიტანული კომპანია. მათ მიერ წარმოებულმა ვაქცინამ საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანიზაციების კონტროლი გაიარა. მათ შორის ყველაზე მკაცრია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დიდი აქტივობა არ არის. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი ფართოდ არ გაშლილა. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობაა, რაც გავლენას სამედიცინო პერსონალზეც კი ახდენს.
მეორე ეტაპზე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები პირებისა და მათი მომვლელების ვაქცინაცია დაიწყება. ასევე იგეგმება სხვადასხვა ასაკობრივი პირების აცრა.
მესამე ეტაპზე სკოლის პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები აიცრებიან. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ, შესაძლოა, ამ ჯგუფის ვაქცინაციამ წინა ეტაპზე გადმოინაცვლოს.ზაფხულზე კი საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
„ექიმები ყოველთვის იდგნენ იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. ჩვენი ადგილი დღეს ამცრელ უბნებზეა. სამედიცინო პერსონალი თუ არ აიცრება, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების მოხსნა გაჭირდება.
დროულად უნდა ავიცრათ, რომ ჩვენი აცრა სხვებისთვის მაგალითი გახდეს. იჩქარეთ და ყველა დროულად აიცერით“, – ექიმებს აცრისკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
„ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდემია მალე დავასრულოთ,- ამბობს ამირან გამყრელიძე, – ვაქცინა 10 დოზიან ფლაკონებშია განთავსებული. მათი გახსნისას 10 ადამიანი უნდა აიცრას. სწორედ ამიტომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები იქნებიან რეზერვში, რომ ვაქცინა არ გაგვიფუჭდეს.
სულ 3,9 მლნ ვაქცინის დოზა გვჭირდება 1,7 მლნ ადამიანის ასაცრელად. კოვაქს პლატფორმა 1,4 მლნ დოზას გვაძლევს. დანარჩენი კი ქვეყანამ სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებებით უნდა მოიპოვოს“.
გავრცელებულ აზრთან დაკავშირებით, – რომ ვაქცინაციას გვერდითი მოვლენები აქვს და ეს ორგანიზმს აზიანებს, – ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინა უცხო სხეულია, რომელსაც ორგანიზმი აცრისას პასუხობს. ეს პასუხი, შესაძლოა, გამოიხატოს კუნთებისა და სახსრების ტკივილით, დაღლითა და მოთენთვით, ან თავის ტკივილით. ალერგიული ფონი ვაქცინაციიდან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მჟღავნდება. სწორედ ამიტომ პაციენტი, ამ პერიოდის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში ჩერდება და მას სამედიცინო პერსონალი აკვირდება.
„გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალსა და ნივთიერებას. წყალმაც შეიძლება გამოიწვიოს ის. ვაქცინასაც აქვს გვერდითი ეფექტი, თუმცა მისი სარგებელი ასჯერ და ათასჯერ აღემატება გვერდით მოქმედებას.
ვაქცინაცია პოლიტიკის თემა არ უნდა გახდეს. ჩვენ ის უნდა განვიხილოთ როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის მხარდამჭერი აუცილებელი იარაღი. შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ყველა აცრილს არ გამოუმუშავდეს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ აიცრება, საზოგადოებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება“.
ვაქცინაციისადმი ზოგიერთი სასულიერო პირი ნიჰილისტურად არის განწყობილი. ეს ხელს უწყობს ანტივაქსერული მოძრაობის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძე სასულიერო პირებს მიმართავს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს მხარი დაუჭირონ.
„მეცნიერებასა და ეკლესიას შორის ყოველთვის არის თანამშრომლობა. ვაქცინაციის სიკეთე კი მეცნიერულად არის დადასტურებული, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ვთხოვ ყველა სასულიერო პირს, გვერდით დაგვიდექით და ჩვენთან ითანამშრომლეთ. მოსახლეობას თქვენი ექიმებზე მეტად სჯერათ. დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს ერთად მივაღწევთ. ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებსა და სიკვდილიანობას ამცირებს.
ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასოა. ყველაზე დიდი შედეგი კი გადარჩენილი სიცოცხლეებია“.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.