2021 წლის 14 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაცია უნდა მოხდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა ეს დოკუმენტი და დაადგინა, რომ გეგმაში არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

კორუფციის რისკების გაუთვალისწინებლობამ, შესაძლოა, პრობლემები და შეფერხებები შეუქმნას იმუნიზაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ეტაპი, პროცედურა და პასუხისმგებელი პირი/დაწესებულება, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ვაქცინაცია.

დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად და შეცდომების გარეშე ჩატარების უზრუნველყოფას, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს.

თუმცა, პრობლემურია, რომ გეგმაში არ არის სათანადოდ გათვალისწინებული იმუნიზაციის პროცესში ჩართული მრავალი ადამიანისა თუ დაწესებულების მიერ (ამცრელები, მობილური ბრიგადები, ჯანდაცვის ცენტრები, მუნიციპალური ორგანოები და ა.შ.) მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენცია, აღმოჩენა და მათზე რეაგირება.

არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკი კი ნამდვილად არსებობს და მას სამი ძირითადი გარემოება განაპირობებს:

  1. მოთხოვნადი და ძნელად ხელმისაწვდომი პროდუქტის არსებობა – საქმე გვაქვს მოთხოვნად პროდუქტთან – Covid 19-ის ვაქცინასთან, რომლის მოსაპოვებლად ადამიანთა ნაწილმა, შესაძლოა, წესების დარღვევის გზას მიმართოს;
  2. უფლებამოსილების განაწილება მრავალ ადამიანზე / დაწესებულებაზე – იმუნიზაციის პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე, აუცილებელია უფლებამოსილების განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალ ადამიანსა და დაწესებულებაზე. უფლებამოსილ პირთა რაოდენობის ასეთი ზრდა შესაბამისი საპრევენციო ზომების გარეშე ზრდის კორუფციული დარღვევების რისკს;
  3. იმუნიზაციის სისტემაში დამატებით გარე პირთა ჩართვა – როგორც გეგმაშია აღნიშნული, დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა იმუნიზაციის სისტემის არსებული შესაძლებლობის (აცრების რაოდენობა) თითქმის გაოთხმაგება. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში საჭირო იქნება დამატებით ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებისთვისაც ახალი იქნება იმუნიზაციის ან/და სამედიცინო სფერო, რამაც შესაძლოა გაზარდოს არაკეთილსინდისიერად მოქცევის რისკი.

მართალია, ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს პროცესში ჩართული ადამიანებისთვის მასშტაბურ ტრენინგებს, თუმცა ამ ტრენინგების შინაარსობრივ ნაწილში არ არის განსაზღვრული კეთილსინდისიერებისა და დარღვევებზე რეაგირების კომპონენტები.

გეგმით ასევე გათვალისწინებულია ამცრელებისთვის სატელეფონო ცხელი ხაზის არსებობა. თუმცა, აქაც ცხელი ხაზის ფუნქცია პროცედურების სწორად წარმართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა და არა დარღვევების ან არაკეთილსინდისიერი ქმედებების შეტყობინება / მხილება.

გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესის ნაწილია მონიტორინგის და ზედამხედველობის სისტემაც. თუმცა, ეს სისტემაც მიმართულია პროცედურების დაცვაზე, იმუნიზაციის გეგმის შესრულების შემოწმებასა და ვაქცინის გვერდითი მოვლენების ზედამხედველობაზე და არ ითვალისწინებს კორუფციული დარღვევების მართვას.

მისასალმებელია, რომ ვაქცინის მარაგების, დისტრიბუციისა და აცრილთა აღრიცხვის მართვა დიდწილად ელექტრონულად მოხდება. პროცესების ამგვარი ავტომატიზაცია და ელექტრონულ რეჟიმში წარმართვა ნამდვილად ამცირებს კორუფციის რისკებს.

თუმცა, იმუნიზაციის პროცესის მასშტაბისა და მრავალეტაპიანობიდან გამომდინარე, მაინც არსებობს კორუფციისადმი შედარებით მეტად მიდრეკილი ეტაპები, რომელთა წინასწარი გამოვლენა აუცილებელია. მაგალითად, რა ხდება, თუ:

  • რომელიმე მოქალაქე გადაწყვეტს ნაცნობობის, ქრთამის, გავლენის ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ვაქცინის დროზე ადრე მოპოვებას?
  • იმუნიზაციის რომელ ეტაპზეა ამის ყველაზე მეტი რისკი?
  •  და არის თუ არა მოფიქრებული ასეთი შემთხვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების მექანიზმები?

ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის გეგმაში არ არის ნახსენები კორუფციისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ამგვარი რისკები,  იმაზე მიანიშნებს, რომ ამ რისკების შეფასება არ მომხდარა და მათი შესაძლო პრევენციის მექანიზმების მოფიქრების სამუშაო არ ჩატარებულა.

ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ იმუნიზაციის პროცესში კორუფციის რისკების შესამცირებლად აუცილებელია, რომ:

  • ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი / თავი, რომელიც დაეფუძნება კორუფციული რისკების შეფასებას და რომელშიც გაწერილი იქნება როგორც ამ რისკების შემცირების ზომები, ისე დარღვევების დადგენის შემთხვევაში გამოსაყენებელი შესაბამისი სიმკაცრის სანქციები.
  • დაინერგოს იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილების და ასეთ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი. დარღვევების მხილება შესაძლებელი უნდა იყოს ამცრელებისთვის მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
  • იმუნიზაციის გეგმით გათვალისწინებულ ტრენინგებს უნდა დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კორუფციის რისკების შეფასების შედეგებზე და ტრენინგის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • იმუნიზაციის პროცესი წარიმართოს სრული გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, რათა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტის (მაგ: ვაქცინების, სახარჯი მასალების, იმუნიზაციის სერვისების შესყიდვა და ა.შ.) გამოქვეყნებას, ისე აცრილი მოსახლეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას.

COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა განახლებადი დოკუმენტია; დოკუმენტის თანახმად, ახალი ინფორმაციის მიხედვით მათი პერიოდული შეცვლა და გეგმის ადაპტირება იგეგმება. იმედია, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე მოხდება კორუფციის რისკების შეფასება და საპრევენციო მექანიზმების დანერგვა, რათა არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა და კორუფციამ იმუნიზაციის პროცესის დაზიანება ვერ შეძლოს.

წყარო