პარლამენტში დღეს, 4 თებერვალს, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

„ამ მემორანდუმის თანახმად, პარლამენტში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას მოამზადებს, – აღნიშნა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა, – დაიხვეწება საარჩევნო პროცედურები სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ,

  • შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობისა და ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი;
  • ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შეაბამისად გადაისინჯება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნორმები;
  • შეიცვლება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა;
  • საქართველოს დიდ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები ჩატადება 4/1 თანაფარდობით პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით;
  • სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ 2/1 თანაფარდობით, პროპორციული სისტემის სასარგებლოდ;
  • დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომებს და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა განიხილოს საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი, თუ პარლამენტში შევა დეპუტატების ის რაოდენობა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას სჭირდება.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. თანათავმჯდომარე პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანია. ამ ჯგუფში, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები იმუშავებენ.

პარლამენტს 2021 წლის პირველ მარტამდე წარედგინება კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა არაუგვიანეს პირველი მაისისა უნდა დაამტკიცოს.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში ჩართვისკენ მოუწოდებს.