არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანთა უფლებათა ცენტრმა“ ანგარიში წარმოადგინა.
მასში განხილულია ყველა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი, რამაც 2020 წელს გავლენა იქონია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე. საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა და მისი მძიმე შედეგების გათვალისწინებით არის მიმოხილული.
გთავაზობთ ანგარიშის მოკლე მიმოხილვას და ძირითად ასპექტებს.
- 2020 წელს, პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო პრობლემური იყო სასამართლოს დაკომპლექტების საკითხი, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჭირვალობა და პროცესისადმი საზოგადოებრივი ნდობის დეფიციტი.
- 2020 წელს არაერთხელ დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ მხრივ არაერთმა სისტემურმა პრობლემამ იჩინა თავი. საპოლიციო ძალების მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლა ხელისუფლებისთვის „პრობლემების მოგვარების“ ჩვეულ გზად იქცა.
- ქვეყანაში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება სხვადასხვა უმცირესობათა უფლებების დაცვა. განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფად რჩება ლგბტ+ ადამიანები, რომელთა უფლებები 2020 წელსაც არ გაუმჯობესებულა.
- პოზიტიური საკანონმდებლო ღონისძიებების მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ დიდი გამოწვევაა.
- პანდემიასთან ბრძოლისას ხელისუფლებამ არაერთგვაროვანი მიდგომა გამოიჩინა სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისადმი.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შეკრებისა და საეკლესიო რიტუალების განხორციელებაში ჩაურევლობის პარალელურად, იგივე უფლებით ვერ სარგებლობდნენ სხვა რელიგიური ორგანიზაციები. ამ ფაქტმა ეს რელიგიური ორგანიზაციები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები, რომელთა გაცემა თვეების განმავლობაში გაჭიანურდა, არსებულ გამოწვევებს სრულყოფილად ვერ პასუხობდა.
- საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ყურადღების მიღმა დატოვა შშმ პირთა დიდი ნაწილი, რამდენადაც გეგმით წარმოდგენილი სოციალური ბენეფიტით მოსარგებლედ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ პირები განისაზღვრენ.
- პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მწვავე გახდა სათანადო საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში. ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარო პირთა დაცვის სამთავრობო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არ არსებობს უსახლკაროთა შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა.
- ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კრიზისის მე-2 ტალღისთვის წინასწარი მომზადება, რამაც კრიზისის მართვა კიდევ უფრო გაართულა.
- წელს პოზიტიური ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში. მაღალი საარჩევნო მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნითა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მხარი დაუჭირა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს.
მიუხედავად ამ პოზიტიური ცვლილებებისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ზოგადი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებითა და ხარვეზებით წარიმართა, რამაც საზოგადოებაში არჩევნების გაყალბების ეჭვი და შესაბამისად – პროტესტი გააჩინა.
არჩევნებში ყველაზე დიდი პრობლემა ხმის დათვლის შემაჯამებებლ ოქმებში დისბალანსი იყო.
- 2020 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემაა კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის უკანონო პრაქტიკა, რაც პატიმართა მოწყვლადობასა და მათი უფლების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
- 2020 წელს პრობლემურ საკითხთა შორის იყო ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვები. პანდემიის პირობებში გაუარესდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.
- ქართულ კანონმდებლობაში 2020 წელს მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილება განხორციელდა. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში – შრომის კოდექსში.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 1996 წლის 10 დეკემბერს დაარსდა. მისი მიზანია კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აღკვეთა.
მოამზადა ლიკა ხიჯაკაძემ