ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებლად და ციურ მფარველად მიიჩნევა.

ნინოობას ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის, ხოლო 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნინოს საპატივცემულოდ სახელი ნინო უძველესი დროიდან საქართველოში ძალზედ გავრცელებულია. ნინო, ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს. მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან.

„ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი სახელი და რა თქმა უნდა, ჩემი მფარველი წმინდა ნინოც. 29 იანვარს დავიბადე. სწორედ ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, წმინდა ნინოს სახელი დაერქმიათ ჩემთვის. თურმე, განსაკუთრებით ჩემი დეიდაშვილი აქტიურობდა. მასაც ნინო ჰქვია.

ყოველ ნინოობას ეკლესიაში მივდივარ და წირვას ვესწრები. ყველა ნინოს, ყველა ქართველს ვუსურვებ მშვიდობიან წელს. ჰფარავდეს წმინდა ნინო მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა, თითოეულ ხარაგაულელს“, – ამბობს ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიელი იყო, წმინდა გიორგის ნათესავი. ნინომ გაიგო ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ის, რომ უფლის კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ. ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.

ღმერთმა ისმინა მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე სახარება“. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება. სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა.

მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთშიც ასულა და ბევრი ქართველი გაუქრისტიანებია. ქართველთა განმანათლებელი წმინდა  ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალული.

ლიკა ხიჯაკაძე