„სოფლად კულტურული საქმიანობის გამოცოცხლებას შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება“, – ამბობს ვერტყვიჭალის კულტურის სახლის ხელმძღვანელი თემურ ბლუაშვილი.

განათლებით ისტორიკოსმა, საქმიანობის უდიდესი პერიოდი ხარაგაულის რაიონული გაზეთის შექმნას მიუძღვნა. ათეული წლების განმავლობაში ხარაგაულის საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული წევრი გახლდათ, აქტიურად იყო ჩართული რაიონის სისხლსავსე ცხოვრებაში.

მას ახლახან შვიდი ათეული წელი შეუსრულდა.

როგორ დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობა, რა გზა განვლო და რით ამაყობს ცხოვრებაში, – ამის შესახებ ბატონ თემურს ვესაუბრეთ.

– დავბადებულვარ 1951 წლის 13 იანვარს ხარაგაულის რკინიგზის სადგურის ახლოს მდებარე სამშობიარო სახლში. ჩემი პირველი მგზავრობა ხარაგაულიდან ძირულამდე „მასტერაოთი“ მოხერხდა, ძირულიდან ვერტყვიჭალამდე კი – ამერიკული „სუდაბეკერით“.

დედაჩემი და მე თურმე კაბინაში, მძღოლის გვერდით მოვთავსდით, მამა კი  – ძარაზე. ჩვენი მგზავრობა თოვლსა და ქარბუქში რამდენიმე საათს გაგრძელდა, – ბიოგრაფიიდან რამდენიმე მომენტს ჩვენი თხოვნით გვიამბობს იუბილარი თემურ ბლუაშვილი, – სოფელ ვერტყვიჭალაში ვიზრდებოდი.

სწავლის პერიოდში, ძირითადად, მეცადინეობით ვიყავი დაკავებული, საზაფხულო არდადეგების დროს კი თევზაობით ჩემს კბილა ბიჭებთან ერთად. 1958 წლიდან აქვე დავიწყე სწავლა. შესანიშნავი პედაგოგიური კოლექტივის წყალობით ჯეროვანი განათლება მივიღე და 1969 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

– მუშაობა, როგორც ისტორიკოსმა, ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაიწყეთ. როგორ გაიხსენებთ საქმიანობის პირველ წლებს?

-დიახ, 1978 წლის აგვისტოში ამ მუზეუმში მეცნიერმუშაკად დავინიშნე. მაშინ მუზეუმი ჩანასახის სტადიაში იყო. დირექტორი ბატონი პავლე ფურცელაძე გახლდათ, ფონდების მცველი – მუზეუმის დაარსების ინიციატორი ახმედ გოგოლაძე, ტექნიკური მუშაკი – გოგოლა ბუკია. ჩემი საქმიანობა ერთ წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.

– როგორ აღმოჩნდით ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციაში?

– მუზეუმში მუშაობისას რედაქციის თხოვნით გაზეთში ჩემი წერილები გამოქვეყნდა. ამის შემდეგ გაზეთის რედაქტორის, ქალბატონ ქეთევან სახვაძის დაჟინებული მოთხოვნით სამუშაოდ რედაქციაში გადამიყვანეს. იქ ძალზე თბილი და სარედაქციო საქმიანობაში გამობრძმედილი კოლექტივი დამხვდა. ღვაწლმოსილი ჟურნალისტი ბატონი ირაკლი ხაჩიძე, გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი ქალბატონი ზაირა აბაშიძე, წერილების განყოფილების გამგე გიორგი (ჟორა) ჭანტურია, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე შალვა ტოროშელიძე, ადგილობრივ რადიოგადაცემათა რედაქტორი ეკატერინე ნანიტაშვილი, კორექტორი ლუბა კუპრაძე.

რედაქციაში ჩემი მისვლიდან მალე რედაქტორის მოადგილედ დაინიშნა პრამონ აბრამიშვილი, გამჭრიახი ჟურნალისტი. მასთან ერთად მუშაობით მალე ავუღე ალღო სარედაქციო საქმიანობას. რვა თვის შემდეგ, რედაქტორის გადაწყვეტილებით, წერილების განყოფილების გამგედ დავინიშნე, ერთი წლის შემდეგ კი – გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად.

მუშაობა ადვილი როდი იყო. კვირაში სამ ნომერს ვუშვებდით. მაშინდელი სასტამბო ტექნიკის პირობებში, როცა დანადგარები ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და ელექტროენერგიის წყვეტილობაც ძალზე გვიშლიდა ხელს, შეიძლება ითქვას, რომ ძალზე დაძაბული მუშაობა გვიწევდა. ამის მიუხედავად, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევდით. ჩვენი გაზეთი თემატური მრავალფეროვნებით, საინტერესო სტატიებით მოწინავე იყო იმერეთის რეგიონში და მის გარეთაც.

– თქვენი შვილიშვილები რომ გაიზრდებიან, რედაქციაში მუშაობის პერიოდიდან რას მოუყვებით? რა არის თქვენთვის ყველაზე საამაყო თქვენი ჟურნალისტური საქმიანობიდან?

– უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებთან მუშაობა. რედაქციაში ჩემი საქმიანობისას გაზეთში სამუშაოდ მოვიდნენ ახალბედები. მათ მალე აუღეს ალღო ჟურნალისტიური სამიანობის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. რაც შემეხება მე, მოდით ამის შესახებ ჩემს მეგობარს ნიკო წიკლაურს მოვუსმინოთ. ერთ-ერთ შეკრებაზე მან ასეთი ექსპრომტი მომიძღვნა:

„შენი ნიჭი და უნარი
ბევრ ეგზემპლიარს ატყვია,
გეყოფა სატრაბახოდა
მარტო „პალდიეს, ლატვია“!

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩემთვის ძალზე საამაყოა, რომ წლების განმავლობაში რაიონულ გაზეთში ვმუშაობდი და ხარაგაულის მატიანეს შექმნაში ვმონაწილეობდი.

-ამჟამად რას საქმიანობთ და როგორ?

– ვარ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპეციალისტი. ვხელმძღვანელობ ვერტყვიჭალის კულტურის სახლს. ვსარგებლობ შემთხვევით და უდიდესი მადლობა მინდა გამოვთქვა ხარაგაულის სახალხო თეატრის მიმართ. ირინე ჩხეიძის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც შარშან ღია ცის ქვეშ, მუზეუმის ეზოში გაიმართა, ნებისმიერი თეატრის სცენას დაამშვენებდა. ბრავო.

– რისი გაკეთება შეიძლება და კონკრეტულად რა ხელშეწყობაა საჭირო, რომ მაქსიმალურად ამოქმედდეს სოფლის კლუბები რეგიონებში?

– სოფლად კულტურის კერების საქმიანობის გამოცოცხლებას შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება. რამდენიმე ღონისძიება ჩავატარე. მათ შორის ერთ-ერთია „კალმოსნობა“. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს ისეთ თემებზე, როგორიცაა „დედა“, „მგზავრი“, „წუთისოფელი“. მოვახერხე მათი ბროშურებად დაბეჭდვა.

უახლოეს პერიოდში გავმართავთ მორიგ „კალმოსნობას“ თემაზე „ემიგრანტი“. ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის სკოლების მოსწავლეეებსა და თემის სოფლების მოსახლეობას შორის. ვფიქრობ, საჭიროა მუნიციპალიტეტში მოქმედ შესაბამის სამსახურებთან ერთად სოფლებში კულტურის კერების საქმიანობის გააქტიურებას გარკვეული გეზი მიეცეს, ჩატარდეს რაიონული დათვალიერება ამა თუ იმ მიმართულებით.

– თქვენს მიერ განვლილ ცხოვრების გზას რომ გადახედოთ, ყველაზე მეტად რით ამაყობთ?

– ჩემს მეუღლესთან, გულნაზი აბრამაშვილთან ერთად ჩვენი შვილებით ვამაყობთ. მათ შეძლეს თავიანთი ადგილი ენახათ ცხოვრებაში.

– თქვენი აზრით, რა არის ცხოვრებაში მთავარი?

– არჩეული საქმიანობისა და სამშობლოსადმი ერთგულება.

თამთა გოგოლაძე