ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ვერტყვიჭალის, ნადაბურის, ვაშლევის, ღორეშას, ხუნევის, უბისისა და სარგვეშის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

ამ სკოლებში მოსწავლეთა უმრავლესობა გამოცხადდა. არ გაცდენილა არც ერთი გაკვეთილი. სკოლებში მისვლა შეძლო ყველა იმ მასწავლებელმა, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ.

მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საგარეუბნო მატარებლის – ხაშური-ზესტაფონის მიმოსვლა აღდგეს, რომ პირველი თებერვლიდან ჩხერიმელას ხეობის სკოლებში სწავლას საკლასო ოთახებში შეუდგნენ. ამ ხეობის სკოლებში მასწავლებელთა დიდი ნაწილი ხაშურიდან დადის და მათი გადაადგილებისთვის ერთადერთი საშუალება ეს მატარებელია.

ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ხარაგაულში მოქმედ დანარჩენ 19 სკოლაში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება პირველი თებერვლიდან იგეგმება.  თუმცა, მარინე ვეფხვაძის თქმით, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 იანვარს მიიღებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან გადავიდა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე სასწავლო პროცესის დისტანციურად გაგრძელებას გვირჩევს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: მათემატიკის გაკვეთილი ვერტყვიჭალის სკოლაში, 18 იანვარი, 2021 წ.