ვერტყვიჭალის, ნადაბურის, ვაშლევის, ღორეშას, ხუნევის, უბისასა და სარგვეშის სკოლების დირექტორები ითხოვენ, რომ 18 იანვრიდან სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყონ.

ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოვიპოვეთ.

„ორშაბათიდან ამ სკოლებში მონიტორინგს დავიწყებთ, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ჰიგიენური ნორმები ნამდვილად იქნება დაცული,  რადგან სკოლებმა საჭირო რაოდენობის სადეზინფექციო ხსნარი და პირბადეები მიიღეს. ვნახავთ, როგორი იქნება მოსწავლეთა დასწრება, თუმცა, სკოლების დირექტორები მეუბნებიან, რომ სწავლის საკლასო ოთახებში განახლება მშობლებისა და მასწავლებლების თხოვნაა.

ვესაუბრე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს. ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა ვირუსის გავრცელების საფრთხე მაინცაა.

კვირას საღამოს კიდევ ერთხელ დავუკავშირდები სკოლების დირექტორებს, გადავხედავთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან გადავიდა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე სასწავლო პროცესის დისტანციურად გაგრძელებას გვირჩევს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ღორეშის საჯარო სკოლა