მთავრობის დადგენილებაში (N286) მიმდინარე წლის 18 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, გაფართოვდა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე.

კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან  24 დეკემბრამდე პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდის დამქირავებელი განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19) ფორმით.

განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 3 დეკემბრიდან – 24 დეკემბრამდე.

დამქირავებელი უფლებამოსილია ზემოაღნიშნულ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც 2020 წლის 5 დეკემბრამდე ბოლო ხელფასის გაცემა ფიქსირდება საბიუჯეტო ორგანიზაციიდან საქართველოს ეროვნული ბანკიდან; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან; საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი და ამ საწარმოს  დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს თავად ეს საწარმო.

წყარო