რამდენიმე თვის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, მდინარაძეების უბნის ერთ-ერთ ოჯახში ბუნებრივი აირი მერიის წარმომადგენლებმა საზეიმოდ აანთეს.

კიცხის მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ საახალწლოდ გაზს მათ სახლებშიც შეიყვანდნენ.

„სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კიცხში ბუნებრივი აირი შევიდა. მაინტერესებს, რომელ კიცხზეა საუბარი. ცენტრალური ქსელის დამონტაჟების შემდეგ გვითხრეს, რომ მალე გაზს ოჯახებში შემოგვიყვანდნენ. როდის გვექნება ბუნებრივი აირი, – კითხულობს ელისო არჯევანიძე.

კიცხში გაზიფიცირების სამუშაოებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ აწარმოებს. კომპანიის ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი, ლევან აბაშიძე ამბობს, რომ კიცხში მოსახლეობის აბონირების პროცესს ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ ხელი შეუშალა.

„ისე აქტიურად ვეღარ ვმუშაობთ, როგორც პანდემიამდე, – ამბობს ლევან აბაშიძე, – ამჟამად ავალიშვილების უბნის გაზიფიცირების პროცესს ვიწყებთ. ვფიქრობთ, რომ კიცხის აბონირების პროცესი გაზაფხულზე დასრულდება“.

ამჟამად გაზიფიცირების პროცესი  სოფელ კიცხსა და ლაშეში მიმდინარეობს. ქსელის მოწყობის სამუშაოები კი ჯერ  არ დასრულებულა ახალსოფელში, ვარძიასა და ფარცხნალში.

ლიკა ხიჯაკაძე

ამავე თემაზე

ხარაგაულის მოსახლეობა სოფლებში გაზიფიცირების დაჩქარებას ითხოვს