2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საგადასახადო შემოსავლები 12 045.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

რა არის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და რამდენად არის მასში ასახული მოქალაქეების საჭიროებები, – ამ საკითხზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, პაატა კვიჟინაძეს ვესაუბრეთ.

– 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა საკმაოდ რთული იყო, რადგან კორონავირუსის პანდემის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, – ამბობს პაატა კვიჟინაძე, – ბიუჯეტის დიდი წილი პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ მიიმართა. თუმცა, თანხა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გასულ წელთან შედარებით, არ მცირდება.

2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წელს გადაცილებული პირების პენსია 25 ლარით იზრდება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების კი – 20 ლარით, მასწავლებლების სახელფასო ანაზღაურება – 100 ლარით.

მილიარდ ასი მილიონი ლარი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისა და ბიზნესის დასახმარებლად განისაზღვრა.

პანდემიის მიუხედავად, სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, ეკონომიკის ზრდა 4,3%-ით დავგეგმეთ. ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, იზრდება; თუმცა, მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ აჭარბებს. პანდემიის დამთავრებისთანავე ვალის კლება უნდა დაიწყოს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კრიზისული, რთული ბიუჯეტია.

2020 წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება. ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა გაგრძელდება.

შემცირებულია გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022-2024 წლებში ექვსი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება. შევეცდები, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება გაიზარდოს.

დამატებითი ღირებულების გადასახადის პროგნოზის განაწილების შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 5,701.4 ლარს მიიღებს.

გაზაფხულიდან, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბიუჯეტის პარამეტრებიც უკეთესობისკენ შეიცვლება.

ნინო კაპანაძე