ხარაგაულის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხვალ გადაწყდება, თუ რა ფორმით გააგრძელებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები სასწავლო პროცესს.

„ხვალ, 26 ნოემბერს, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, შმაგი ხიჯაკაძეს შევხვდები, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – დეტალურად განვიხილავთ თითოეულ სოფელსა და სკოლაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“.

დღეს დილით არსებული ინფორმაციით, დისტანციური სწავლება ხარაგაულის ათ სკოლაში მიმდინარეობდა.

ხვალიდან სასწავლო პროცესი მარელისის, ლეღვანისა და ბორითის სკოლებში საკლასო ოთახებში უნდა განახლებულიყო. თუმცა, ამ საღამოს, რესურსცენტრსა და სკოლების დირექტორებს შორის აზრთა გაზიარების შედეგად გადაწყდა, რომ მარელისისა და ლეღვანის სკოლები დისტანციურ სწავლებას პირველ დეკემბრამდე გააგრძელებენ.

26 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ასევე დისტანციურ სწავლებაზე გადადის ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე, მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ურჩევს.

ნინო კაპანაძე