ლამარა მესხი ხარაგაულში მიუსაფარ ძაღლებს მფარველობს. უკვე 15 წელია, მისი დილა ძაღლებისთვის საკვების მომზადებით იწყება. შემდეგ სხვადასხვა ქუჩაზე მობინადრე ძაღლებთან მიდის.

პატარა ლეკვებისა და დედა ძაღლებისთვის წვნიანი საკვები მიაქვს. დანარჩენებს პურითა და პედიგრით კვებავს. ძალღებისთვის საჭმელს ხშირად ნისიად იძენს. გარდა კვებისა, მათ მკურნალობაშიც აქტიურადაა ჩართული.

ქუჩაში მცხოვრები ძაღლების დიდ ნაწილს კანის დაავადება აქვთ. ამიტომ მათ სამკურნალოდ ძვირადღირებულ წამლებს, ანტიბიოტიკებს თავად ყიდულობს. ფინანსური თვალსაზრისით არავინ არ ეხმარება. მისი ერთადერთი შემოსავალი ხელფასია, რომელსაც თვიდან თვემდე საკუთარი საჭიროებებისა და ძაღლებისთვის რაციონალურად ანაწილებს.

ყველაფერი კი 15 წლის წინ დაიწყო.

„თბილისში მატარებლით ვმგზავრობდი. ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე პატარა ცუგა დავინახე. ერთმა პიროვნებამ აიღო ჯოხი და ამ პატარა არსებას სრულიად უმიზეზოდ მოუქნია. არც ყეფდა, არც არავის არაფერს უშავებდა. მე ვუთხარი: -არაფერი არ დაუშავებია და რატომ სცემ-თქო; – არაფერს რომ არ აშავებდეს და კარგი იყოს, ქუჩაში ხომ არ გამოუშვებდნენო?! – მიპასუხა.

რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისიდან დაბრუნებულს, ეს ცუგა ჩემს ეზოსთან დამხვდა. მასზე ზრუნვა დავიწყე. სხვათაშორის, სულ ახლახან გარდაიცვალა სიბერისგან. ვხედავდი, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი მშიერი ძაღლი იყო. მათზე კი არავინ ზრუნავდა. ძაღლებს შიოდათ, ციოდათ. ამის შემხედვარე კი ძალიან ვწუხდი. სწორედ ამიტომ ნელ-ნელა მათზე ზრუნვა დავიწყე“.

ხარაგაულში ქუჩაში მცხოვრები ძაღლების რიცხვი თანდათან იზრდება. მოსახლეობას ისინი სოფლებიდან ჩამოჰყავთ და ქუჩებში ტოვებენ. ამას დაემატა ისიც, რომ პანდემიის გამო დაიკეტა კვების ობიექტები და სარიტუალო დარბაზები, სადაც დიდი რაოდენობით იყვნენ ძაღლები. იმის გამო, რომ მშივრები დარჩნენ, ხარაგაულის ქუჩებს მოეძალენ.

ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის თაოსნობით, თვეში მაქსიმუმ ოცი ძაღლი მიჰყავთ ცხოველთა თავშესაფარში. იქ ძაღლებს მკურნალობენ და ერთი თვის შემდეგ კვლავ ქუჩაში აბრუნებენ. ქუჩაში დაბრუნებული ძაღლების ბედზე კი არავინ არ ფიქრობს.

ლამარა მესხი ოცნებობს, რომ ძაღლებისთვის პატარა მუნიციპალური თავშესაფარი ხარაგაულშიც გაკეთდეს.

„ვიცი, თავშესაფრის გაკეთებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მთავარი მონდომებაა. ამით ძალიან ბევრ ძაღლს დავეხმარებით. ამ ეტაპზე, ჩემა გარდა, კიდევ ორი ადამიანი ზრუნავს ხარაგაულის ქუჩებში მცხოვრებ ცუგებზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ორი და სამი ადამიანი ამას ვერ გაუმკლავდება.

შეიძლება ვინმემ თქვას, კეთილ საქმეს თუ აკეთებ, ჩუმად აკეთეო. 15 წელი ჩუმად ვიყავი, მაგრამ ახლა ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. მარტოხელა ადამიანი ვარ. მეშინია, მე თუ არ ვუპატრონე ამ ცუგებს, მშივრები დარჩებიან. ვკვდები, როდესაც მშიერი ძაღლის თვალებს ვხედავ. ამ დროს მშვიდად რა დამაძინებს. შეიძლება ბოლომდე ვერ გამოვკვებო, მაგრამ ცოტას მაინც ვაჭმევ“.

ადამიანები ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისადმი აგრესიულად არიან განწყობილნი. უყვირიან, სცემენ მათ. ეს ფაქტი ქალბატონ ლამარას ძალიან აწუხებს. ფიქრობს, რომ ყველაფრის სათავე ბავშვების აღზრდაშია. მათ პატარაობიდანვე უნერგავენ მიუსაფარი ძაღლებისა და ზოგადად, ცხოველების შიშს. ეს შიში კი ზიზღს იწვევს.

„შიში სიძულვილის სათავეა. ეს სიძულვილი კი არის მიზეზი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის, – ამბობს ქალბატონი ლამარა, – მე ხარაგაულში დავიბადე, გავიზარდე და დღემდე აქ ვცხოვრობ. არ მახსოვს ქუჩაში მყოფ ძაღლს ბავშვისთვის ეკბინოს. ძაღლს ნამუსი არ გამოეწმინდება, მაგრამ მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ მახსენდება.

ყველა ძაღლს ვცნობ. არცერთი მათგანი აგრესიული არ არის. თუ დავინახავ მათ აგრესიას ადამიანებისადმი, აუცილებლად ვიტყვი იქ, სადაც საჭიროა.

ღმერთს ეს სამყარო მხოლოდ ადამიანებისთვის არ შეუქმნია. ის იმხელაა, რომ ცხოველებსაც იტევს. გულს მტკენს და ლამის ცრემლები მომდის, როდესაც ვხედავ ქუჩაში თავისთვის მიმავალ ძაღლს რომ  უყვირიან: – გადი ძაღლო! თუ არ ეფერები, თუ არ აჭმევ, ნუ ეჩხუბები მაინც, ნუ უყვირიხარ. ისინი ადამიანების დამოკიდებულებას ძალიან კარგად გრძნობენ“.

ლამარა მესხი, ამ 15 წლის განმავლობაში, რაც მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს, ადამიანებისგან აგრესიასა და გულგრილ დამოკიდებულებასაც შეხვედრია. მაღაზიებსა თუ სახლებთან ახლოს ლეკვებისთვის ყუთების დადგმას უშლიან.

„მოსახლეობის ეზოებთან, ან ქუჩაში როდესაც ვაჭმევ ცუგებს, მსაყვედურობენ. ნაგავს ნუ ყრი ძირსო, – პურზე ამბობენ. ასევე ბრაზდებიან მაშინაც, როდესაც ქუჩაში ლეკვებისთვის პატარა მუყაოს ყუთებს ვდგამ“.

ლამარა მესხი ხარაგაულელებს თხოვს, დაეხმარონ იმაში, რომ რამდენიმე პატარა სახლი დადგას ლეკვებისთვის, რომ ისინი ცივ ზამთარში – წვიმასა და თოვლში – გარეთ არ დარჩნენ. ასევე ხარაგაულში, რამდენიმე ადგილას დაიდგას დისპანსერები ძაღლებისთვის საკვებით. ამ ეტაპზე, ლეკვებს თავად მიუტანა პატარა მუყაოს ყუთი და ხარაგაულის ცენტრალურ პარკში დაუდგა მათ. თუმცა ეს წვიმას დიდხანს ვერ გაუძლებს.

ვაქვეყნებთ საბანკო ანგარიშის ნომერს, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა და დაეხმაროთ ხარაგაულის ქუჩებში მცხოვრებ ძაღლებს – ჩვენს ერთგულ მეგობრებს.

GE68LB0111119982548000 ლიბერთი ბანკი
მიმღები – ლამარა მესხი
თანხის ჩარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ – ხარაგაულელი ცუგებისთვის.