ხარაგაულში, წლის ბოლომდე, დაიწყება ბავშვთა ადრეული განვითარების სოციალური სერვისის მიწოდება, რომელიც განკუთვნილი იქნება 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ამ მიზნით შენობა უკვე გარემონტდა და უახლოეს მომავალში ინვენტარით აღიჭურვება. ამ სიახლის შესახებ აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მუშაობის ანგარიშში, რომელიც სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ საკრებულოს წარუდგინა.

„პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, – ამბობს ნანა კიკნაძე, – პროექტის განსახორციელებლად უცხოურ ააიპ „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდს“, ააიპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისსა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, ადაპტირებული შენობის მოწყობა და ნაწილობრივ აღჭურვა. პროექტი ერთწლიანია და მომავალი წლიდან მომსახურების დაფინანსების ძირითადი წყარო იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

სერვისის მიწოდება მოხდება ბენეფიციარის ბუნებრივ გარემოში და კვირაში ერთხელ მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ ჯგუფური მეცადინეობები ჩატარდება ადაპტირებულ და შესაბამისად აღჭურვილ ახალ ფართში. ამ ეტაპზე პედაგოგები ტრენინგებს გადიან და საქმიანობას თვის ბოლოდან შეუდგებიან. ხარაგაულში ადრეული განვითარების მომსახურების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 9 თვის მუშაობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სოფლის ამბულატორიებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა. ამის პარალელურად, ჯერ კიდევ ვერ დაკმაყოფილდა მოსახლეობის მოთხოვნა ნადაბურში, გედსამანიასა და ქვებში პირველადი სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამ სოფლების მოსახლეობა, წლებია, ექთნის დანიშვნას ითხოვს.

„მოსახლეობის ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მივაწოდეთ. სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამ ხელი შეგვიშალა. დიდი იმედი  მაქვს, რომ ამ კუთხით მომავალში რაიმე სასიკეთო იქნება“, – ამბობს ნანა კიკნაძე.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მუშაობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებისთვის 297,2 ათასი ლარი გაიხარჯა. ამ პროგრამაში შედის კვლევების, ოპერაციების, სამედიცინო მომსახურებისა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მედიკამენტების დაფინანსება, როგორიცაა ეპილეფსია, პარკინსონი, ბრონქიალური ასთმა, ონკოლოგია. ამ მუნიციპალური პროგრამით ეხმარებიან ჩამოთვლილი დაავადებების მქონე იმ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ვერ მონაწილეობენ.

სამედიცინო მომსახურება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით ფინანსდება, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა; იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის საოპერაციო ხარჯი 2000 ლარზე მეტია, განიხილება, როგორც გამონაკლისი შემთხვევა. ონკოლოგიური პაციენტები ფინანსდებიან 1500 ლარით; კვლევების შემთხვევაში კი – 500 ლარით.

რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ იმისათვის, რომ საოპერაციო თუ სამკურნალო ხარჯები დაუფინანსდეს, – ამ შეკითხვაზე ნანა კიკნაძე პასუხობს:

– მოქალაქემ მერის სახელზე განცხადება უნდა დაწეროს. განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა, სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა #100, ანგარიშფაქტურა და კალკულაცია“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 9 თვის განმავლობაში დახმარება გაეწია 43 მრავალშვილიან ოჯახს, რომელთაც 150 000 ქულაზე ნაკლები აქვთ. ასეთ ოჯახებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, გაიცემა.

2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში მარტოხელა მშობლების დახმარებით ექვსმა მოქალაქემ ისარგებლა და მათზე სულ 1 200 ლარი გაიცა. მარჩენალდაკარგულთა დასახმარებლად, 25 ბენეფიციარზე, სულ 4 800 ლარი გაიცა. ნანა კიკნაძის განმარტებით, ამ დახმარების მიღება შეუძლია 21 წლამდე ასაკის დედით, ან მამით ობოლ ბავშვს.

მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მოქალაქეს ბინის ქირა დაუფინანსდა. ხანძრით დაზარალებულ 22 ოჯახს 24 500 ლარით დაეხმარენ. 12 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებლად საშიშ და უვარგის პირობებში (I კატეგორია) იმყოფებოდნენ, 16 100 ლარი გადაეცა.

სადღესასწაულო დღეებში მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა მარტოხელა მოხუცები და მრავალშვილიანი ოჯახები, გაეწიათ დახმარება სასურსათო კალათით და ამ მიმართულებით 9 ათასი ლარი დაიხარჯა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ეს სამსახური ასევე ჩართულია კორონავირუსის მართვის პროცესში.

ლიკა ხიჯაკაძე