გაერთიანებული ოპოზიცია ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, ზეწოლისა და საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსების გამო არჩევნების შედეგებს  არ აღიარებს.

ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და ფართომასშტაბიან ქუჩის აქციებს აანონსებენ.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა. მათგან ყველაზე რეიტინგულ ხუთ კანდიდატს საარჩევნო პროცესების შეფასება ვთხოვეთ.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები სამართლინად ვერ ჩაითვლება, რადგან არჩევნების დღეს ამომრჩევლებზე განხორციელებულმა მოსყიდვის მასშტაბებმა და ზეწოლებმა ყველა ზომას გადააჭარბა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კაპანაძე არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს, რომელიც ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეშიც განხორციელდა – ეს იყო ძალადობა, ტერორი, მოქრთამვა, დაშინება, სამსურიდან გაგდების მუქარა.

გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ კანონიერი აქციებით ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კასრაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მომხდარმა მძიმე დარღვევებმა ადამიანების გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. მისი შეფასებით, მკვეთრად არ არის გამიჯნული ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელიც თანასწორობის უფლებას არღვევს.

„სამწუხაროდ,  ჩვენს გარშემო აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ იმავე ვითარებაში დავრჩეთ, რომელშიც ბოლო რვა წელია ვცხოვრობთ – ამბობს გიორგი კასრაძე, – შეცდომებს, რომელიც ოპოზოციურმა პარტიებმა დავუშვით, გავაანალიზებთ. თუმცა, მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, გამაოგნებელი იყო ის შედეგი, რაც მივიღე“.

საჩხრე-ჭიათურა-ხარაგაულის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის საკუთარი ხედვების გაცნობის შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს ჰქონდა. ის ოპოზიციას შედეგების აღიარებას და საქმიანობის პარლამენტში გაგრძელებას ურჩევს. მისი შეფასებით, „ხალხის არჩევანს ფული და მუქარა ვერ შეცვლის – ასე იყო 90-იან წლებში, როცა ეროვნულმა მოძრაობამ კომუნისტური წყობა შეცვალა, იგივე მოხდა შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების შეცვლისას. მოსახლეობა ოპოზიციაში ვერ ხედავს სანდო ძალას, რომელსაც ქვეყნის მართვას ჩააბარებს“.

შემაჯამებელი ოქმების გაყალბებაზე საუბრობს „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე და თვლის რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. „სწორი გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ, რომ „ხმების ქურდებთან“ ერთად არ დაჯდეს პარლამენტში“, – ამბობს ანი მიროტაძე და გამოსავალს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს, რომელსაც ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ნინო კაპანაძე