ადამიანის უფლებათა ცენტრმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში ასახავს 2020 წლის 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებს.

ანგარიშში მიმოხილული და გაანალიზებულია ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა საქართველოში ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებას, მათ შორის, საპროტესტო აქციები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მისი გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის არჩევნების თაობაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.

ვრცლად ანგარიშს გაეცანით ამ ბმულზე 

შუალედური ანგარიშის შესახებ დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ. ამასთან, მოცემული მოდელი გამარჯვებული პარტიისთვის თითქმის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ანალოგიურ შედეგს წარმოშობს. გარდა ამისა, მოცემული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს ოპოზიციის სათანადო წარმომადგენლობას და პლურალიზმის მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში. იგი საშუალებას აძლევს, თუნდაც, მცირე საზოგადოებრივი გავლენის მქონე პოლიტიკურ პარტიებს, მოიპოვონ წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანი საარჩევნოს სისტემის შექმნისათვის.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, კვლავ აქტუალურ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება, წლების განმავლობაში დამკვიდრებული, ადმინისტრაციული რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მანკიერი პრაქტიკა. ასევე, ახალი მედიარეგულაციების გაჩენით – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა და გასამართლება, თვითმმართველობებში არჩეულ თანამდებობის პირებზე პოლიტიკური ზეწოლა და ა.შ.

ამასთან, როგორც წესი, არაჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს პოლიტიკური შეხედულების გამო შევიწროების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები, პოლიციის მხრიდან შერჩევითი სამართლებრივი რეაგირება, ე.წ. „ფეიკ ნიუსებისა“ და სხვა უკანონო საშუალებათა გამოყენების ინტენსივობა, რისი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვებაც, ხელს შეუშლის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.