ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნების შემდეგ იმერეთის მუნიციპალიტეტების იურიდიულ პირებში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2017 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის 114 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით, ხოლო სახელფასო, საავტომობილო, სატელეკომუნიკაციო, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 10 335 851 ლარით გაიზარდა და 37,180,329 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება იმერეთის 10 მუნიციპალიტეტს. ქალაქ ქუთაისის იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა , ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მონაცემები არ მიაწოდა.

დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება მუნიციპალურ იურიდიულ პირებში:

იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში 2017 წელს – 121, 2018 წელს –  125, ხოლო 2019 წელს 114 იურიდიული პირი ფუნქციონირებდა და ჯამში 7000 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.

იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2019 წელს მათში დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით გაიზარდა.

2019 წლის მონაცემებით,  იმერეთის 10 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი იურიდიული პირი (24) სამტრედიის მუნიციპალიტეტს ჰყავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე იურიდიული პირის გაერთიანებამ გამოიწვია 2019 წელს იურიდიული პირების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (18-დან 8-მდე).

მუნიციპალურ იურიდიული პირებში ჯამურად ყველაზე მეტი – 1498 დასაქმებული  ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჰყავს. თავად ჭიათურის ააიპ-ებიდან ყველაზე მეტი დასაქმებული ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღს“ ჰყავს: 2017 წელს აქ 491 დასაქმებული იყო, 2019 წელს კი მათი რიცხვი 704-მდე გაზარდა, მუნიციპალიტეტი ასეთ მატებას ბაღებში ახალი ჯგუფების გახსნით ასაბუთებს. ასევე, ჭიათურის მერიამ 2019 წელს ახალი იურიდიული პირი შპს „ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია“ შექმნა.

დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და პრემია/დახმარება/დანამატი მუნიციპალურ იურიდიულ პირებში:

იმერეთის იმ ათ მუნიციპალიტეტში, რომელთაც ინფორმაცია სრულად მოაწოდეს, 2017 წელს იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე ჯამურად 24,222,090 ლარი დახარჯეს, ხოლო 2019 წელს აღნიშნული  ხარჯი 8,701,060 ლარით გაიზარდა და 32,923,150 ლარს მიაღწია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში 478,163 ლარით გაიზარდა იურიდიულ პირებში დასაქმებულებზე გაცემული პრემია/დანამატის ჯამური ოდენობაც.

იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი სახელფასო თანხა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაიცა. ასევე, ჭიათურა ლიდერობს გაცემული პრემია/დანამატის ოდენობითაც. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პრემია სააღდგომო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით გაიცა, ხოლო დანამატი – ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.

წარმოდგენილი იურიდიული პირების მიერ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით გაწეული  მივლინების, სატელეკომუნიკაციო, ავტოსატრანსპორტო და წარმომადგენლობითი ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:

2017-2019 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხარჯით თერჯოლის და წყალტუბოს მერიების იურიდიული პირები ლიდერობენ.

თერჯოლის მერიის იურიდიული პირებიდან ყველაზე მეტი დანახარჯი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ააიპ „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ ცენტრს“ ჰქონდა, რომელმაც ხარჯი 262,242 ლარიდან (2017 წელი) 534,648 ლარამდე (2019 წელი) გაზარდა.

წყალტუბოს მერიის იურიდიული პირებიდან ყველაზე მეტი საავტომობილო ხარჯი 2017 წელს  ააიპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას“ (229,337 ლარი) და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ (63,662 ლარი) ჰქონდათ. 2019 წელისთვის ეს იურიდიული პირები გაერთიანდნენ და საავტომობილო ხარჯმა 475,895 ლარი შეადგინა.

საჩხერის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით კარგად ჩანს, რომ 2017 წელთან შედარებით 2019 წლისთვის შესამჩნევად გაიზარდა ამ მუნიციპალიტეტის საავტომობილო ხარჯები. ეს ზრდა ააიპ „ზურმუხტიში“ ჩანს – იგი მერიის ოთხი სამსახურის გაერთიანებით შეიქმნა და ფუნქციებიც გაეზარდა – 2019 წელს მას მერიამ ნაგავმზიდი და სხვა ავტომანქანები გადასცა.

ყველაზე მეტი ხარჯი ტელეკომუნიკაციაზე ხარაგაულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გასწიეს.

2019 წელს ხარაგაულის მერიის  ააიპ „ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ 12,061 ლარი, ხოლო ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრმა“ 9,032 ლარი დახარჯა ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაციებზე.

გასულ წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებიდან ააიპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ ყველაზე მეტი, 9,072 ლარი დახარჯა ტელეკომუნიკაციაზე.

2018 წელს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამივლინებო ხარჯები შესამჩნევად გაზარდა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მივლინებებმა. 2017 და 2019 წლებში ამ კლუბს სამივლინებო ხარჯები არ ჰქონია.

დასკვნა და რეკომენდაციები

საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა მცირე ზომის მთავრობის ინიციატივით, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებას გულისხმობს; ამ ფონზე, კი  მუნიციპალური იურიდიული პირების ხარჯები და დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობები ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების ნაკლებობას განიცდიან, მიზანშეუწონელია ხარჯების მსგავსი მასშტაბური მატება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოსაზრებით, მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

  • შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ის ან ააიპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი მიიღონ გარკვეული მომსახურებები ტენდერის გზით – ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.
  • გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში, მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

წყარო