არიან ადამიანები, რომელთაც ისეთი ადგილი უკავიათ ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვხედავთ თუ ვერ ვხედავთ, სულ მუდამ ჩვენი თვალთახედვის არეში იმყოფებიან, მუდამ ვგრძნობთ მათი ყოფნის სიახლოვეს, ასეა და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია.

ქვეცნობიერად ვფიქრობთ, რომ მათი არსებობა სულ იქნება, ვიდრე ჩვენც ვიარსებებთ. მისი უეცარი წასვლით კი თითქოს რაღაც მთავრდება ჩვენს ირგვლივ, რაც გარკვეულწილად ცვლის ჩვენს ყოფიერებას. ასეთი ადამიანები თავიანთი ბუნებით, თავიანთი ყოველდღიურობით, თავიანთი არსით იმსახურებენ ასეთ ამპლუას.

სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენთვის – უახლოესი მეგობრებისა და მეზობლებისთვის თამაზ მაღრაძე. ის სულ ახლახან, ადრიანად წავიდა ჩვენგან და გადასახლდა სამარადისო სამყოფელში.

თამაზი მართლაც უნიკალური ბუნების პიროვნება გახლდათ, ძალზე ფაქიზი და სპეტაკი სულის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა მეგობრობის და მეზობლობის ფასი. იყო ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, გვერდში მდგომი, საიმედო და მუდამ ერთგული, თავისი გასაჭირის ჩუმად ამტანი და შენი სიხარულის ხმამაღლა გამზიარებელი, ოჯახის მოამაგე და მოყვარული, შვილებზე თანგადაყოლილი მამა, კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ასეთი დაამახსოვრდებათ იგი ხარაგაულელებს და არა მარტო ხარაგაულელებს, უამრავ ნაცნობ-მეგობარს, სტუმარს და ჩვენს კეთილმოსურნეს.

წლების განმავლობაში იგი რაიონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საწარმოს, თბილისის გამთიშველების ქარხნის ხარაგაულის ფილიალს დირექტორობდა. აქ სრულად გამოვლინდა მისი ორგანიზატორული ნიჭი, ხელმძღვანელის ყველა საჭირო თვისება და კაცურკაცობა. რამდენს დახმარებია და გზაზე დაუყენებია, რამდენისათვის ხელი გაუწვდია, გვერდში დასდგომია, მორალურად თუ მატერიალურად, ყველა ამის გახსენება, რა თქმა უნდა, ძნელია.

ძალიან დააკლდა იგი ჩვენს სამეზობლოს. არ არის დიდი ხანი, რაც თბილისში წავიდა ოჯახთან და თავის შვილებთან. ძალზე გვტკიოდა გული ყველას, როცა ჩვენს ეზოში დილაადრიან და გვიან საღამომდე მოფუსფუსე თამაზს ვეღარ ვხედავდით, მისი ომახიანი ლაპარაკი არ გვესმოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ოჯახს, საქმეს, მის ანდრუშას ასე სჭირდებოდა. მისი მძიმე ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგეთ, თავზარი დაგვეცა, მაგრამ ულმობელია სიკვდილი, – დანდობა და გარჩევა არავისი იცის. ბედისწერა ხომ გარდაუვალია.

ამ კვირაში 67 წლის გახდა და ორმოცი დღეც გავიდა მისი გარდაცვალებისდან. ჩვენო თამაზ ანდრევიჩ, უხმოდ გილოცავთ დაბადების დღეს. შენი სული უკვე ზეცაშია და ნათელ მარადისობაში დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი.
ხარაგაულის უახლოესი მეზობლების სახელით ვალერი გოგნაძე