ხარაგაულში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოწოდების გრაფიკი მიუღებელია. ამის გამო შექმნილი დისკომფორტი სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად გაძლიერდება.

ამ დრომდე, სასმელი წყალი დილით 8 საათის შემდეგ მოდის, 15-20 წუთის განმავლობაში ონკანებში მხოლოდ ჰაერის ძლიერი ნაკადი „მოედინება“. დღე-ღამის განმავლობაში კი წყალი მხოლოდ 5 საათით მიეწოდება დაბა ხარაგაულისა და სოფლების – საღანძილე, დიდვაკე – მოსახლეობას.

ხარაგაულელი ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში წყლის გრაფიკის ცვლილება აუცილებელია.

„ხარაგაულში წყალი მოსვლას დილით 8 საათიდან იწყებს. მე და  ჩემი შვილები სახლიდან 8:30 საათზე გავდივართ. ნახევარ საათში მომზადება და აუცილებელი საოჯახო საქმეების გაკეთება შეუძლებელია. შუა დღით წყალი არ გვაქვს. ხარაგაულში რადგან წყლის გრაფიკის საჭიროებაა, იქნებ, არსებული გრაფიკი მაინც შეცვალონ და ჩვენს საჭიროებებს მოარგონ“, – ითხოვს ნინო ბუხნიკაშვილი.

ხარაგაულელი მარინა მუმლაძე ამბობს, ერთ საათში ბავშვების მომზადებასთან ერთად საოჯახო საქმეების მოწესრიგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მისი აზრით, წყლის მოსვლის ოპტიმალური დრო დასაქმებული დედებისთვის ხარაგაულში დილის 7 საათია.

„ხარაგაულში ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყლის გრაფიკით მოწოდებაა. ამ საკითხის მოგვარებას, წლებია, უშედეგოდ ველოდებით, – წუხს ხარაგაულელი მაია ბერაძე, –  წყლის მოწოდება უნდა გახანგრძლივდეს არა მხოლოდ დილით, არამედ უნდა უზრუნველყონ, რომ სწავლის მიმდინარეობისას სკოლებს წყალი მიეწოდებოდეს.

ხარაგაულელებისთვის ეს ზაფხული წყლის მოწოდების თვალსაზრისით გაუსაძლისი გახდა. ყველა გადართული ვართ იმაზე, რომ როგორმე წყლის გრაფიკს მოვერგოთ და რაც შეიძლება მეტი საოჯახო საქმე მოვასწროთ ამ ცოტა დროში. დაგვაწყდა ნერვები! წლის გრაფიკის გახანგრძლივება ხარაგაულში აუცილებელია“.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერი ტარიელ ავალიშვილი ამბობს, რომ წყლის გრაფიკის შეცვლის საკითხი შესასწავლია.

„ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. წყლის დებეტიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე წყლის მოწოდების ხანგრძლივობას, დღის განმავლობაში, 5 საათზე მეტად ვერ ვზრდით. დილით გრაფიკში ცვლილება შეგვიძლია. ისე გავაკეთებთ, როგორც მოსახლეობისთვის იქნება მოსახერხებელი.  ამ საკითხზე მუშაობას დავიწყებთ და ცვლილების შესახებ წინასწარ გაცნობებთ“, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 4 აგვისტოს, – მას შემდეგ, რაც აპრილში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, – განმეორებით გამოცხადდა.