საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ განახორციელა პროექტი „ეფექტიანი, ქმედითი და პროფესიონალური საჯარო სამსახური და მოხელე“.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში კვლევა ჩატარდა.
ხარაგაულსა და საჩხერეში მოქალაქეები გამოიკითხენ, ზესტაფონსა და ჭიათურაში – საჯარო მოხელეები. კვლევა 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
– პროექტის მიზანი იყო, გამოგვეკვლია, თუ რა სარგებელი მიიღეს საჯარო სამსახურის რეფორმით საჯარო მოხელეებმა და მოქალაქეებმა, – ამბობს „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელი რუსუდან გურგენიძე, – კონკრეტულად რა შეიცვალა მათთვის რეფორმის შემდეგ.
კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ საჯარო მოხელეები კანონში შეტანილ ცვლილებებსა და რეფორმებზე ინფორმაციას იშვიათად ეცნობიან. ზოგიერთი ელექტრონულ ფოსტსაც არ ამოწმებს.
საჯარო მოხელეები უკმაყოფილონი არიან საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებით, რადგან მათი კომპეტენცია შეფასება და ეს შეფასება არ არის მიზნებსა და ფუნქციებზე ორიენტირებული.
საჯარო მოხელეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა შედეგს ვერ მოგვიტანს, თუ თვითმმართველობა რეალურად დამოუკიდებელი არ იქნება.
განსხვავებულია მოქალაქეთა დამოკიდებულებები. საჩხერელ მოქალაქეთა ჯგუფი ნებისმიერ ცვლილებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავდა, იმის მიუხედავად, სასიკეთოა ეს ცვლილება თუ არა.
საჯარო მოხელეთა უვადოდ დანიშვნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. მაგალითად, ზესტაფონში მერის შეცლას საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება მოჰყვა. ზესტაფონელმა საჯარო მოხელეებმა სასამართლოს მიმართეს. 8 მათგანი თანამდებობებზე დააბრუნეს, 10 მათგანი რეზერვში ჩაირიცხა. ყველას იძულებითი განაცდურის გამო ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს, რაც ბიუჯეტს 31 ათასი ლარი დაუჯდა.
პროექტის ფარგლებში ცალკე გამოვიკვლიეთ ხელშეკრულებით დასაქმების საკითხი. ხელშეკრულებით აყვანა დროებითი ფუნქციების შესრულებისთვის ხორციელდება და არა მუდმივი ფუნქციების. კანონის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება აიყვანო მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობის 5%. ხარაგაულის თვითმმართველობაში ეს რიცხვი 5%-ს ბევრად აღემატება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ფოკუსჯგუფში იყო ხარაგაულის #2 სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე.
„ვმონაწილეობდი შეხვედრაში, რომელზეც განვიხილეთ ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს ურთიერთობა ხალხთან და დასაქმების პრობლემა ხარაგაულში. ასეთი სახის კვლევები ხშირად უნდა ტარდებოდეს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა თავიანთი საქმიანობა შეაფასონ და ხარვეზების გამოსწორებაზე იზრუნონ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოსახლეობასთან აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს. ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურების საქმიანობა კარგად გაწერილი კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს. მათ შეფასებაში მოქალაქეებიც უნდა მონაწილეობდნენ. მსგავსი კვლევის ჩატარება საინტერესო იქნებოდა პანდემიის პერიოდში, როდესაც მუშაობა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა“.
ლიკა ხიჯაკაძე
პროექტი „ეფექტიანი, ქმედითი და პროფესიონალური საჯარო სამსახური და მოხელე“ განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
სამოქალაქო საოგადოების განვითარების ინიციატივა ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.