2 აგვისტოს დრამატურგის, მწერლის, მთარგმნელის, სცენარისტისა და რეჟისორის რეზო თაბუკაშვილის დაბადების დღეა.

რეზო თაბუკაშვილი 1927 წელს ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალში ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შალვა თაბუკაშვილის ოჯახში დაიბადა.

რეზო თაბუკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული საგანძურის შენარჩუნებაში. მისი ინიციატივითა და მონაწილეობით საქართველოში დაბრუნდა უცხოეთში გაბნეული მნიშნელოვანი ხელნაწერები, დოკუმენტები და ფოტომასალა. 

ასევე, მისი უშუალო თაოსნობით გადმოასვენეს საქართველოში  მიხეილ თამარაშვილის ნეშტი. სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება რეზო თაბუკაშვილის ფილმი „კვალი ნათელი“. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს მიუძღვნა ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.

რეზო თაბუკაშვილი არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი შემდეგი ფილმებისა: „ალპური ვარსკვლავი“ (ფილმი ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას), „ვიტორიო სელა“,  „მთანი მაღალნი“,  „მიხეილ ხერგიანი“, „პირველად იყო სიტყვა“, „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“, „ნაძარცვის კვალდაკვალ“,  „შორეული სიახლოვე“.

რეზო თაბუკაშვილი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგმნელად ითვლება. 

გთავაზობთ უილიამ შექსპირის #64, #66 და #71 სონეტების რეზო თაბუკაშვილისეულ თარგმანებს:

სონეტი #64

როდესაც ვხედავ, დროის ხელმა როგორ დადაღა
გარდასულ წელთა საამაყო დიდებულება,

ციხე-კოშკებსაც აცამტვერებს ჟამი ხანდახან,
უკვდავ ბრინჯაოს მრისხანებით ამსხვრევს ბუნება.

ვხედავ, მშიერმა ოკეანემ მიწა დაფარა,
და ტალღებს ვხედავ სამეფოთა თავზე გადავლილს,

ვხედავ, ხმელეთი სტიქიონებს ართმევს ნაპარავს
და ძარცვა-გლეჯით დაგროვილა ქვეყნად ნადავლი.

როდესაც ვხედავ, ქვეყნებს ანგრევს დროის ურჩხული,
ვხედავ უმძლავრეს სახელმწიფოს დაშლა-დაცემას,

მაშინ მომესმის ნანგრევების ჩუმი ჩურჩული:
მოვა სიკვდილი ჩემი სატრფოს გასატაცებლად.

მეც სიკვდილივით მაშინებენ შენზე ფიქრები
და სული გოდებს, რომ ოდესმე აღარ იქნები.

სონეტი #66

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

სონეტი #71

არ დამიტირო, ამ ქვეყნიდან თუკი წავედი,
თუკი ამცნობენ დედამიწას გლოვის ზარები,

რომ სამყოფელად ავირჩიე ბნელი შავეთი
და მივატოვე სააქაო შესაზარები.

და თუკი მერე გადიკითხავ შენ ამ სტრიქონებს,
პოეტის ბედზე არ დაღვარო ცრემლი მდუღარე,

მე მირჩევნია, ნურასოდეს ნუ მომიგონებ,
თუ ჩემზე ფიქრი აგატირებს და გამწუხარებს,

ო, მოიგონე ამ ტანჯული ლექსის მუდარა,
იქნებ მე მაშინ უკვე ნაცრად ვიყო ქცეული,

რეროცა ჩემს სხეულს გადაფარავს ღამის სუდარა,
შენს სიყვარულსაც მიაყარე მიწა წყეული.

თორემ ნაღველი შენს სახეზე ღარებს გააჩენს
და მაგ ტრფობისთვის გამოგიტანს ხალხი განაჩენს.