საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვალა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის საარჩევნო ოლქები გაერთიანდა.

ძირითადი ოლქი ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი აქტი – იქნება ეს საუბნო კომისიების არჩევა თუ საჩივრის განხილვა, ძირითად ოლქში უნდა დამტკიცდეს.

„ოლქების ასეთი დამსხვილება მე, როგორც ძირითადი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს, – ამბობს ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე, – საჩივრების შემთხვევაში, ხარაგაულიდან და საჩხერიდან კი მოგვაწვდიან ინფორმაციას, მაგრამ თუ საჭირო გახდა ფაქტების მოკვლევა, ადგილზე მისვლაც მოგვიწევს. დიდი არეალია, დიდი ტერიტორია და საქმეც მეტი იქნება“.

საჩხერის ოლქში 57 საარჩევნო უბანია, ხარაგაულში – 37, ჭიათურაში – 58.

ყველაზე დიდ ინტერესს საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი იწვევს. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიულ წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ. 

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არასაკმარისია საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შესარჩევი პროცედურების ვადები და მათი ჩატარების მომწესრიგებელი რეგულაციები.

– ცესკო ყოველწლიურად კონკურსს აცხადებს და საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციურ წევრებს ატრენინგებს, – ამბობს მამუკა სამხარაძე, – ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი რესურსი საუბნო კომისიების არაპარტიული წევრების შესარჩევად. შესაძლოა, ტრენინგგავლილმა და სერტიფიცირებულმა პირებმა კონკურსში განცხადება არც შემოიტანონ. წინ რთული არჩევნები გველოდება და კომისიის წევრობას ერიდებიან. რა თქმა უნდა, უპირატესობას კონკურსში მონაწილე უფრო გამოცდილ და სერტიფიცირებულ კადრებს მივანიჭებთ.

31 ოქტომბრისთვის ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე გამართულ ინფრასტრუქტურას და კომისიის კვალიფიციურ წევრებს დავახვედრებთ.

ნინო კაპანაძე