30 მაჟორიტარი და 120 პარტიულის სიით არჩეული დეპუტატი – ასე დაკომპლექტდება მეათე მოწვევის პარლამენტი.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდა ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე.

როდის და ვის წარადგენენ პარტიები ამ ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად, – ამის გასარკვევად ხარაგაულში მოქმედი პარტიების სათაო ოფისებსა და მოქმედ მაჟორიტარებს დავუკავშირდით.

„პატრიოტთა ალიანსის“ აპარატის უფროსის, ირაკლი ჩიხლაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მათ პარტიას ხარაგაული-ჭიათურა-საჩხერის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი აუცილებლად ეყოლება.

„კონკრეტულ პიროვნებას ჯერ ვერ დაგისახელებთ, მსჯელობა მიმდინარეობს, – ამბობს ირაკლი ჩიხლაძე, – კანდიდატს კანონით დადგენილ ვადაში წარვადგენთ“.

„შენების მოძრაობა“ პარტია „ლელოს“ შეუერთდა. ლელოს ცენტრალური ოფისიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში ამ პარტიის დაფუძნება და მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა ივლისში არ იგეგმება.

სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში აპირებს მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

დავინტერესდით, შეაჩერებს თუ არა არჩევანს  პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრტიული საქართველო“ ხარაგაულის, ჭიათურის ან საჩხერის დღეს მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატებზე.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ მოგვცემს.

საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, მისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, მსჯელობენ თუ არა „ქართულ ოცნებაში“ მის სავარაუდო კანდიდატობაზე. ის ამბობს, რომ ისე მოიქცევა, როგორც პარტია ჩათვლის საჭიროდ.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ამბობს, რომ ამ წუთში არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

„პარტიაში კონსულტაციები დაწყებულია და როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე გადაწყდება, – ამბობს სულხან მახათაძე, – ამ წუთში ჩემს კანდიდატობაზე მსჯელობენ თუ არა, ვერ დაგიდასტურებთ“.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს, – გვიპასუხეს პარტიის სათაო ოფისში.

ნინო კაპანაძე