ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის მარტში დააფუძნა ა(ა)იპ „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრი,“ რომელიც ახალ სპორტულ დარბაზში განთავსდა. რეორგანიზაციის შედეგად მასთან გაერთიანდა თ. გიორგაძის სახელობის სპორტული სკოლა.

maghradze_anzor trenajorebi

2 ივლისიდან ამ ორგანიზაციას დავით გელაშვილი ხელმძღვანელობს. რა მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით, რა პრობლემები და სიახლეებია ცენტრში, – ამის შესახებ დავით გელაშვილი გვესაუბრება.

ამჟამად „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრში“ ფუნქციონირებს თავისუფალი ჭიდაობის (მწვრთნელი რეზო შერგელაშვილი), ძიუდოს (მწვრთნელი ბორის მანჯავიძე), კლასიკური – ბერძნულ-რომაული ჭიდაობის (მწვრთნელი დავით გელაშვილი) წრეები; კარატეს ორი ჯგუფი (მწვრთნელები ზვიად კურტანიძე და ირაკლი ღონღაძე); ვაჟთა და გოგონათა კალათბურთის წრეები (მწვრთნელი გოჩა ბუაჩიძე, მეორე მწვრთნელის ადგილი ვაკანტურია).

„ერთი კვირაა, რაც გავხსენით ჭადრაკის წრე, – გვიამბობს დავით გელაშვილი, – 15 მოსწავლე დადის. მათ ჭადრაკის თამაშს ამირან ხარატიშვილი შეასწავლის. დიდი ინტერესია მოსწავლეთა მხრიდან. უახლოეს ხანში ამოქმედდება მაგიდის ჩოგბურთის წრე. ძალიან გვინდა გოგონათა ტანვარჯიშის წრის ამოქმედება, რისთვისაც ვეძებთ სპეციალისტს.“

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, უმთავრესი პრობლემა მაინც ბავშვთა კონტინგენტის სიმცირეა. დავით გელაშვილის ინფორმაციით, ბორითის ზონაზე ფუნქციონირებს ფეხბურთისა და ჭიდაობის წრეები (მწვრთნელები სულიკო და ლევან დონაძეები), ხევში მძლეოსნობის წრე (მწვრთნელი მარლენ გრიგალაშვილი), კიცხში კალათბურთის, ფეხბურთისა და კლასიკური ჭიდაობის წრეები (მწვრთნელები გიგა ბერაძე, ჟორა მაჩიტაძე, ვეფხვია გამრეკელაშვილი), ზვარეში ჭიდაობა-ძიუდოს წრე (მწვრთნელი ივანე ჩაჩანიძე).

დავით გელაშვილი კმაყოფილია კარატეს წრის მწვრთნელის, ზვიად კურტანიძის, მუშაობით და ამბობს, რომ საქართველოს პირველობიდან მისი მოსწავლეები ყოველთვის გამარჯვებულები – 5-6 მედლითა და თასით ბრუნდებიან.

„ხარაგაული განთქმული იყო საუკეთესო მოჭიდავეებით და მათი მიღწევებით. გვყავდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის პრიზიორები. ამჟამად სავალალო მდგომარეობაა. ფაქტობრივად, მეცადინეობები სექტემბერში დავიწყეთ. შედეგს და სპორტსმენის გაზრდას დრო სჭირდება. მონდომებული მოსწავლეები გვყავს. თუ სწორად ვიმუშავებთ, ჭიდაობაში ძველებურად მაღალ შედეგს მივიღებთ და ტრადიციებს გავაგრძელებთ,“ – ამბობს დავით გელაშვილი და ამ კუთხით აუცილებლად მიიჩნევს ადგილებზე შეჯიბრებების ჩატარებას და ხარაგაულელი მოჭიდავეების გასვლას ჩამპიონატებზე. მისივე თქმით, გაზაფხულიდან დაიწყება შეჯიბრებები.

დავით გელაშვილმა ჭიდაობის საკითხებში მრჩევლად „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრში“ ანზორ მაღრაძე მიიწვია. „ყველა წარმატებული ხარაგაულელი მოჭიდავე ბატონი ანზორის გაზრდილია. დღეს მას შეუძლია მუშაობა, სათანადო რჩევებს აძლევს მწვრთნელებსა და მოჭიდავეებს, – ამბობს დავით გელაშვილი, – ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ და შედეგებს გაზაფხულიდან ველოდებით.“

თავად ბატონი ანზორი ამბობს, რომ მისთვის მეორე ცხოვრება დაიწყო და საყვარელ საქმესთან დაბრუნებამ სიცოცხლის ხალისი შემატა. დამსახურებული სპორტსმენი და სპორტის ოსტატი მიიჩნევს, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდა მოჭიდავეები ძლიერები და მონდომებულები არიან, მთავარია, მათი სწორად გაწვრთნა.

ხარაგაულის სპორტული დარბაზი ამ ზაფხულს რუსთავის კალათბურთელთა ორი გუნდის შეკრებას მასპინძლობდა. „რუსთაველ მწვრთნელებსა და კალათბურთელებს დარბაზი ძალიან მოეწონათ, – ამბობს დავით გელაშვილი, – დარბაზში ყველა ხარვეზი გამოსწორდა. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი გუნდი ჩამოვა ხარაგაულში და სპორტული დარბაზი მაქსიმალურად დაიტვირთება.“

სპორტულ დარბაზში მოქმედებს „ტრენაჟორები.“ „ას ბავშვზე მეტი ვარჯიშობს ჩვენთან, – ამბობს დავით გელაშვილი, – კვირაში ერთხელ აქვთ ფიზიკური დატვირთვის დღე და მწვრთნელი მათ „ტრენაჟორებზე“ ავარჯიშებს.

ამავე დროს ტრენაჟორებზე ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 30 ლარის გადახდის შემთხვევაში თვეში 16-ჯერ ვარჯიშია შესაძლებელი.“

ცენტრის დირექტორის თქმით, ზაფხულში ძალიან აწუხებდათ უწყლობა. „სპორტულ დარბაზში ყველაფერი ძალიან უხარისხოდაა გაკეთებული. ხელახლა გვიწევს ხარჯის გაწევა – დარბაზში ჭერი ჩამოვარდა, შევცვალეთ კარებები, საკეტები, დენის მარეგულირებელი. თანდათან გავაუმჯობესებთ პირობებს,“ – ამბობს დავით გელაშვილი. მისივე ინფორმაციით, „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრს“ თვეში ყველა ხარჯის დასაფარად 20 ათასი ლარი სჭირდება.

„არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს. ის, რისი გაკეთებაც საკუთარი ძალებით და მონდომებით შეგვიძლია, ვაკეთებთ. აუცილებლად გვჭირდებოდა გარეთ წყარო და ავაშენეთ. მუდმივად რომ გვქონდეს წყალი, სპორტული დარბაზის ეზოში ვგეგმავთ ჭის გაჭრას,“ – ამბობს დავით გელაშვილი.

ცენტრის დირექტორის სურვილია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს წარმატებული სპორტსმენების დაფინანსების საკითხი.

„ჭიდაობაში გვყავს მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ადგილის მფლობელი თედო ებანოიძე და ევროპის პრიზიორი ლაშა გიგაშვილი, – ამბობს დავით გელაშვილი, – ორივე მათგანი საქართველოს მოჭიდავეთა მთავარი ნაკრების წევრია და პირველი-მეორე ნომრები არიან საქართველოს გუნდში. სპორტსმენს უნდა დაფასება. კარგი იქნება, მათ ხელფასი დავუნიშნოთ და წავახალისოთ. ამით უფრო მეტად მოტივირებული გახდებიან ახალგაზრდა დამწყები სპორტსმენები, რომ მათი შრომა მომავალში დაფასდება.“

ნინო კაპანაძე 

 

ფოტოებზე: დავით გელაშვილი, ანზორ მაღრაძე მოჭიდავეებთან; ტრენაჟორებზე