საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები ახალი, 120/30 სისტემით ჩატარდება. ახალი მოწვევის პარლამენტში 30 მაჟორიტარი დეპუტატი და 120 პარტიული სიით აირჩევა. მაჟორიტარული ოლქები დამსხვილდება. ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე ერთ ოლქად გაერთიანდება.
რას საქმიანობენ პოლიტიკური პარტიების რაიონული ოფისები და როგორია წინასაარჩევნო გარემო ხარაგაულში, ამის გასარკვევად პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს დავუკავშირდით.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრებს და უბნებში – წარმომადგენლებს არჩევენ. „კომისიის წევრები თითქმის ყველა უბანში შერჩეული გვყავს. მათთვის უახლოეს ხანში ტრენინგები გაიმართება.
სათაო ოფისთან ერთად ვმუშაობთ ოლქებში კანდიდატების შერჩევაზე. გაერთიანებულ ოპოზიციას („ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“) ოლქებში ერთი კანდიდატი გვეყოლება. ვინ იყრის კენჭს ჩვენს ოლქში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი დაპირება არ შესრულდა. არჩევნების შემდეგ რომ სავარძლებში ჩასხდებიან, გაცემული დაპირებები ავიწყდებათ. ამის გამო მოსახლეობა უკმაყოფილოა.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად თუ მოსახლეობაზე მუქარის, მოსყიდვის და დაშინების ფაქტები დაფიქსირდება, ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია იქნება.
ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას არჩევნებში ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ის ძველი სახეების „გაცოცხლებას“ ცდილობს. წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გელაშვილი ღორეშასა და სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოებს აწარმოებს.
მიხეილ გელაშვილი ინდმეწარმედ 2020 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა, ხოლო ხელშეკრულებები, ადგილობრივმა მერიამ 17 ივნისს და 23 ივნისს გაუფორმა. ეს პირადად მე საეჭვოდ მეჩვენება“, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს აწარმოებენ.
„ველოდები, რომ სექტემბრიდან, პანდემიის მეორე ეტაპის გამო, კვლავ სახლებში ჩაგვკეტავენ. ამიტომ მოქალაქეებთან შეხვედრებს ვასწრებთ. ასევე აქტიურად ვაწევრიანებთ მსურველებს ჩვენს პარტიაში. ქართველ ხალხს მუდმივად ორი პარტიის დაპირისპირება მობეზრდა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს. რა თქმა უნდა, არის ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი პარტიის წევრები – არ ვიცი მუქარით, თუ „კეთილი“ რჩევით – პარტიას ტოვებენ. ეს წინააღმდეგობები საარჩევნო პროცესის გააქტიურებასთან ერთად გაიზრდება.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარებები სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებზე ნაწილდება. ამ ფაქტების გასაჯაროებისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ. თუ ეს კიდევ გაგრძელდება, ამაზე ხმას ავიმაღლებთ“, – ამბობს თემურ ფცქიალაძე.
„წინასაარჩევნო აქტიური პერიოდი ჯერ არ დაწყებულა. თუმცა დღევანდელი მთავრობის პირობებში სავარაუდოა, რომ ამომრჩევლებზე მოსყიდვა და ზეწოლა იქნება, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი , – არჩევნებში „შავი სამყაროს“ ჩარევას არ გამოვრიცხავ.
ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ. იმედი გვაქვს ხალხის, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, სწორ არჩევანს გააკეთებენ. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ვინც სამართლიან არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, ყველას წარმატებებს ვუსურვებთ.
პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ამ დრომდე აქტიური საარჩევნო პროცესები პარტიაში არ დაუწყიათ. „შტაბის შედგენლობა დამტკიცდა. ველოდებოდით საკონსტიტუციო ცვლილებებსა და არსებული პანდემიის გამო რეკომენდაციებს, შტაბმა თუ როგორ უნდა იმუშაოს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ტემპერატურა ნელ-ნელა მაღლა იწევს, ოპონენტების მხრიდან თავის გამოჩენისა და ჭიანჭველის ლომად გადაქცევის ხმაურიანი პროცესი უკვე დაიწყო. ვინ იქნება ჩვენს ოლქში პარტიის კანდიდატი, ჯერჯერობით, უცნობია“, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.
„ვთვლი, რომ წინ ძალიან საინტერესო, განსხვავებული და დაძაბული არჩევნები გველოდება, – ამბობს „შენების მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, – საარჩევნო პროცესები აქტიურ ფაზაში არ შესულა.
თუმცა გარკვეული ვნებათაღელვა მომატებულია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ხარაგაულში საკრებულოს სხდომებზე. დაძაბულობა ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის მატულობს, რაც ჩემი აზრით, არც პოლიტიკური პარტიებისა და არც ამომრჩევლებისთვის სარგებლობის მომტანი არ არის.
„შენების მოძრაობა“ შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“. უახლოეს მომავალში მოხდება პარტიის ოფისის გახსნა ხარაგაულში და ამის შემდეგ საარჩევნო პროცესებში უფრო აქტიურად ჩავერთვებით“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.