ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული 315 628 ლარი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.

ამ თანხიდან 45 628 ათასი ლარი ხარაგაულში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებით დაიზოგა; ხოლო 270 ათასი ლარი მოსწავლეთა ტრანსპორტირებიდან – პანდემიის გამო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ხარაგაულის წლევანდელ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 50 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. აქედან მიმდინარე წლის ექვს თვეში 40 860 ლარი უკვე გაიხარჯა; მათ შორის:

  • 31 200 ლარი პანდემიის პერიოდში მოქალაქეთა ერთჯერად და ყოველთვიურ დახმარებებზე მიიმართა;
  • 5 660 ლარი შშმ პირთა დასახმარებლად;
  • 4 000 ლარი – სამკურნალო-საოპერაციო ხარჯებისთვის.

დღეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში დარჩენილი 9 200 ლარი 30 ათასი ლარით შეივსო.

ხარაგაულის ბიუჯეტში ამ ცვლილებების გარდა,

  • სოციალურ პროგრამებში ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა 15 ათასი ლარით გაიზარდა;
  • 12 ათასი ლარი გამოიყო სოფლის ამბულატორიებში ინტერნეტიზაციისა და 2020 წლის შემდგომი თვეების სააბონენტო გადასახადისათვის;
  • ხარაგაულის #1 და ზვარეს საბავშვო ბაღების სველი წერტილების მოსაწესრიგებლად, თანადაფინანსების სახით, 5 ათასი ლარი გამოიყო.

საბიუჯეტო ცვლილებებმა საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა სხდომაზე იმ ხარაგაულელთა სია წარმოადგინა, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება არ მიუღიათ.

თორნიკე ავალიშვილი თვლის, რომ საბიუჯეტო თანხები არაკეთილსინდისიერად იხარჯება და მოსახლეობის ერთნაირ კატეგორიაზე არათანაბრად ნაწილდება.

საკრებულოს სხდომაზე მოვიდნენ ვარძიელები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.

„საკრებულოს სხდომა არ არის ის ფორმატი, რომ სოციალური დახმარების მიღების მსურველთა მოთხოვნები აქ განვიხილოთ. თუ ვინმე ჩვენთან მოვა და დახმარებას საჭიროებს ყველას, ვეხმარებით, – აღნიშნა სხდომაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ, – ერთ-ერთ სხდომაზე წარმომიდგინეს სია, რომელიც გადავამოწმეთ და იქედან ნახევარზე მეტ ადამიანს დახმარება უკვე აღებული ჰქონდა, ეჭვი მაქვს, რომ ეს სიაც ასეთი იქნება“.

საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ვარძიელებმა თავიანთი პრობლემები ნანა კიკნაძეს ინდივიდუალურად გააცნეს.

ხარაგაულის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ თემურ ფცქიალაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებზე ანაწილებენ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა თემურ ფცქიალაძეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა. თუმცა, მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ თუ სოციალური დამხარების გაცემა პარტიული ნიშნით კვლავ გაგრძელდება, ფაქტებს აუცილებლად გაასაჯაროებს.

თამთა გოგოლაძე