ხარაგაულის მოსახლეობას წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათით მიეწოდება. უწყლობით აღშფოთებული ხარაგაულელები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.
„ნახევარსაათიან გრაფიკზე გადავედით? ის ტენდერიც იშლება, როგორც ჩანს, და იმედია, ჩხერიმელა მაინც არ დაშრება!“ – ასე ეხმაურება უწყლობას სოციალურ ქსელში ხარაგაულელი მირიან შარიქაძე.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აგვიხსენით რა გრაფიკი გაქვთ ხარაგაულში. დილა-საღამოს თითო საათიან გრაფიკში ნახევარი საათი რომ ჰაერი მოდის ონკანში და მხოლოდ ნახევარ საათს წყალი, გვითხარით, რა მოვასწროთ ამ ნახევარ საათში ან რა ვუყოთ ჰაერის ნაკადით გაფუჭებულ მოწყობილობებს. აგვიხსნათ იქნებ, მოიღოთ მოწყალება, – ასევე სოციალურ ქსელში წერს ხარაგაულელი რუსუდან გურგენიძე.
– დღეს ვერც გავიგე წყლის მოსვლა და წასვლა, რომ ვნახე უკვე აღარ იყო. გველეშაპმა დაგვიწრიტა წყალი, – რუსუდან გურგენიძეს ეთერი მაჩიტაძე პასუხობს.
უწყლობის გამო, მარინე ხვედელიძე იძულებულია, რომ შვილები დასაბანად დედასთან, ჯაფაროულში, წაიყვანოს. „ვერც წყლის მომარაგებას ვასწრებთ, ვერც დარეცხვას, მორწყვაზე ხომ ზედმეტია საუბარი“, – წუხს ის.
ხარაგაულელი რუსუდან გურგენიძე საქართველოს წყალმომარაგების კომპანიასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს.
„წყალი თუ მოვიდა, ონკანში დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჰაერი მოდის. ჰაერის ძლიერ ნაკადს ონკანები და წყლის გამათბობელი მწყობრიდან გამოჰყავს. მრიცხველებს რომ აყენებდნენ, 24-საათიან წყალმომარაგებას გვპირდებოდნენ. ახლა გამოდის, რომ თანხას ჰაერში ვიხდით. წყალი იმდენად ცოტა რაოდენობით მოდის, თუ ჭურჭელს რეცხავ, გამათბობელს ვეღარ ჩართავ და ვერც წყალს მოიმარაგებ. სასმელ წყალს, კარგა ხანია, ავტომანქანით წყაროდან ვეზიდებით“, – ამბობს რუსუდან გურგენიძე.
ხარაგაულელი გია არევაძე წუხს, რომ წყალი გრაფიკითაც კი არ მიეწოდება, რადგან მეოთხე სართულამდე ვერ აღწევს: „ხანდახან მოდის ხოლმე, ისიც ძალიან ცოტა. ვერც მომარაგებას ვახერხებთ და მითუმეტეს – ელექტრომოწყობილობების ჩართვას“.
„გამუდმებით ვუკავშირდებით საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობას. ამ კვირაში კომპანიის წარმომადგენლები ხარაგაულში ჩამოვლენ და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. სავარაუდოდ, წყალსადენის ტერიტორიაზე დაიდგმება გაძლიერებული წყლის სატუმბი, რომელიც საათში, 34 ტონა წყლის ნაცვლად, 60 ტონას ამოტუმბავს. ეს არსებულ მდგომარეობას ცოტათი გააუმჯობესებს. წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელები გვპირდებიან, რომ ამ კვირაში ამ საკითხს მოაგვარებენ“, – ამბობს დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ვერც პირადად შევხვდით. მერთან მოქალაქეთა მიღების საკითხებში სპეციალისტმა გვითხრა, რომ თოფურიძე დღეს პარლამენტში იმყოფება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში არსებული ტუმბოები 700 ტონა წყალს ტუმბავს. მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარება გაიზარდა, ამიტომ არსებული გრაფიკი შემცირდა.
„ვცდილობთ გავაძლიეროთ წყლის არსებული ტუმბოები, ამის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი ხელისუფლება. ვეცდებით ეს მდგომარეობა უმოკლეს ვადაში გავაუმჯობესოთ“, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი.
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ცდილობს, ინფორმაციას მოპოვებისთანავე მოგაწვდით.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ლეღვნის წყალსადენის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში მშენებელი ორგანიზაციის შერჩევა-შეფასების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი