პრობლემები, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშის მოსახლეობას აწუხებს, სხვა სოფლების მსგავსია – უგზოობა, უწყლობა, საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმიუწვდომლობა, უმუშევრობა, მიგრაცია.
ღორეშის მოსახლეობისთვის ინტერნეტით სარგებლობა პრობლემაა. სოფელში მობილურ ინტერნეტს იყენებენ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ღორეშის ინტერნეტიზაციით, ჯერჯერობით, არც ერთი კერძო კომპანია არ დაინტერესდა.
ღორეშიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში მოხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით კვირაში მხოლოდ ორჯერ – ორშაბათსა და ოთხშაბათსაა შესაძლებელი, ზესტაფონის, თბილისისა და რუსთავის მიმართულებებით ტრანსპორტი ყოველდღე დადის, ხაშურისკენ – ბაზრობის დღეებში – პარასკევსა და კვირას.
იმის მიუხედავად, რომ სექტემბრიდან ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფი გაიხსნება და სოფელი „დაბერებულად“ არ ითვლება, ახალგაზრდებისთვის აქ ცხოვრება მომზიდველი მაინც არ არის.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში ღორეშიდან არც ერთი ოჯახი არ არის ჩართული.
„ამისთვის, სურვილთან ერთად, სპეციალური ცოდნაა საჭირო. ბიზნესში უნდა იყო ჩახედული, შრომა არ უნდა დაგეზაროს, – ამბობს ღორეშელი მალხაზ გაჩეჩილაძე, – ღორეშაში უმთავრესი პრობლემა საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმიუწვდომლობაა.
ტყის ახალი კოდექსით შეშას და სამასალე მერქანს ტყიდან მეტყევე გამოიტანს და ის დაბალ ფასებში გაიყიდება.“
მეექვსე თვეა, რაც ღორეშის საექიმო ამბულატორიას ახალი ექიმი ჰყავს. ის სოფელში კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით დადის. ეს არასაკმარისია, რადგან როგორც ღორეშლები ამბობენ, ექიმის მომსახურება ყოველდღიურად საჭიროა. მოსახლეობა ექთნის, ტატიანა მაჩაიძის, იმედზეა.
ჟენია კაპანაძეს ექიმი რომ დასჭირდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. სასწრაფო დროულად მივიდა და დახმარებაც გაუწიეს. თუმცა, ანალიზების აღება და წამლების შეძენა პენსიონერისთვის ძნელია.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინ გაკვეთილების ჩატარება ძალიან გაუჭირდა ღორეშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ალექსანდრე იჩქიტიძეს. ის ამბობს, რომ ინტერნეტის მისაღებად შესაბამისი ტექნიკა არც მასწავლებლებს ჰქონდათ და არც მოსწავლეებს. ამიტომ, მისი შეფასებით, შედეგები მინიმალურია.
ალექსანდრე იჩქიტიძე მიიჩნევს, რომ სოფლების ინტერნეტიზაცია აუცილებელია, ხოლო განათლების სამინისტრომ მოსწავლეებისა და პედაგოგების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვაზე უნდა იზრუნოს.
მეორე წელია, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა. ღორეშაში წელს ამ პროგრამით, დაგეგმილია შინმოუსვლელთა მემორიალის აღდგენა, ნარაზოულის უბანში გზის მოხრეშვა, საჯვარის უბანში წყლის სისტემის მოწყობა, საბავშვო ბაღისთვის ეზოს სათამაშოების შეძენა, სკვერის რებილიტაცია და გარე განათების მოწყობა.
ყველა ამ სამუშაოს შესრულება შპს „ტუკამ“ ივალდებულა. სოფელს ამ პროგრამის ფარგლებში 16 ათასი ლარი გამოეყო.
მეტი დაფინანსების პირობებში, რა პრობლემებს მოაგვარებდნენ, – ამ შეკითხვაზე მერის წარმომადგენელი ღორეშაში გურამ კურტანიძე ამბობს, რომ სრულად აღადგენდნენ კულტურის პარკს, მოაბეტონებდნენ საუბნო გზებს და მოაწყობდნენ გარე განათებას.
„ძალიან კარგი იქნება, თუ სოფელი გაზიფიცირდება, – ამბობს გურამ კურტანიძე, – მოსახლეობა ზამთარ-ზაფხულ შეშას იყენებს. ღორეშის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, გაზიფიცირება ამის შემდეგ უნდა დაიწყოს.“
კიდევ რა პრობლემები აწუხებს ამ სოფლის მოსახლეობას, ამის შესახებ თავად ღორეშელებს მოუსმინეთ ვიდეოჩანაწერში.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.