სოფლები რომ ახალგაზრდებისგან იცლება, ამის უმთავრესი მიზეზი მათგან ქალაქებში სამუშაო ადგილების ძიებაა. რიკოთის მშენებარე ავტობანის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დროებითი სამუშაო ადგილები გამოჩნდა. თუმცა, ამ სოფლებში ახალგაზრდების განვითარებისთვის სათანადო პირობები არ არის.

შევეცადეთ, გაგვეგო, რა პრობლემები აწუხებთ ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა, უგზოობა, ზოგიერთ სოფელში – სპორტული მოედნების, დასასვენებელი სკვერების, გარე განათების არარსებობა – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებს.

ავტობანის მშენებლობაზე მხოლოდ მამაკაცების დასაქმების შესაძლებლობაა. უმუშევრობა კვლავ მწვავე პრობლემაა ქალებისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში სპორტული მოედანი, წლების წინ, მოდიდებულმა მდინარე ძირულამ დააზიანა. ნადაბურელი მალხაზ გელაშვილი ამბობს, რომ, კარგი იქნება, თუ ახალი სტადიონი სკოლის მიმდებარე მოასფალტებულ, თუმცა – დაზიანებულ და უფუნქციო ადგილას მოაწყობენ. ნადაბურის ცენტრალური სასოფლო გზის ნაწილი მობეტონდა, ნაწილი კი გასაკეთებელი დატოვეს. გაგრძელდებაო, – მოსახლეობა ამ დაპირების იმედად არის.

ნადაბურის დეპუტატი დოდო ხაჩიძე ადასტურებს, რომ სოფლის ახალგაზრდებს სპორტული მოედანი ნამდვილად სჭირდებათ. მთელი სოფლის ახალგაზრდები სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მოედანზე თამაშობენ, თუმცა, ისიც ავარიულია. მისი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნადაბურში სპორტული მოედნის მოსაწყობად, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს.

„ნადაბურელი ახალგაზრდა ვაჟები, ძირითადად, თბილისში არიან სამუშაოდ წასულები, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – ძირულას ხეობაში ერთი მცირე საწარმო მაინც რომ გაიხსნებოდეს, – უბისაში რომ ხილის გადამამუშავებელი ქარხანა იყო, ისეთი, – ბევრი ადამიანი დასაქმდებოდა.

რაც შეეხება სოფლის ცენტრალური გზის პრობლემას, გამზადებულია პროექტი, რომლითაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ნადაბურის გავლით, საჩხერეს დაუკავშირდება. ეს გზა მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა ააშენოს. ახლა სამუშაოები დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, პანდემიის გამო შეჩერდა“.

სტადიონი აღარც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ. არსებულ სტადიონზე რკინიგზის მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ ქვები დაყარა. ძირულელი ვახტანგ მასხარაშვილი ამბობს, რომ ბავშვები ამ სტადიონზე მაინც თამაშობენ, რის გამოც რამდენიმე მათგანი დაშავდა კიდეც.

სოფელი ძირულა ჩაბნელებულია და მოსახლეობას გარე განათების მოწყობა სურს.

მერის წარმომადგენელი ძირულაში ვაჟა გველესიანი გვამცნობს, რომ პროექტი გამზადებულია და სპორტული მოედანი მალე გაკეთდება.

რაც შეეხება ძირულაში გარე განათების პრობლემას, ვაჟა გველესიანი ამბობს: „გარე განთება გააკეთეს, მაგრამ მოსახლეობამ დაამტვრია და ჩამოყარა. კიდევ რომ გავაკეთოთ და შემდეგ ისევ ჩამოყარონ, ნამდვილად არ გვაწყობს“.

ღორეშაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა აწუხებთ.

„სოფელში ბევრი რამეა გასაკეთებელი. კარგი იქნება, გზის დაწყებული მშენებლობის დასრულებას თუ გვაღირსებენ. უგზოობა ძალიან გვაწუხებს, – ამბობს ღორეშაში მცხოვრები მარიამ კაპანაძე, – მაგრამ ამაზე უფრო მეტად, ინფორმაციის მოსაძიებლად, ინტერნეტი გვჭირდება. ერთ უბანში სპორტული მოედანი გააკეთეს.

ღორეშა დიდი სოფელია და უკეთესი იქნება, კიდევ ერთ სპორტულ მოედანს თუ გაგვიკეთებენ; თუმცა ამის დიდი იმედი არ გვაქვს. იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, სპორტული მოედნის არარსებობა ნამდვილად პრობლემაა. დასაქმების პრობლემა ყველგან არის, მათ შორის ჩვენთანაც. ჩვენი სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია. მგონი, სკოლის მოსწავლეების გარდა ახალგაზრდა აღარავინაა დარჩენილი. სოფელში არავინ ჩერდება, რადგან განვითარების საშუალება არ აქვთ“.

„არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ სხვებისთვისაც, ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა სერიოზული პრობლემაა, – ამბობს ღორეშას დეპუტატი იულონ კოპაძე, – ამ პრობლემის გადაწყვეტა დღემდე არანაირად დაძრული არ არის.

კვადოურის უბანში გზის მშენებლობა დაიწყეს და სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სამომავლოდ გზა საჯვარის უბნისკენაც გაკეთდება“.

ახალგაზრდებს გასართობი ადგილი არც ვერტყვიჭალაში აქვთ.

„სტადიონი რომ მაინც გაკეთდეს ახალგაზრდებისთვის, კარგი იქნება. სოფელში არაფერია გასართობი. პროფესიით მუსიკოსი ვარ, მაგრამ ახლა ავტობანის მშენებელ ჩინურ კომპანიაში მედროშედ ვმუშაობ“, – დანანებით ამბობს ვერტყვიჭალელი იმედა ბლიაძე.

ინტერნეტისა და გასართობი ადგილის არარსებობა აწუხებთ ახალგაზრდებს სოფელ ხევსა და საქასრიაშიც.  

„არ გვაქვს თავშეყრის ადგილი, – სკვერი, სადაც სკამები და გამწვანება იქნება. ბავშვებისთვის არ არის ადგილი, სადაც მათ ახალგაზრდა მშობლები გასართობად წაიყვანენ და თვითონაც განიტვირთებიან. ასევე არ გვაქვს საკაბელო ინტერნეტი. ძირითადად, მობილურის ინტერნეტს ვიყენებთ. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი დასაქმებულია სკოლაში, ბაღში, საზოგადოებრივ ცენტრში, მაგრამ დანარჩენი ნაწილი უმუშევარია“, – ამბობს ხევში მცხოვრები გვანცა ხადილაშვილი.

„კარგი იქნება, თუ ახალგაზრდებისთვის სტადიონს გააკეთებენ, ბავშვებისთვის კი – რაიმე გასართობ ადგილს. ინტერნეტის პრობლემა გვაქვს. ანძები ისეთ ადგილას არის დადგმული, რომ ზოგიერთი უბანი სიგნალს ვერ იღებს“, – ამბობს საქასრიელი ილია წიქარიშვილი.

„სოფელში ბევრი პრობლემაა. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ინტერნეტი ძალიან გვჭირდება. ამის გარეშე რთულია, როდესაც სკოლის მოსწავლის მშობელი ხარ.

ასევე კარგი იქნებოდა, გამოინახულიყო ადგილი სკვერის მოსაწყობად. ბავშვები სკოლაში, ბაღში ვერ დადიან, ყველანაირ ურთიერთობას არიან მოწყვეტილნი. თუ მსგავსი პატარა გასართობი ადგილი გაკეთდება და მოწესრიგდება, კმაყოფილები ვიქნებით.

დღეისათვის ახალგაზრდები გზის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, მაგრამ მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ სად და როგორ გააგრძელებენ მუშაობას, არ ვიცი. ალბათ, უმუშევრობის პრობლემა შემდეგ ისევ მწვავედ იჩენს თავს. სოფელი ახალგაზრდებისგან იცლება“, – ამბობს ბორითელი გურანდა მანჩხაშვილი.

„ხევში საზოგადოებრივი ცენტრისთვის ახალი შენობა იგება და იქ პატარა სკვერიც მოეწყობა“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ხევში გელა კოპაძე, – რაც შეეხება ინტერნეტს, სპეციალისტები მოვიდნენ და დაგეგმეს, რომ საკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება. ხევში შემოდგომისთვის, შესაძლოა, უკვე გვქონდეს საკაბელო ინტერნეტი“.

„აირმაქსის“ ინტერნეტის შემოყვანა გვინდოდა, მაგრამ ბორითის თემის დაფარვა ვერ მოხერხდა, – ამბობს მერის წარმომადგენელი ბორითში ზურაბ ბარბაქაძე, – სკვერის მოწყობას არ ვგეგმავთ, მაგრამ სტადიონი გვაქვს თავის განათებით. საბავშვო ბაღის ეზოში არის სკვერი და თუ ვინმეს სურს, იქ შესვლას არავინ უშლის.

რაც შეეხება საქასრიაში სპორტული სტადიონის უქონლობას, ზურაბ ბარბაქაძე ამბობს: „საქასრიაში სტადიონი იყო. რამდენადაც ვიცი, ახლა ის ჩინურ კომპანიას აქვს ნაქირავები“.

ავტობანის მშენებლობას უკავშირებს ვერტყვიჭალაში სპორტული მოედნების უქონლობას მერის წარმომადგენელი ხუნევის თემში კახა ლომიძე: „სპორტული მოედანი ვერტყვიჭალაშიც გვქონდა და ხუნევშიც. ეს მოედნები ავტობანის მშენებლობის არეალში მოექცა. ამჟამად გვაქვს საუბარი ავტომაგისტრალის მშენებელ ჩინურ კომპანიასთან. მშენებლობის დასრულების შემდეგ ვერტყვიჭალასა და ხუნევში სტადიონების მოსაწყობად ადგილები შეირჩევა“.

ლიკა ხიჯაკაძე