ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 ივნისს სხდომაზე წყალმომარაგების კომპანიისთვის ხარაგაულში 4 304 კვმ მიწის უვადოდ გადაცემაზე იმსჯელა.

კომპანიამ ხარაგაულის წყალსადენის ტერიტორიის უვადოდ გადაცემა 24-საათიანი სტაბილური წყალმომარაგებისათვის მოითხოვა, ამ ტერიტორიაზე სამი ჭაბურღილის გასაკეთებლად, რათა იქედან წყლის რესურსი, ლეღვნის წყალსადენთან ერთად, ხარაგაულის მოსახლეობას დამატებით მიაწოდოს.

საკრებულოს წევრმა თემურ ფცქიალაძემ („პატრიოტთა ალიანსი“) საკითხის განხილვის გადადება იმ მოტივით მოითხოვა, რომ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, ვინც „მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებდნენ“. „თუ უმრავლესობა ამ საკითხს მხარს დაუჭერთ, დავა სასამართლოში გაგრძელდება“, – ამბობს თემურ ფცქიალაძე.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ხერხდება ლეღვნის წყალსადენის სათავე ნაგებობის ისე მოწყობა, რომ წყალი იქვე გაიფილტროს?

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ჯაბა ბერაძის განმარტებით, ლეღვნის სათავე ნაგებობობაზე ფილტრების დაყენება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

„წყალმომარაგების კომპანიამ შედარებით იაფი გამოსავალი იპოვა, სათავე ნაგებობა ფილტრების გარეშე მოეწყობა, მაგრამ იქ წყლის ამღვრევის შემთხვევაში მოსახლეობა სუფთა წყლით დამატებითი ჭაბურღილებიდან მომარაგდება“, – ამბობს ჯაბა ბერაძე.

ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მისი თქმით, „კომპანიისგან, რომელიც ხარაგაულის მოსახლეობიდან ერთ მ3 წყალში 41 თეთრს უკანონოდ იღებს, არ არსებობს გარანტია, რომ ხარაგაულის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას შეძლებს“.

მოქალაქე ბესო დავაძე ამბობს, რომ მიწის წყალმომარაგების კომპანიისთვის დაკანონებამდე აუცილებელია გარანტია, რომ ეს კომპანია არ გაიყიდება ერთ კერძო პირზე, რომელიც ხარაგაულის წყლის რესურსს მთლიანად დაეპატრონება.

საკრებულოს წევრი აკაკი მაჭავარიანი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“) დაინტერესდა, კომპანიის გაყიდვის შემთხვევაში მომხმარებლებისთვის წყლის გადასახადი ხომ არ მოიმატებს.

საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატ დავით კიკნაძის ინფორმაციით, ტენდერის ჩაშლის შემთხვევაში საღანძილეში 31, დიდვაკეში 51 ოჯახი და მთელი დაბა ხარაგაულის მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩება. „სექტემბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ნორმალური ფუნქციონირებისათვის წყლის მიწოდება დასჭირდებათ. ხარაგაულს ალტერნატიული წყალი სჭირდება. არავინ არაა დაზღვეული, რომ სტიქია არ განმეორდება. წყალმომარაგების კომპანიისთვის წყალსადენის ტერიტორიის უვადოდ გადაცემას მხარს ვუჭერ იმისათვის, რომ ხარაგაულელებს 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეთ“ ,- ამბობს დავით კიკნაძე.

საკრებულომ, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა N90ა-ში მდებარე 2718 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი, ამავე მისამართზე მდებარე 1486 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი და 100 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.