„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ –  ასე ჰქვია პროექტს, რომელიც, ხუთ წელზე მეტია, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათას სკოლას აერთიანებს. 

პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (cenn)  და ფონდის „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით  შეიქმნა. განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური ზრდა, შიმშილისა და სიღარიბის დაძლევა – ეს იმ მიზნების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ახალგაზრდული გარემოსდაცვითი  პროექტი აერთიანებს. 

– თავიდან ყველაფერი  ფოტოკონკურსით „ფოტოსინთეზი“  დაიწყო, – გვიამბობს cenn-ის  იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი მაია კეზევაძე, – კონკურსში თითქმის ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობა და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო პროექტი  მოსწავლეებისთვის, რომელიც შემეცნებას, ბუნებასა და სხვა მიმართულებას გააერთიანებდა.  უკვე 5 წელია, დიდი ბიოლოგისა და მეცნიერის, ნიკო კეცხოველის, სახელობის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. 

მაია კეზევაძის თქმით, იმერეთის რეგიონის სკოლები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან. 2019  წელს პროექტის  გამარჯვებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის სკოლა გახდა. დიდი მიღწევები აქვთ ჭიათურასა და ხარაგაულს. 

– ხარაგაული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტია ამ კონკურსში. წელს მოსწავლეების აქტიურობამ  ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან პროექტში 15 სკოლაა ჩართული. Მათგან რამდენიმე კი ნამდვილად გამორჩეულია. მადლობა თეა ტალახაძეს,  რომელიც არა მარტო ხარაგაულის, არამედ სხვა მუნიციპალიტეტების მოსწავლეებსაც კი ეხმარება და რჩევებს აძლევს“, – ამბობს მაია კეზევაძე.  

თეა ტალახაძე პროექტის  დაარსების დღიდან მისი აქტიური მონაწილეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კონკურსში ჩართულ სკოლებს კურატორობას უწევს. შარშან მან განათლების გარემოსდაცვითი ხელშეწყობისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისგან „წლის მასწავლებლის“ წოდება და „მწვანე ჯილდო“ დაიმსახურა. 

ახლა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მადონა ულუმბელაშვილთან ერთად გარემოს დამცველთა კლუბს ხელმძღვანელობს.

– ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოსწავლეზე ორიენტირებული პროექტია, – ამბობს თეა, – მისი კონცეფცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეფუძნება. თითოეული აქტივობა კი 17 მიმართულებას აერთიანებს. მოსწავლე იწყებს ტყეების დაცვას, გარემოს მოვლას, განაშენიანებას. სწავლობს, თუ როგორ დაწეროს საგაზეთო სტატია, აიღოს ინტერვიუ, ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, განავითაროს  ემპათიის უნარები და ურთიერთობა მოწყვლად ჯგუფებთან, განახორციელოს საქველმოქმედო აქციები. 

ეს პროექტი გათვლილია იმაზე, რომ ბავშვი მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, საკუთარ ქვეყანაზე, დედამიწასა და პლანეტაზე იზრუნოს“, – ამბობს თეა ტალახაძე და განმარტავს, რომ 5 წლის განმავლობაში პროექტს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი სწავლას ეკოლოგიის მიმართულებით აგრძელებენ და გარემოსდაცვა მათი სამომავლო პროფესია ხდება. 

ვიდეოში: პროექტის” ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018″ ფინალისტი მონაწილეების ეკობანაკი: “აღმოაჩინე საქართველო”

2020 წელს პროექტის ნახევარფინალის ღონისძიება მაისში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ვადები შეიცვალა. კორონავირუსისგან გამოწვეული ვითარების გამო  პროექტის აქტივობებმა გარე სივრციდან დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა. 

ორგანიზატორები და მოსწავლეები ამბობენ, რომ დისტანციურ რეჟიმში გადასვლას თავიდან შიშით უყურებდნენ. თუმცა შემდეგ ამ ცვლილებას ფეხი აუწყვეს. 

თეა ტალახაძის თქმით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა  ამ გამოწვევას თავი კარგად გაართვა. მოწვეული სტუმრების დახმარებით მართავდნენ ონლაინ ვებინარებს  სამოქალაქო აქტივიზმის, ტყეების მდგრადი მართვის, ეკოლოგიური წიგნიერების, ეკოტურიზმის, ბიომრავალფეროვნების შესახებ. ერთვებოდნენ cenn-ის ორგანიზებულ მინი კონკურსებში, რომლებშიც უკვე სამი გამარჯვებული ჰყავთ – გიგა ხიჯაკაძე, თეკლა ებანოიძე და ნინო კურტანიძე.

– დაგეგმილ აქტივობებზე უარი არ ვთქვით და ყველა განვახორციელეთ. „ერთი კაცის“ აქცია წამოვიწყეთ. ჩვენს ეზოებს ვასუფთავებდით და ხეებს ვრგავდით. გარემოსდაცვის თარიღები დისტანციურად აღვნიშნეთ, მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე სკოლების თანამშრომლობით  დაგეგმილი ლაშქრობის გადადება მოგვიწია, – ამბობს თეა ტალახაძე, – ამ პროექტმა ხარაგაულის სკოლებს  შორის თანამშრომლობა გააღრმავა და მოსწავლეები ერთმანეთთან დაახლოვა. 

დისტანციურ რეჟიმში აქტივობების შესახებ საუბრობს ხარაგაულის გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ეკოკლუბ „ხერგილის“ ხელმძღვანელი მარინა მუმლაძე. 

-გიმნაზია წელს პირველად შეუერთდა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას. პროექტი ჩვენი სკოლისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გეგმების რადიკალურად შეცვლა მოგვიწია. გარე აქტივობებზე, თანამშრომლობით ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე უარი ვთქვით. თუმცა დისტანციურად ვებინარებს ვესწრებოდით. ავაწყვეთ ვიდეობი, პოსტერები, – ამბობს მარინა მუმლაძე, – პროექტი მოსწავლეების პიროვნულ ზრდასა და თვალსაწიერის გაფართოებას ხელს უწყობს. 

კესო ჩხიკვაძე  ერთ-ერთია იმ მოსწავლეთა შორის, ვინც პროექტში დაარსების დღიდან მონაწილეობს.
– ამ პროექტთან ერთდ გავიზარდე. ამიტომ ჩემთვის ძალიან ახლო და საყვარელია. დღეს უკვე მონაწილეები ისეთ სერიოზულ თემებზე ვმუშაობთ, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები.  ეს საშუალებას გვაძლევს ჩარჩოებში არ მოვექცეთ, ჩვენი იდეები თუ აზრები ყოველი კუთხით განვავითაროთ, – ამბობს კესო.

კესო ჩხიკვაძის მსგავსად პროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი გიგა ხიჯაკაძე. მისი თქმით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

– ამ პროექტში ჩართვის შემდეგ ცხოვრების სტილი შევიცვალე. გარდა იმისა, რომ გარემოსდაცვის კუთხით ცოდნა შევიძინე, დროის მენეჯმენტის უნარი გამომიმუშავდა  და სხვა აკადემიური უნარებიც უკეთ განმივითარა. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის  ბულაჩაურის ბანაკი მონაწილეებს დიდ სტიმულს აძლევს.  

პროექტის ორგანიზატორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ამბობენ, რომ ამ წლების განმავლობაში პროექტი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ერთი დიდი ოჯახი გახდა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის გვერდით დგას და გარემოს ერთიანი ძალებით უფრთხილდება.

– ჩვენ რთული გზა გავიარეთ, მაგრამ შევძელით. ბავშვები, პედაგოგები, ლექტორები, ტრენერები  ყველა ერთად ვართ, – ამბობს მაია კეზევაძე.

5 ივნისს გარემოს დაცვის დღეა. პროექტის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“  პირველი ეტაპის  შედეგები სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი. 

იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი მაია კეზევაძე ამბობს, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. თუმცა მანამდე შემოდგომაზე მოსწავლეებს ნახევარფინალი და  ფინალი ელოდებათ. 

Თამარ ჩხიკვაძე