მათი ოჯახური ბედნიერება პატივისცემასა და ერთგულებაზეა დამყარებული. ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ერთმანეთს რომ შეხვდნენ. ქალბატონი ლემა – 21 წლის, ხოლო ბატონი ნუგზარი – 24 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ამ დღეს ორივე აღელვებით იხსენებს.

მტკიცე ოჯახური თანაცხოვრების საფუძველი დიდი სიყვარულია, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. სწორედ ეს სიყვარული აღმოჩნდა ქალბატონი ლემა ბერაძისა და ბატონი ნუგზარ ლომსაძის 50-წლიანი ქორწინების განმამტკიცებელი.

„1969 წლის სექტემბერში ვარძიის საშუალო სკოლის პიონერხელმძღვანელად დავინიშნე. ნუგზარი – მომავალი ჩემი მეუღლე, ამ დროს კომკავშირის რაიკომის სასკოლო განყოფილების გამგედ მუშაობდა. რაიკომში ხშირად გვიბარებდნენ თათბირებსა და სემინარებზე.

თითქმის ყოველთვის გვაცილებდა ნუგზარი პიონერხელმძღვანელებს ავტოსადგურამდე. მე ვგრძნობდი, თვალი ჩემსკენ ეჭირა. ნუგზარს საიდუმლო მისი უახლოესი ნათესავისთვის, აწ განსვენებული ჯუდი უჩიძისთვის გაუმჟღავნებია. ბატონმა ჯუდიმ ისე დამიხასიათა ნუგზარი, ვიფიქრე, ოღონდ არ გადაიფიქროს-თქო და მასთან დაქორწინებას დავთანხმდი“, – იხსენებს ქალბატონი ლემა.

ბატონი ნუგზარი ხუმრობს და აღნიშნავს, რომ გარდა ქალბატონი ლემას სილამაზისა, იგი მისი გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპურებითაც მოიხიბლა.

„ერთმანეთი გავიცანით ექსკურსიაზე, სადაც ლემას მშვენების გარდა, მისი უგემრიელესი ხაჭაპურებითაც მოვიხიბლე. დღემდე რჩება ლემა მთელი სანათესაოს გულღია და კეთილ დიასახლისად“, – ამბობს ბატონი ნუგზარი.

ქალბატონი ლემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრიდანაა, ხოლო ბატონი ნუგზარი სოფელ სხლითში, ხუთშვილიან ოჯახში დაიბადა. 1970 წლის 23 მაისს გადაიხადეს დიდი ქორწილი, როგორც სხლითში, ასევე ხიდარში. ჯვარი კი მოგვიანებით, 2002 წელს დაიწერეს.  ახალგაზრდა წყვილის თანაცხოვრებაში იყო ცხოვრებისეული სირთულეებიც, დაბრკოლებებიც, მაგრამ ისინი ერთმანეთის გვერდით დგომითა და სიყვარულით ამ ყველაფერს უმკლავდებოდნენ.

„მიზერული ხელფასი გვქონდა, რაც ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახებოდა. სირთულეების გადალახვაში ჩვენი ოჯახებიც აქტიურად გვეხმარებდნენ. ნუგზარი იყო და არის უერთგულესი მეუღლე. ჩემი სტუდენტობის წლები მასთან ერთად გავიარე, პედაგოგიურ წრთობაშიც აქტიურად იყო ჩართული“, – იხსენებს ქალბატონი ლემა.

პროფესიულ საქმიანობაში ორივე წარმატებას აღწევდა. ქალბატონი ლემა ხარაგაულის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. ბატონი ნუგზარი წლების განმავლობაში მასწავლებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე გახლდათ. ახლა კი მეფუტკრეობითაა დაკავებული სოფელ სხლითში. ამ საქმიანობაში მას საყვარელი მეუღლეც ეხმარება.

„ფუტკარივით მშრომელმა 40 წლის წინ მეფუტკრეობა დაიწყო, რაშიც მეც გვერდით ვუდგავარ“, – ამბობს ქალბატონი ლემა.

ბატონი ნუგზარისა და ქალბატონი ლემას პატარა ოჯახი გაიზარდა, ჰყავთ სამი შვილი: ნინო, გიორგი და მაია; ასევე შვილიშვილები: ვაჩე, ლაზარე და გიორგი. მეოთხე შვილიშვილსაც ელოდებიან. 

მათი ქალიშვილი, ქალბატონი ნინო ლომსაძე, ბედნიერია და ამაყობს თავის მშობლების გამო.

„ჩვენ გვეამაყება, რომ ვართ ასეთი სტუმართმოყვარე და შრომისმოყვარე მშობლების შვილები. მათგან მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ისინი ჩემთვის ნამდვილად სამაგალითოები არიან“, – ამბობს ნინო ლომსაძე.

ქალბატონი ლემა ახალგაზრდა წყვილებს ურჩევს, დამთმობები და ერთმანეთისადმი ურთიერთგამგებნი იყვნენ: „ძველებისაგან რჩევა-დარიგებებს ახალგაზრდები ნაკლებად ითვალისწინებენ, მაგრამ მე მაინც ვეტყვი მათ, რომ არ დაკარგონ პატივისცემა და ერთგულება, იყვნენ დამთმობნი და გამგებნი ერთმანეთის მიმართ“.

რამდენიმე დღის წინ, 23 მაისს, ლემა ბერაძემ და ნუგზარ ლომსაძემ ქორწინების 50 წლის იუბილე აღნიშნეს. მათი სახლი ულამაზეს სოფელ სხლითში შვილებისა და შვილიშვილების ჟრიამულით აივსო.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოებზე: ლემა ბერაძე და ნუგზარ ლომსაძე 50 წლის წინ და ახლა