ვახანელი ლაშა ღონღაძე 25 წლისაა, სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და თბილისის #51 სკოლაში სპორტის მასწავლებელად მუშაობს. 3 წლის წინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლაშამ სოფელ ვახანში დოღი გამართა.
ცხენოსნობის მოყვარულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში შარშან 26 მაისსაც შეკრიბა. წელსაც დიდი გეგმები ჰქონდა. მონაწილეებს ქუთაისიდან და სამტრედიიდანაც ელოდებოდა. თუმცა, პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო, მათ შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.
ლაშას ცხენოსნობა და ცხენები ბავშვობიდან განსაკუთრებულად აინტერესებდა. ხშირად ესწრებოდა დუშეთსა და ხევსურეთში გამართულ დოღს. ერთ-ერთ შეხვედრაზე შემთხვევით აღმოაჩინა, რომ 26 მაისს საქართველოში ბევრი საცხენოსნო შეჯიბრი ტარდება და გადაწყვიტა სპორტის ეს სახეობა ვახანშიც ამ თარიღისთვის დაეკავშირებინა.
„მინდოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეს შეჯიბრი ვახანშიც გამართულიყო. სოფელში ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც ამ სპორტით განსაკუთრებულად ინტერესდება. ახალგაზრდებს ბიძგი სჭირდებოდათ და გადავწყვიტე პირველად დოღი 2018 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე ჩამეტარებინა“, – ამბობს ლაშა.
მისთვის ბუნებასთან ურთიერთობა თავისუფლებას ნიშნავს. მთები და ეს სპორტი საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში ეხმარება. წლებია, ვახანში დოღი მშვიდობიანად ტარდება და მონაწილეები უსაფრთხოდ ასპარეზობენ. თუმცა, როგორც ლაშამ აღნიშნა, სოფელში სარბენი ბილიკები ამ სპორტის განვითარებას ხელს ვერ უწყობს:
– განსაკუთრებით რთულია წვიმიან ამინდში, რადგან ტალახიანი ნიადაგი ცხენისა და მხედრის დაცემის საშიშროებას ქმნის“.
ლაშას თქმით, სოფელი ვახანი სპორტში შეჯიბრებებს საკმაოდ ხშირად მასნპინძლობს. დოღის ჩატარების ტრადიცია 1989 წლის აგვისტოდან არსებობს და მას როლანდი არევაძემ ჩაუყარა საფუძველი. შემდეგ ამ სპორტს ვეფხვია ღონღაძემ ქართული ჭიდაობის ტურნირი დაუმატა. 2012 წლიდან კი ეს შეჯიბრი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის, სახელს ატარებს.
26 მაისს ვახანში გამართული დოღის ტრადიცია თანდათან ერთად უფრო პოპულარული ხდება. მონაწილეები ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებიდან ერთვებიან. მხედრები ყარაჩაული, ანგლო-არაბული და სხვა ჯიშის ცხენებით ჯირითობენ. გამარჯვებულებს ცხვარს, ლაგამს, ცხენის სამკერდესა და სხვა შესაკაზმ ატრიბუტებს გადასცემენ. წელს დოღში მერაბ (ბუკა) თიკანაშვილმა, გოგა ფერაძემ და სანდრო დალალიშვილმა გაიმარჯვეს.
Მერაბ (ბუკა) თიკანაშვილი ერთ-ერთია იმ მონაწილეთაგან, რომელიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დოღის შეჯიბრში დაარსების დღიდან მონაწილეობს. წელს შეჯიბრში მეორედ მოიპოვა გამარჯვება, თუმცა დოღის სხვა ტურნირებშიც არაერთხელ გასულა პირველ ადგილზე. როგორც თავად ამბობს, ცხენოსნობა ბავშვობიდან მისი ჰობია და საუკეთესო ტრადიციაა, რომელიც ამ ფორმით გამოიხატება.
– ეს სპორტი სიჯანსაღეს, ერთგულებასა და თავდადებას აერთიანებს. შეჯიბრი ახალგაზრდებს სტიმულს აძლევს. საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებაა, რომელიც აუცილებლად ტრადიციის სახით დიდხანს უნდა გაგრძელდეს”.- ამბობს მერაბ (ბუკა) თიკანაშვილი.
ლაშა ღონღაძე სამომავლოდ შეჯიბრის მასშტაბების გაფართოებას გეგმავს. უნდა, რომ დოღი უფრო სანახაობრივი და მრავალფეროვანი გახდეს. ძველი ქართული ტრადიციული საცხენოსნო შეჯიბრის – ისინდის გაცოცხლებას გეგმავს. შემოთავაზებები აქვს ორგანიზატორობაზე, რომ დოღის სხვა ტურნირებსაც უხელმძღვანელოს და იმედი აქვს, რომ ქართული სპორტის ეს სახეობა უფრო ბევრი ადამიანის ინტერესს დაიმსახურებს.
დოღის ორგანიზატორი პრიზებს საკუთარი სახსრებით იძენს. ლაშას სურს, რომ ტურნირს სპონსორებიც გამოუჩნდეს, რომ შეჯიბრის საპრიზო ფონდი გაიზარდოს.
თამარ ჩხიკვაძე
#1 ფოტოზე: დოღის გამარჯვებულები ორგანიზატორთან ერთად, მარცხნიდან მარჯვნივ : მერაბ (ბუკა) თიკანაშვილი), ლაშა ღონღაძე, გოგა ფერაძე;
#2 ფოტოზე: მარცხნიდან მარჯვნივ: ბექა ჩხიკვაძე, სანდრო დალალიშვილი, მერაბ (ბუკა) თიკანაშვილი, ლაშა ღონღაძე, გოგა ფერაძე, შმაგი ცუცქირიძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი