ჩაკეტილი საზღვრები, სახლები, ოთახები, ცოცხალი ურთიერთობების ნაცვლად – ონლაინ შეხვედრები, – ეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული რეალობაა. თუმცა, როგორც ყველაფერს, პანდემიასაც მოჰყვა დადებითი შედეგები. 

რით გაგვაძლიერა პანდემიამ, – ამ საკითხზე ხარაგაულელები მსჯელობენ.

ნათია მესხი: -ჩემი და ჩემი მშობლების მეხსიერებას არ ახსოვს, რომ მსოფლიო ასეთი მძიმე და მასობრივი საფრთხის წინაშე დამდგარიყოს. ადამიანებში მებრძოლმა სულმა გაიღვიძა. კორონავირუსს ერთობლივად დავუპირისპირდით. მეტად მობილიზებულები გავხდით, რადგან კარგად დავინახეთ, ინფიცირებულების განკურნებისთვის ექიმები როგორი თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან. მივეჩვიეთ რიგში დგომას, კანონმორჩილებას, რაც ადრე ბევრისთვის უცხო იყო.   

ეკა შველიძე: -ბევრი ადამიანი დაფიქრდა იმაზე, რომ საკუთარ მიწა-წყალს უნდა მიხედოს. უფრო მეტად დაფასდება სოფელი და დიდი ქალაქებიდან თანდათან რეგიონებში ჩამოვლენ. წლობით მიტოვებულ მამაპაპისეულ კარ-მიდამოებს მიხედავენ.

ლია რამინიშვილი: -კორონავირუსის პანდემიის პირობებში ერთმანეთის თანადგომა და კანონმორჩილება მეტად ვისწავლეთ. ერთმანეთის ფასი და მნიშვნელობა დავინახეთ. იცით, როგორ მოვენატრეთ მოსწავლეებს?! მათგან ახლა უფრო მეტი სითბო, სიყვარული, მონდომება იგრძნობა. ასე რომ, კორონამ სიკეთეც მოგვიტანა.

ვენერა კიკნაძე: -მიტოვებულ სახლებში გაციებული კედელ-ყურე გათბა. სულ ვამბობდი, არ შეიძლება საკუთარი მიწა-წყლის მიტოვება და უცხოეთში გადახვეწა, შვილები დედებმა უნდა გაზარდონ-მეთქი. კორონავირუსის პანდემიამ მონატრებული დედა-შვილები ერთმანეთს დაუბრუნა. 

მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აღმოგვაჩნდა, ვრჩებით სახლში და ექიმების რეკომენდაციებს ვასრულებთ. ამიტომ ჩვენთან ადამიანების მსხვერპლიც ნაკლებია.  

ვეფხვია ღონღაძე: -სოფელს დროებით, მაგრამ მაინც მოუბრუნდა ხალხი. ვახანში, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მეტი მიწა დამუშავდა. ისეთი ადგილები დაიხნა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში რომ მიტოვებული იყო. 

გივი კურტანიძე: -სახლში ყოფნა სერიოზული დისკომფორტია, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა – მეტი სიფრთხილე, სისუფთავის დაცვა და ვირუსთან ერთად ისე თანაცხოვრება, რომ არ დავინფიცირდეთ. პირადად მე რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი გამიძლიერდა.

როლანდი ცუცქირიძე: -კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახა, რომ საზოგადოებას მეტი სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია. რთულ სიტუაციებთან გამკლავების კუთხით მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა. ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილებას ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გამოვიყენებთ. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ სამომავლოდ თუ მსგავსი რამ განმეორდა, ფსიქოლოგიურადაც უფრო მომზადებულები ვიქნებით.

ნინო კაპანაძე