დღეს საქართველოდან ემიგრაციაში უამრავი ადამიანია წასული. მათი წასვლის მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, მატერიალური სიდუხჭირეა. რატომღაც, ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ისინი იქ უზრუნველად ცხოვრობენ და არაფერი არ აკლიათ. ვერანაირი მატერიალური მდგომარეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილსა და მონატრებას, რასაც ემიგრანტები განიცდიან.

კორონავირუსის პანდემიამ მრავალ ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნება გადააწყვეტინა. მათ შორისაა ანა მდინარაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხიდან. იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ის ისრაელში ემიგრაციაში იმყოფებოდა, მის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ვაჟი დაქორწინდა, შვილიშვილი შეეძინა.

ანა მდინარაძე სამშობლოში 18 აპრილს იმ თვითმფრინავით დაბრუნდა, რომლითაც იერუსალიმის წმინდა ცეცხლი ჩამოიტანეს. ახლა ცდილობს, მაქსიმალურად მოისიყვარულოს ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი შვილიშვილი, პატარა ანა, რომელმაც ბებია ახლა გაიცნო.

– რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა? უცხო ქვეყანაში დამკვიდრება გაგიჭირდათ?

– ისრაელში ტურისტად წავედი და დარჩენა შემდეგ გადავწყვიტე. ქვეყანაში უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთები გავაკეთე. ვიცოდი, რომ საქართველოსთან შედარებით იქ უფრო კარგი პირობები იყო და ისრაელში ამიტომ დავრჩი. იქ დამკვიდრება და სამუშაოს პოვნა არ გამჭირვებია. თუმცა, საერთოდ, ცხოვრება ძალიან მიჭირდა. ვერ ვეგუებოდი ცხოვრების იქაურ სტილს, რადგან სხვა ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის ადვილი არ არის.

– რა პრობლემები აქვთ იქ მყოფ ქართველებს? როგორი ცხოვრების წესია ისრაელში?

– ისრაელში ქართველი ემიგრანტებისთვის საბუთების უქონლობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რადგან მისი მოპოვება ძალიან რთულია. მე რომ ჩავედი ოთხი წლის წინ, მაშინ უფრო ადვილი იყო. ახლა კი გართულდა. ძირითადად, ქართველები უსაბუთოები არიან და ეშინიათ, რომ პოლიციამ  ქვეყნიდან არ გამოაძევოს. ფარულად შრომობენ ცდილობენ ისეთ სამუშაოზე, სადაც ეს შესაძლებელია.

საქართველოში შრომით ცხოვრების ნორმალურ პირობებს ვერ შეიქმნი. იქ კი ძალიან კარგი ანაზღაურებაა. უმუშერობა არ არის და შესაბამისად, სიღარიბე ნაკლებია, ცხოვრების დონე კი – მაღალი.

– ემიგრაციაში ყველაზე მეტად რა გენატრებოდათ?

– საქართველო და ოჯახი, აქაური ცხოვრება მენატრებოდა. იქ ვიღაცაზე დამოკიდებული ხარ. საქმეს აკეთებ, მაგრამ ეს ის საქმე არ არის, რაც შენ უნდა აკეთო. საქართველოში ცხოვრება მაინც სხვანაირია. გრძნობ, რომ თავისუფალი ხარ, ყველანაირი უფლება გაქვს. უცხოეთში არანაირი უფლება არ გაგაჩნია, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. ამ კუთხით საქართველოში ცხოვრება მირჩევნია.

– ქართველთა სათვისტომო რამდენად ეხმარება ემიგრანტებს?

– სათვისტომო ძალიან ეხმარება ქართველებს, განსაკუთრებით სამკურნალოდ ჩამოსულებს. თუ ვინმეს უჭირს, მალევე ახდენენ რეაგირებას.

– პანდემიამ რა შეცვალა იქაურ ცხოვრებაში და წესებს როგორ იცავდნენ?

– პანდემიამ მათი, ისევე როგორც ყველას ცხოვრება შეცვალა. შეზღუდული იყო გადაადგილება, თუმცა ისე მკაცრი კარანტინი არ იყო იქ, როგორც საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით.

– ვიცი, რომ ბილეთის შეძენა გაგიჭირდათ, საელჩო თუ დაგეხმარათ?

– ბილეთი თავად ავიღე, მაგრამ სხვა პროცედურებში საელჩო ნამდვილად დამეხმარა. ფინანსურად თუ უჭირს ადამიანს, ბევრ რამეს სთავაზობენ.

– იერუსალიმის წმინდა ცეცხლთან ერთად იმგზავრეთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რა გრძნობა იყო?

– მორწმუნე ქრისტიანისთვის გამორჩეული განცდაა წმინდა მიწაზე ცხოვრება. კიდევ უფრო ამაღელვებელია, როდესაც საქართველოში ამდენი წლის შემდეგ წმინდა ცეცხლთან ერთად ბრუნდები. ცეცხლის გარდამოსვლას იქ ყოფნის წლებში ყოველთვის ვესწრებოდი. ასახსნელად ეს რთულია, მაგრამ ემოციურად ძალიან ამაღელვებელი.

– როგორ პირობებში და სად გაატარეთ კარანტინი?

– თბილისში, სასტუმრო „მაქსში“ ვცხოვრობდი ორი კვირა. კარგი პირობები იყო.

– ემიგრაციაში ყოფნის დროს რა შეიცვალა თქვენს ოჯახში?

– დავტოვე პატარა და დამხვდა დიდი ოჯახი.

– რას უსურვებდით ემიგრაციაში მყოფ ქართველებს?

– უკან, სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებდი მათ. აქ კი ძლიერი სახელმწიფო დახვედროდეთ, იმის ნახევარი პირობებით, რაც იქ არის.

ლიკა ხიჯაკაძე