„ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება, არც ისე ადვილია“. ეს სიტყვები ცნობილ იტალიელ რეჟისორს ფედერიკო ფელინის ეკუთვნის.

საქართველოში კინოს განვითარება ევროპულის კვალდაკვალ იწყება და ხშირ შემთხვევაში არა თუ ჩამოუვარდება მას, არამედ საკმაოდ მაღალ მწვერვალებს აღწევს. ქართულ კინოს აქვს თავისი სტილი და ნიშა. სწორედ ეს ხდის მას გამორჩეულს.

ამის დადასტურებას კი მრავალ კინოფესტივალსა და დაჯილოდოებებზე აღიარება წარმოადგენს. ქართული კინომატოგრაფია, როგორც უკვე აღვნიშნეთ განვითარების მაღალ დონეზე იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იგი დაღმასვლას იწყებს.

ხარაგაულის რაიონი მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე აქტიურად იყო ჩართული კინოფიკაციის საქმეში. 1958 წელს ხარაგაულს უკვე ჰქონდა თავისი კინოთეატრი. ხარაგაულში კინოფიკაციის განვითარების კუთხით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი ჟორა ბლუაშვილის ღვაწლი.

– ძალიან სათნო, საყვარელი ადამიანი იყო. დიდ პატივს ვცემდით. მის დროს კინოფიკაციის საქმე ხარაგაულში ძალიან წარმატებული იყო. ყოველდღიურად ხარაგაულის თითქმის ყველა სოფელში აჩვენებდნენ ფილმებს. დაბა ხარაგაულში კვირაში სამჯერ მოჰქონდათ ახალი ფილმები. კვირაში ორი დღე – სამშაბათობით და პარასკევობით საბავშვო ფილმებს აჩვენებდნენ და ბილეთი ძალიან იაფი ღირდა იმიტომ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

ხარაგაულის კინოფიკაცია ძალიან დატვირთულად მუშაობდა. ამ სისტემის ასეთი კარგი გამართულობა სწორედ ჟორა ბლუაშვილის დამსახურება იყო“, – იხსენებს ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, რომელიც, იმავდროულად ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორია.

ხარაგაულში კინოჩვენებების აღდგენის გარკვეული მცდელობები წარმატებით ვერ დასრულდა.

– 2014 წელს კულტურის სამინისტროს პროექტით კინოჩვენებები უნდა აღდგენილიყო. რვა ფილმი გადმოგვცეს და დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ფართო ეკრანზე ვაჩვენებდით. თან ვაკვირდებოდით, მაყურებელი ჩვენებებზე რამდენად ივლიდა.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ 200 კაცი დაესწრო. ბილეთი სიმბოლური ფასი  – 1 ლარი ღირდა, მაგრამ მაყურებელი არ ჰყავდა. ამიტომ პროექტი „კინო კლუბი“ აღარ გაგრძელდა“, – ამბობს ქალბატონი ირინე.

დღეს საქართველში კინოთეატრი მხოლოდ რამდენიმე ქალაქში ფუნქციონირებს. შესაძლებელია ადამიანებს სურდეთ, რომ ფილმი ფართო ეკრანზე ნახონ, რადგან ამას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. თუმცა, კინოთეატრის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს.

– ქართულ კინოზე გავიზარდეთ და ჩემთვის განსაკუთრებული ფენომენია. ჩემს თაობას გაგვიმართლა, რომ ქართული და უცხოური ფილმები ფართო ეკრანზე გვაქვს ნანახი. ის, რაც მე ხარაგაულში ყველაზე მეტად მაკლია, განსაკუთრებით მესაკლისება და მჭირდება, არის კინო. კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. კარგი ფილმი ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება.“- იხსენებს ქალბატონი ირინე.

დღეს ქართულ კინოს საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს. მრავალ კინოფესტივალზე ჟღერდება საქართველოს, როგორც გამარჯვებული ქვეყნის, სახელი.

– ვისურვებ, რომ ქართული კინო უფრო განვითარებულიყოს. კარგი იქნება, თუ იგი ძველ დიდებას დაიბრუნებს და ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც ადრე. ვიმედოვნებ, რომ კინო კვლავ დაბრუნდება ჩვენ ცხოვრებაში“, – ამბობს ირინე ჩხეიძე.

ლიკა ხიჯაკაძე