ზურა აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია.

ზურა წელს უნივერსიტეტს ამთავრებს. პარალელურად კი ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრში პენსიონერებსა და ხანდაზმულ ადამიანებს კომპიუტერის საბაზისო კურსს ასწავლიდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მუშაობა ვეღარ გააგრძელა და ხარაგაულში დაბრუნება მოუწია. ახლა სწავლას დისტანციურად აგრძელებს და საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობას ცდილობს.

ქვეყანაში განვითარებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, ხარაგაულელი სტუდენტებიც განსხვავებულ ვითარებაში ჩააყენა.

სამსახურის დაკარგვა, დისტანციური სწავლება, ზუმის პროგრამაში ჩართვა, ინტერნეტის პრობლემა, პრეზენტაციების დისტანციურად მომზადება, შუალედურების ასინქრონში წერა… – ეს იმ პრობლემებისა თუ გამოწვევების  ნაწილია, რომლის წინაშეც ხარაგაულელი სტუდენტები აღმოჩდნენ.

„ხარაგაულში 20 მარტს ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვარ, – გვიამბობს ზურა, – პენსიონერები რისკჯგუფად დასახელდნენ, ამიტომ მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. მე-4 კურსელებს საბაკალავროს მზადების პროცესში ხშირად უწევთ ინტერვიუს ჩაწერა, უშუალოდ რესპონდენტებთან და ლექტორებთან  ურთიერთობა. საგანგებო მდგომარეობამ კი ეს ყველაფერი ბევრად გაართულა“.

ზურა ამბობს, რომ სახლიდან სწავლისას ხშირად ინტერნეტის პრობლემა ექმნება. ონლაინ სწავლებამ სტუდენტები მოადუნა და ტემპიდან ამოაგდო. მისთვის გაზაფხულის სემესტრი ძალიან დატვირთული უნდა ყოფილიყო. თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ზურას კურსელების უმეტესობა რეგიონიდანაა და მათაც ანალოგიური პრობლემები აქვთ.

უნივერსიტეტმა დისტანციურად სწავლების პროცესი და მასალების მოწოდება გააუმჯობესა. თუმცა ზურასთვის სტუდენტობის ბოლო სემესტრის უნივერსიტეტისგან დისტანციურად გავლა მძიმე აღმოჩნდა. „მონატრების გრძნობა გამიმძაფრდა. უნივერსიტეტს ვამთავრებ და „გრედუეიშენი“ (დიპლომენის გადაცემის ცერემონიალი) უნდა გვქონოდა. არ ვიცი, მომავალში რა იქნება“, – ამბობს ზურა.

ზურა აბაშიძის მსგავსად ხარაგაულში დაბრუნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანა ნიქაბაძე. ანა ღარიხევში თებერვალში ჩამოვიდა და დისტანციურ სწავლებაში ჩაერთო.

უნივერსიტეტმა სისტემა მალევე გამართა. თუმცა ანასთვის პრეზენტაციების დისტანციურად მომზადება, უცნობ ლექტორებთან და კურსელებთან ზუმით კომუნიკაციაა რთული აღმოჩნდა. „უნივერსიტეტში ბევრად სასიამოვნო იყო. მე და დედა, რომელიც მასწავლებელია, ინტერნეტით შეთანხმებულად ვსარგებლობთ. ამ იზოლაციის დადებითი შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ოჯახები გააერთიანა და შეკრიბა“.

დისტანციური სწავლების პროცესი უცხო არაა ანი მაღრაძისთვის, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს. იზოლაციაში ყოფნა ანის თავის სოფელში, ვახანში უწევს.

„დისტანციურ სწავლებასთან დიდი პრობლემა არ მქონია, რადგან უნივერსიტეტში, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამდეც, რამდენიმე საგანი დისტანციურად გავიარეთ. ამიტომ მიჩვეულები ვიყავით. სწავლებისას ვიყენებთ ზუმს, სხვადასხვა პლატფორმებს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ადრე იყო, ისე სწავლა ბევრად მირჩევნია“, – ამბობს ანი და თვლის, რომ თვითიზოლაციის პირობებში დროის სწორად განაწილება, ყოველდღიურად ვარჯიში და საკუთარი საქმის დაორგანიზება უკეთ ისწავლა.

პირველი კურსის მეორე სემესტრის დისტანციურად გავლა უწევს ერეკლე გამრეკელაშვილს, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების სტუდენტს. ერეკლე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტმა მობილიზება დროულად შეძლო. თუმცა, ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლა ურჩევნია.

„ინტერნეტის პრობლემა მოვაგვარე, – ამბობს ერეკლე, მაგრამ კიცხში ხშირად ელექტროენერგია ითიშება ან ინტერნეტი კარგად არ იჭერს და ზუმში ჩართვისას შეფერხებებია“. ერეკლეს თქმით, ზოგიერთ მის კურსელს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს, საერთოდ ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ.

ხარაგაულელ სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანა ეპიდსიტუაციისგან თავს მალე დააღწევს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს კვლავ დაბრუნდებიან.

თამარ ჩხიკვაძე