ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მშენებელ კომპანია შპს „ბორი-85“-ს 40 862 ლარი უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
საქმე იმაშია, რომ 2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბორი-85“-ს, პროექტის განხორციელების ვადის გადაცილების გამო, დააკისრა ჯარიმა, პროექტის ღირებულების 0,1% ოდენობით.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ინგა ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ მაშინ კანონი ამის შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო ჯარიმა არა პროექტის ღირებულების 0,1%, არამედ – 0,02% უნდა ყოფილიყო.
ინგა ლურსმანაშვილის განმარტებით, მერიამ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, რადგან მერიაში მიიჩნიეს, რომ ზემდგომი სასამართლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებდა და მერიას დამატებით სასამართლო ბაჟის გადახდა დაეკისრებოდა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებელი კომპანიისთვის 40 862 ლარის გადახდა გააპროტესტეს დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ოპოზიცური პარტიებიდან.
„პანდემიის პირობებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის მხოლოდ 30 ათას ლარს გამოვყოფთ და 41 ათას ლარამდე არაკეთილსინდისიერ მშენებელ კომპანიას იმის გამო უნდა გადავუხადოთ, რომ მერიამ ჯარიმა არასწორად დააკისრა“, – აპროტესტებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი. მან საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის გადადება მოითხოვა, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში უკეთ განხილვის მიზნით.
„დაჯარიმებისას კვალიფიციური გადაწყვეტილებები რომ მიგვეღო, ახლა ამ 41 ათას ლარს არ დავკარგავდით და პანდემიის პირობებში გაცილებით მეტ ოჯახს დავეხმარებოდით“, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე პროტესტს იმის გამო გამოთქვამს, რომ მერიამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა. ამავდროულად, იმასაც ინტერესდება, თუ რამდენად კვალიფიციურად წარსდგა მერია რაიონული სასამართლოს წინაშე.
„ვეჭვობ, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მომავალში კიდევ მოჰყვება სასამართლოების სხვა გადაწყვეტილებათა კასკადი, რომლებიც ისევ ჩვენს ბიუჯეტს დააწვება“, – ამბობს ინგა მაღრაძე.
„ხარაგაულის მერიის შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილებები კანონიერი უნდა იყოს და არ უნდა ჩნდებოდეს კითხვის ნიშნები, რაც, საბოლოოდ, ადგილობრივ ბიუჯეტს დააზარალებს“, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.
ცხარე კამათის მიუხედავად, ხარაგაულის საკრებულომ მხარი დაუჭირა საბიუჯეტო ცვლილებას 40 862 ლარის შპს „ბორი-85“-ის სასარგებლოდ გადახდასთან დაკავშირებით.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.