2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 912 000 ლარი გამოეყო.
მუნიციპალიტეტის 78 სოფელში 166 პროექტის განხორციელება იგეგმება.
მოსახლეობამ სოფლებში კრებებზე შემდეგი პრობლემების მოგვარება გადაწყვიტა – სოფლებში გარე განათების, სანიაღვრე არხების, წყლის სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა, გზების მოხრეშვა, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, წისქვილების, მოსაცდელების მშენებლობა.
150 პროექტისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ინდმეწარმე ქეთევან ჭიპაშვილი ამზადებს. ამ სამუშაოების შესრულებისთვის ის 26 415 ლარს მიიღებს.
დანარჩენი 16 პროექტისთვის შესყიდვას მერია ეტაპობრივად ახორციელებს. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად წყლის მილების, ტუმბოსა და ავზის შეძენა განსაზღვრულია შემდეგი სოფლებისთვის: ღარიხევი, მაქათუბანი, პატარა სახვლარი, ლაშის იგორეთი, მოლითი, დეისი, ანეულა, ჯაფაროული, ახალსოფელი, ღუდუმექეთი და ისლარი. ნადაბურის, ხიდარისა და ღორეშის საბავშვო ბაღებისათვის ატრაქციონების შეძენას, ვანში (ჩხაკოურის უბანი) წისქვილისთვის – ქვების, ხოლო ხიდარის ამბულატორიისთვის- ავეჯის შეძენას აპირებენ.
მუნიციპალიტეტის მერიასა და ინდმეწარმე ქეთევან ჭიპაშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტების ჩაბარების ბოლო ვადა 2020 წლის 22 ივლისია. ქეთევან ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულება, როგორც წესი, სამი თვით ფორმდება და პროექტირება პირველი ივლისისთვის უნდა დაესრულებინა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელშეკრულების ვადა გახანგრძლივდა. მისი ინფორმაციით, შესაბამისად გადაიწევს პროექტების დასრულების ვადებიც.
შედარებისთვის – გასულ წელს, მაგალითად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა პროექტი მაისის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იყო.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში პროექტების მომზადებისას ინდმეწარმე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დადგა. ყველაზე მეტად ქეთევან ჭიპაშვილს ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა აფერხებს.
შეზღუდვების დაწესებამდე მან ბორითის, ზვარეს, ლაშეს, მოლითის, საღანძილეს, ფარცხნალის, ღორეშისა და ხიდარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფელი შემოიარა და ახლა პროექტირებაზე მუშაობს.
ქეთევან ჭიპაშვილი ამბობს, რომ თუ ავტომობილების გადაადგილება 27 აპრილიდან დაუშვეს, ის ვადებში ჩაეტევა და მერიას ყველა პროექტს გაწერილი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიაწოდებს.
„ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები დაინტერესებულები არიან, რომ პროექტების განხორციელება დროულად დაიწყოს, – ამბობს ქეთევან ჭიპაშვილი, – ამ თვის ბოლოს ხუთი ადმინისტრაციული ერთეულის (მოლითი, ფარცხნალი, საღანძილე, ზვარე, ლაშე) სოფლებში პროექტებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას დავასრულებ და მერიას ჩავაბარებ. ჩემგან მომზადებულ ამ დოკუმენტებზე ექსპერტიზის დასკვნა ამ დღეებში მექნება.
მთავარია, სოფლების შემოვლა მაისში მოვახერხო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სავარაუდოდ, პირველი ივლისისთვის დავასრულებ.
სამშენებლო მასალებზე, განსაკუთრებით ლითონის კონსტრუქციებზე, საბაზრო ფასები გაიზარდა. ამიტომ იძულებული გავხდი, გარე განათების ქსელის მანძილები შემემცირებინა. სხვა პროექტებისთვის, ძირითადად, თანხა საკმარისია“.
გარე განათების ქსელი უნდა მოეწყოს ციცქიურში, გრიგალათში, ვერტყვილაში, ვერტყვიჭალაში, ხუნევში, ღორეშაში, წიფაში, ისლარში, ჩხერში, ჯაფაროულში, ზარანში, მირონწმინდაში, საბეში, სარგვეშში, ბაბში, ანიულაში, ქვებში, ნებოძირში, მოლითში, უჩამეთში, საქარიქედში, კიცხის იგორეთში, ბორში, კიცხში, ნუნისში, ჩრდილში (კოშკის უბანი), ვახანში, ვარძიაში, კვესრევში, ვაშლევში, ბორითში, წიფში, ქროლში, ბაზალეთსა და ღარიხევში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი პროექტების შესრულებაში საფრთხეს ნაკლებად ხედავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე. ის ამბობს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარებისთანავე სამუშაოები მალევე დაიწყება, რადგან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ინდმეწარმეები უკვე შერჩეული ჰყავთ.
„ვფიქრობ, პროექტების განხორციელებისას დაუძლეველი პრობლემები არ გვექნება, – ამბობს ბაზალეთის თემის მჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი, – საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტრული პროექტების შესრულება არ ფერხდება – ტექნიკისა და მუშა-ხელის გადაადგილება არ იზღუდება. შარშან ადგილობრივმა ინდმეწარმეებმა სამუშაოების შესრულებაზე ინტერესი ნაკლებად გამოხატეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის მეწარმეების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით რომ შეიძლება, სამუშაოების დროულად შესრულებას ხელს ესეც შეუწყობს“.
ქროლში მცხოვრებმა ეკა მაქაძემ მოსახლეობის კრებაზე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა. თუმცა მერის, ნიკო თოფურიძისგან ასეთი პასუხი მიიღო, – მოსახლეობის სიმცირის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა გამართლებული არ იქნებაო.
– ქროლში ბევრი მოსახლე რომ ცხოვრობდეს, მაშინ კერძო ტრანსპორტის შენახვასაც შევძლებდით, – ამბობს ეკა მაქაძე, – ახლა ჩვენი მოთხოვნაა, რომ სოფლის კრებაზე შერჩეული პროექტი – გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდეს. ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ პროექტისთვის გამოყოფილი 9 ათასი ლარი არასაკმარისია იმისთვის, რომ გარე განათება წელს მთელ სოფელში მოეწყოს. ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა იყოს ამის სახსრები. კორონავირუსის პანდემია რომ დასრულდება, ქროლელების მოთხოვნას მერიაში აუცილებლად დავაყენებ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: სოფელ ღარიხევის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია, 5 თებერვალი, 2020 წ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.