2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლად კობა ლურსმანაშვილი აირჩიეს. გთავაზობთ მასთან დიალოგს.

-ამომრჩევლებთან ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ გამგებლად თქვენი არჩევის შემთხვევაში ხარაგაულს ექნება ახალი საავადმყოფო, ახალი ბიბლიოთეკა, თეატრის ახალი შენობა. თითოეულ შემთხვევაში რა ვადებზეა საუბარი და კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებებით?

-უპირველესად მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და გამოხატეს პოზიცია. პასუხისმგებლობა უდიდესია და გაცნობიერებული მაქვს ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთან გავაჟღერე. ცხადია, ამ ყველაფერს გეგმაზომიერად მივყვებით და აუცილებლად შესრულდება ჩვენგან წარდგენილი პროგრამა.

რაც შეეხება ახალ საავადმყოფოს, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და არც ერთი დღე არ მოგვიდუნებია ყურადღება. არის გამოკვეთილი პოზიციები და ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობის შედეგია ის, რომ სტაციონართან დაკავშირებით დაიძრა საკითხი. გვაქვს პირობა ცენტრალური ხელისუფლებისგან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსგან. ბატონი დავით სერგეენკოსგან საბოლოოდ დადასტურებულია, რომ ხარაგაულში აშენდება სტაციონარი.

რაც შეეხება თეატრის შენობას, ვგეგმავთ ღია ესტრადის მოდერნიზებას, რასაც ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტში წარვადგენთ წლის მეორე ნახევარში. თუ არადა, მომავალი წლის პრიორიტეტებში ჩავსვამთ.

გვაქვს გარკვეული ნაშთი – ტენდერებით დაზოგილი თანხა 400 ათასი ლარი. უნდა შეთანხმდეს ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებთან და ვიხილავთ ამ თანხების გამოყენების შესაძლებლობებს. გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომ აღნიშნული თანხა მოასფალტებული ქუჩების ჩიხების კეთილმოწყობაზე დავხარჯოთ, გავზარდოთ სპეცმანქანის შესაძენი თანხა.

-თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ დაბა ხარაგაულში დაიწყება საკანალიზაციო სისტემის შექმნა. კონკრეტულად გვითხარით ამის შესახებ?

-ამ მიმართულებით ხარაგაულში სერიოზული პრობლემებია. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპი იქნება პროექტირება, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. შემდგომ – თანხების მოძიება. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება დონორი ორგანიზაცია ან დახმარება ცენტრალური ბიუჯეტიდან.

-ახალგარემონტებული კინოთეატრის შენობაში არის სერიოზული ხარვეზები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონული ფონდიდან დაფინანსებული პროექტების დათვალიერებისას აღნიშნეს, რომ პროექტები ხარვეზებით მიმდინარეობს. რა ღონისძიებებს მიმართავთ საიმისოდ, რომ ხარვეზები გამოსწორდეს, მშნებლობა და რემონტი ჩატარდეს ხარისხიანად?

-ძალიან მარტივად ვუყურებთ ამ საკითხს იქედან გამომდინარე, რომ ტენდერებით გამოვლენილ მშენებლებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ოფიციალურად ვუგზავნით შენიშვნებს და ვითხოვთ ხარვეზების გამოსწორებას. თუმცა მშენებელსაც აქვს უფლება, ვადებში ჩაეტიოს და რაც მთავარია, ვალდებულება, რომ ხარისხიანად შეასრულოს საქმე. ამავე დროს, არანაკლებ ერთი წლისა, თუ გამოვლინდება ხარვეზი, გამოასწოროს.

მშენებარე საბავშვო ბაღები უნდა ჩავიბაროთ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. რაც შეეხება კინოთეატრის შენობას, იქ ამჟამად მიმდინარეობს ელექტროფიკაციის სამუშაოები. სექტემბრიდან, ალბათ, კინოთეატრის შენობის პრეზენტაციას გავმართავთ. ის ხარვეზები, რომელიც არის შენობაში, რა თქმა უნდა გამოსწორდება, – ჩვენ მშენებელს დავუკავშირდებით.

-ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებაზე იმერეთის გუბერნატორმაც გაამახვილა ყურადღება. „სოკარ გაზის“ ხელმძღვანელმა, დავით ჯაიანმა აღნიშნა, რომ ტექნიკურად ადვილად მოგვარდება ეს საკითხი. როგორია თქვენი გეგმა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით?

-საბავშვო ბაღის გაზიფიცირებას აუცილებლად მივხედავთ. ამისთვის თანხები აუცილებლად მოგვეძებნება. საკრებულოს მომავალ სხდომებზე ჩვენ განვიხილავთ შესაბამისი ფინანსირების საკითხს, საბიუჯეტო ცვლილების სახით, რასაც საკრებულო, ვფიქრობ, მხარს დაუჭერს. ჩვენთვის პრიორიტეტულია საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირება, რაც განხორციელდება დაზამთრებამდე.

-თქვენ ბრძანეთ, რომ გამგებლად მოსვლის დღიდან დაიწყეთ ბრძოლა რკინიგზიდან მიწის გადასახადის ტარიფის მაქსიმალურად გაზრდისთვის. თქვენივე ინფორმაციით, ამ გზით ერთი მილიონი ლარი ყოველწლიურად შემოვიდოდა ხარაგაულის ბიუჯეტში. რა ვითარებაა ამ კუთხით?

-მიწის გადასახადის გადახდა ოქტომბერ-ნოემბერში მოუწევს რკინიგზას. სამაგიეროდ, ქონების გადასახადის გადახდის ვადაა უკვე დამდგარი. დარწმუნებული ვართ, რომ არავითარი პრობლემა არ გვექნება. შევეცდები, რომ დაჩქარდეს თანხების შემოსვლა, რადგან წლის ბოლოს შემოსული თანხები ნაკლებად შეიძლება ავსახოთ პროექტებში. ამ კუთხით ვისაუბრებთ საქართველოს რკინიგზასთან.

-კანონით განისაზღვრა მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა რაოდენობა. ასევე დადგინდა, რომ მათ უნდა გაიარონ ატესტაცია. უფრო კონკრეტულად გვითხარით ამის შესახებ?

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საკრებულოსა და გამგეობაში შტატით იმუშავებს 90 თანამშრომელი, 9 – შტატგარეშედ. საჯარო მოხელე ვალდებულია, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გაიაროს ატესტაცია. თუ საჯარო მოხელე გადალახავს ბარიერს, ამ შემთხვევაში ის დარჩება იმავე თანამდებობაზე, ან დაწინაურდება. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში საჯარო მოხელეს დავითხოვთ. ვაკანსიების შემთხვევაში გვაქვს უფლება, კონკურსი გამოვაცხადოთ, ან კონკურსგარეშე მივიღოთ ატესტაცია გავლილი პიროვნება სარეზერვო ჯგუფიდან.

-ატესტაციას ვინ ჩაატარებს?

-ატესტაცია სავალდებულო იქნება ყველა საჯარო მოხელესთვის. ატესტაციას სახელმწიფო ჩაატარებს. ამ ეტაპზე, ჩემი ინფორმაციით, გამოკვეთილია რამდენიმე სუბიექტი – გამოცდების ეროვნული ცენტრი, პოლიციის აკადემია, იუსტიციის სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო, ალბათ, თავად გადაწყვეტს, კონკრეტულ მუნიციპალიტეტს სად მოუწევს ატესტაციის ჩაბარება. ეს სახელმწიფო ვალდებულებად იქცევა და მიმაჩნია, რომ კარგია. სუბიექტივიზმი იქნება აშკარად გამორიცხული. ყველას ექნება იმის განცდა, რომ თანაბარ პირობებშია.

თქვენ ბრძანეთ, რომ ხშირად გაკრიტიკებენ გაზრდილი შტატების გამო. თქვენი პასუხია, რომ ბევრ ახალ კადრს მიეცით კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკულად მუშაობის შესაძლებლობა.

რეალურად კი, არაპროფესიონალების დანიშვნა და ზედმეტი შტატების დამატება სამუშაო გარემოს არაჯანსაღს ქმნის. ეს პროფესიონალების შრომის ნაყოფირებას და მოტივაციას ამცირებს. თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემიდან გამოსავალი?

-ჩვენ ხელშეკრულებით უმეტესად აყვანილი გვყავდა ტერიტორიულ ორგანოებში სპეციალისტები. ძირითადი შემცირებები მათ ხარჯზე მოდის. 32 შტატი უქმდება ტერიტორიული ორგანოების გაუქმების შედეგად. მაგალითად, მოლითში რწმუნებული და სამი სპეციალისტი მუშაობდა. რვა სოფელი შედის მოლითში და როგორია ამ სოფლების მდებარეობა, იცით. ასეა სხვა ტერიტორიულ ორგანოებშიც. სპეციალისტები აუცილებელია მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის. ახალი კოდექსით რჩება ერთი წარმომადგენელი ერთ ან რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. წარმოვიდგინოთ, რომ მოლითის, წიფის და ზვარეს ტერიტორიული ორგანოებიდან ერთი ადმინისტრაციული ერთეული შევქმნათ და იქ იმუშაოს ერთმა პიროვნებამ. რა თქმა უნდა, ეს ბევრად ართულებს კომუნიკაციას და ადამიანებთან ყოველდღიურ კონტაქტს. ყოველი პრობლემა, რომელიც წარმოიშობა სოფლებში, რეაგირებისათვის ოპერატიულად უნდა მოვიდეს ჩვენამდე. ამიტომ მეტი დატვირთვა მოუწევს გამგებლის წარმომადგენელს.

-ტერიტორიული ერთეულების როგორი ტიპის დამსხვილებას გეგმავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში?

-ზოგიერთ შემთხვევაში ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებზე ჩემი წარმომადგენლის იურისდიქცია შევცვალო. მაგალითად, დაბა ხარაგაულში ჩემი წარმომადგენლის იურისდიქცია, ბევრად უკეთესია ვრცელდებოდეს ჯაფარეულსა და ისლარზე. ასეთი გადაადგილებები დასაშვებად მიმაჩნია. თუმცა ამას გარკვეული პროცედურები და საკრებულოსთან შეთანხმება დასჭირდება.

2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას და შემდგომაც აღმოჩნდა, რომ ა(ა)იპ-ებს არ რჩებათ თანხა პროექტების განსახორციელებლად და მათი ბიუჯეტი მხოლოდ სახელფასოა. რა კონკრეტული გეგმები გაქვთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

-პრაქტიკულად უკვე დაწყებულია ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია და მათი გამგეობისთვის გადმოცემა. ზოგადად, ა(ა)იპ-ის შექმნის აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ მან გარკვეული პოლიტიკა უნდა წარმართოს ამა თუ იმ სფეროში და შედეგობრივი თვალსაზრისითაც მისი საქმიანობა იყოს წარმატებული. თუ განვიხილავთ, რომ ერთი წარმომადგენელი მინიმუმ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს უნდა მოემსახუროს, სადაც ძალიან რთული სამუშაოა, ა(ა)იპ-ებშიც უნდა გადახედონ იმას, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია ამ პოლიტიკის წარმართვა წარმატებულად. ყველაფერს ავწონ-დავწონით. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ა(ა)იპ-ები გავაერთიანოთ, ან თუ დასაშლელია, – დავშალოთ. მაგალითად მოვიყვან საბავშვო ბაღების გაერთიანებას, სადაც ალბათ მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს გაერთიანებაში შემავალ სუბიექტებს. შეიძლება ზონების მიხედვით დამსხვილდეს. მათ მეტი საშუალება ექნებათ საკუთარ ბედზე თვითონვე იზრუნონ და არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ გაერთიანებიდან წარმოებულ პოლიტიკაზე. გარდა ამისა, გვექნება სტრუქტურა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას. ისინი თავადაც კარგად გაზომავენ და დაითვლიან, რა საჭიროებები აქვთ. მეტად აქტიურები იქნებიან, როცა ეცოდინებათ, რომ წლის ბოლოს თავად უნდა წარმოადგინონ საკუთარი ბიუჯეტი. გაერთიანებას ჯობია, რომ ყველა საბავშვო ბაღი ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობდეს საკუთარი პრობლემატიკის გადაწყვეტაზე. ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია.

რაც შეეხება სხვა ა(ა)იპ-ებს, იქ, რა თქმა უნდა, ბევრი საკითხია დასალაგებელი. ჩვენ გვაქვს ა(ა)იპ-ები „კეთილმოწყობა,“ „დასუფთავება,“ შპს „ხარაგაული 2011“. ვფიქრობ, რომ ეს სამი სუბიექტი ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ და გვქონდეს ერთი მძლავრი ა(ა)იპ-ი, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მეორე ვარიანტია, რომ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მომსახურება გავიტანოთ შესყიდვაზე. ადრე თუ გვიან ამ გზით წასვლა მოგვიწევს, მაგრამ რისკფაქტორები არსებობს. ამდაგვარი ტიპის ტენდერებში შეიძლება გაიმარჯვონ არაადგილობრივმა ფირმებმა და ავცდეთ იმ ძირითად პრინციპს, რასაც ჰქვია ადგილობრივების დასაქმება. ფული ყველა შემთხვევაში უნდა დავხარჯოთ – ტენდერზე გავიტანთ მომსახურებას თუ ა(ა)იპ-ს დავაფინანსებთ. ორივე პრინციპი მისაღებია. თუმცა, არ გვინდა, რომ ადგილზე დაკარგონ სამუშაო ადგილები იმ ადამიანებმა, რომლებიც ოჯახისთვის სარჩო-საბადებელს შოულობენ. მთავარია, რომელი პრინციპი იქნება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული. ორიენტაცია უნდა ავიღოთ შედეგობრივი თვალსაზრისით ყველაზე კარგად დათვლილზე. ტენდერის შემთვევაში, თუ სხვა კომპანია იგივე ხარისხით მოგვემსახურება, მაშინ ვამჯობინებ, რომ ადგილობრივებმა აიღონ ხელფასი.

-წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდით იმაზე, რომ საკრებულოს სხდომები თავმჯდომარის კაბინეტში აღარ გაიმართება, აუცილებლად მოწესრიგდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოეწყობა დიდი დარბაზი, სადაც საკრებულო იმუშავებს არა ჩაკეტილ კარს მიღმა, არამედ საზოგადოების უმრავლესობის თანამონაწილეობით. როდიდან დაიწყებთ ამ საკითხზე ზრუნვას და როგორ?

-ეს საკითხი, ბუნებრივია, აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე ვერ გადაწყდება, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება გახდა მთლიანად პასუხისმგებელი მუნიციპალურ ქონებაზე. საკრებულოს სხდომათა დარბაზის მოსაწყობად რამდენიმე მოსაზრებას განვიხილავთ. მათ შორის, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არის დარბაზი და საუბარია მის მოდერნიზებაზე, რასაც საკმაო დრო დასჭირდება. ეს, ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მეორე ვარიანტია, რომ იქვე მომხდარიყო მოდერნიზება – გაერთიანდეს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი და მისაღები. მანამ, სანამ ამ საკითხს გადავწყვეტთ, გვაქვს რამდენიმე დარბაზი – მათ შორის, დეპუტატის ბიუროს დარბაზი, რომელიც გაცილებით უფრო დიდია და შეიძლება იქ მოხერხდეს სხდომების ჩატარება. იქ შეიძლება ორი ოთახის გაერთიანება. უკეთესი იქნება, საკრებულომ თავად ჩამოაყალიბოს, მისთვის სად იქნება უმჯობესი სხდომების ჩატარება და ჩვენ აღსრულებას უზრუნველვყოფთ. მოვუწესრიგებთ მათ სამუშაო პირობებს. ხალხის მიერ არჩეულ დეპუტაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პირობები და აღარ უნდა ხდებოდეს ისე, როგორც ბატონი ჯამბულ გამცემლიძე საუბრობდა წინა სხდომაზე, როცა მუხლებზე ელაგათ სამუშაო დოკუმენტები დეპუტატებს. საკრებულოს წევრებს უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ ბოლომდე დაიხარჯონ სამსახურებრივი თვალსაზრისით, ჰქონდეთ პირობები, კოორდინაცია მოახდინონ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. საკრებულომ და გამგეობამ უნდა იმუშაოს ურთიერთპატივისცემის და ხალხის ინტერესების შესაბამისად.

რა ოდენობის თანხაა დარჩენილი წლის ბოლომდე ერთჯერადი მატერიალური სოცდახმარების გასაცემად?

295 ათასი ლარი დავგეგმეთ ამ მიმართულებით, მაგრამ მაშინვე განვაცხადეთ, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და მინიმუმ 500 ათას ლარამდე უნდა გაზრდილიყო წლის განმავლობაში. ეს თანხა, 295 ათასი ლარი, დახარჯულია წლის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში ვგეგმავთ, რომ დამატებითი თანხა ჩავდოთ საბიუჯეტო ცვლილების შედეგად ამ მიმართულებით.

2015 წლის ბიუჯეტში სოცდახმარებისთვის დავგეგმავთ ერთ მილიონ ლარს. სოციალურად ორიენტირებულია ცენტრალური ბიუჯეტი და ჩვენ სრულად ვიზიარებთ ცენტრალური ხელისუფლების პრინციპს, რომ სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ.

ნინო კაპანაძე