სამი დღეა, მარნეული მკაცრი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ქვეყნის სხვა ტერიტორიისგან განსხვავებით, აქ ცენტრალური მედიისთვის მუშაობა შეზღუდულია.

ამ ყველაფერმა ადგილობრივი მედიის დატვირთვა, რომელსაც ისედაც განსაკუთრებული და გამორჩეული როლი აქვს თემის ცხოვრებაში, კიდევ მეტად გაზარდა. პარალელურად, კიდევ უფრო დამძიმდა ის დამოკიდებულებები, რაც საჯარო პირებს ადგილობრივი მედიის მიმართ აქვთ და ის სირთულეები, რასთან გამკლავებაც პატარა მედიებს ყოველდღიურად უწევთ.

კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ხანდახან თავად არის რედაქტორიც, ჟურნალისტიც, წამყვანიც და მძღოლიც, გვიყვება როგორი იყო მარნეულში კარანტინის პირველი დღეები.

⇒ დღე I – დაბნეულობა

როგორც კი გავიგეთ, რომ საქართველოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს შემთხვევა მარნეულთანაა კავშირში, უსაფრთხოებაზე ფიქრი მაშინვე დავიწყეთ. სადღაც მარტის დასაწყისში, როდესაც უკვე გაირკვა, რომ იტალია საშიში ზონაა და საქართველოში იტალიიდან ბევრი ბრუნდება,  უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გავამკაცრეთ. ამასობაში ჩვენი წყაროებიდან გავიგეთ, რომ მარნეულშიც ბევრი ხალხი ბრუნდება და ყველა მათგანი იზოლაციის წესებს არც იცავს. სადღაც 11-12 მარტს ცენტრალურ არხებზე თქვეს, რომ მარნეულში თვითიზოლაციაში 8 პირია და მათგან სამმა წესები დაარღვია. ჩვენი წყაროები სხვა ციფრებს გვეუბნებოდნენ. შფოთვის დონემ იმატა…

„რადიო მარნეულის“ ყველა ჟურნალისტი მარნეულში არ ცხოვრობს, ზოგი სოფლიდან დადის და სადღაც ერთი საათი სჭირდება სამსახურამდე. ჩვენი საჯარო ტრანსპორტი უსაფრთხო არ არის, არ არის დაცული ჰიგიენის არანაირი ნორმა, ეს არის ძველი მანქანები, რომლებიც „ძლივს სუნთქავენ“ და შეიძლება პატარა მიკროავტობუსში 30 ადამიანიც ავიდეს. გადავწყვიტეთ, რომ დროა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეთ.

ჩვენი პლიუსი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების ენებზე და ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან.

საუბარი იმაზე, რატომ არ საუბრობს მარნეულში ყველა ქართულად, ალბათ, აქ არ ღირს. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული, მას აქვს ამის უფლება და ჩვენ შეგვიძლია მას ეს შესაძლებლობა მივცეთ.

როდესაც გამოაცხადეს რომ მარნეული დაიკეტა, ჩემი შფოთვის დონე მაქსიმუმს მიუახლოვდა. ერთი მხრივ, იცი რომ უნდა იმუშაო, თუნდაც ისევ ისე, დისტანციურად, მაგრამ მეორე მხრივ, უკვე აღარ ხარ დაზღვეული, რომ შენ, ან რომელიმე შენი თანამშრომელი დაინფიცირებული არ ხართ.

ვერ ვრისკავ…
მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მძღოლს, რომელიც ამ ეტაპზე არ მუშაობს, არ ჰქონდა შეხება ვინმესთან, ვიდრე ჩაიხანები დაიხურებოდა, არ შეხვდა ადამიანს, რომელსაც აქვს კორონავირუსი. ამიტომ, ერთმანეთთან შეხვედრას ვერიდებით.

როგორ მუშაობს კამილა მამედოვა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩაკეტილ მარნეულში, უფრო ვრცლად გაეცანით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმაზე mediachecker.ge